თბილისში, მარაბდის ქუჩაზე დილის 04.00 სააათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. დამწვარია ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის მეუღლის ავტომანქანა. ბიზნესმენის განცხადებით, თავდაპირველად აფეთქების ხმა, ხოლო შემდეგ მანქანა აალდა. აალება მოხდა ავტომანქანის მარჯვენა მხარეს. როგორც ნიჟარაძე აცხადებს, აღნიშნული დანაშაული პროფესიონალების მიერაა ჩადენილი.
მარაბდის ქუჩაზე ნიჟარაძის სახლთან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერაც, თუმცა როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, ვიდეოკამერის საშუალებით ჩაწერა არ ხორციელდებოდა, მხოლოდ ქუჩის და სახლის შესასვლელი ჭიშკარის თვალთვალი მიმდინარეობდა. მომხრადთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. საქმეს შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველო იძიებს.
თავად ბიზნესმენი მისი მეუღლის ავტომანქანის დაწვას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პირად ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ბიზნესმენის განმარტებით, 2010 წელს დავით კეერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა მას ბიზნესი, ფოთის ნავთობტერმინალი ისე ჩამოართვეს, რომ მისთვის არაფერი გადაუხდიათ, გარდა ამისა, იგი მარაბდის ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ სახლში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში და სამართალდამცავები მის სახლში ცხოვრობდნენ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თამაზ ნიჟარაძემ მიმართა პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას და შსს-ს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. როგორც დაზარალებული ბიზნესმენი აცხადებს, მისთვის საინტერესოა, დავით კეზერაშვილის ყველა ბიზნესის ბიზნესმენ დავით იაკობაშვილზე გადაფორმების ფაქტებიც.
„გარკვეული ძვრები დაიწყო, რომ სიმართლე დადგენილიყო, თუმცა დაახლოებით 10 დღის წინ დავით კეზერაშვილი შვილის ფიზიკური განადგურებით დამემუქრა. ჩემი შვილი ლონდონში სწავლობს და მომიწია დაცვის დაქირავება შვილის უსაფრთხოებისთვის. მუქარები დავით კეზერაშვილმა მეგობრის, სოსო მგელაძის სახელით შემომითვალა“, - აცხადებს ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე.
თამაზ ნიჟარაძის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფინანსური პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით კეზერაშვილმა ნიჟარაძეს უკანონოდ წაართვა ბიზნესი და 50 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება.
ადვოკატის განცხადებით, ნიჟარაძემ სამართლებლივი დავის საფუძველზე, სასამართლოს გზით მოახერხა ის, რომ დავით კეზერაშვილს და დავით იაკობაშვილს დროებით შეუჩერდათ აღნიშნულ ქონებაზე, მათ შორის ფოთის პორტში და სხვა მსხვილი ობიექტებზე, საკუთრების უფლება.
„სახელმწიფომ უნდა მიმართოს ისრაელის სამართალდამცავ სტრუქტურებს და ხელისუფლებას, რათა მოხდეს დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის და პასუხისგებაში მიცემა. 2010 წელს დავით კეზერაშვილმა იძულების წესით ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისგან გაიტაცა და მიითვისა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონება. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ნიჟარაძემ სამართლებრივი გზით ამ ქონების დაბრუნებისთვის დაიწყო ბრძოლა, რის შედეგადაც სასამართლომ დააყადაღა კეზერაშვილის სარეგებლობაში, ასევე ბიზნესმენ იაკობაშვილისა და სხვადასხვა ბიზნესმენების სახელზე გადაფორმებული ქონებები“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფის მხრიდან თამაზ ნიჟარაძის ოჯახის წევრებზე, მისი ლონდონში მცხოვრები სტუდენტი შვილის მისამართით განცორციელდა სატელეფონო მუქარა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.
„რის შემდეგაც რამდენიმე დღის წინ 18 მაისს ნიჟარაძეს დაუკავშირდა კეზერაშვილის მეგობარი იოსებ მგელაძე და გადასცა დანაბარები, თუ ნიჟარაძე არ დაანებებდა თავს ამ ქონებების დაბრუნებას, ამ შემთხვევაში, როგორც მას, ისე მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
აღნიშნულის შემდეგ, ნიჟარაძის მიერ გატარებული იქნა გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, მის შვილს ინგლისში აუყვანეს დაცვა. გუშინ მივმართეთ შსს-ს და პრენიერ-მინისტრს, ინგლისში-სკორტლანდიას, ასევე ისრაელის საელჩოს საქართველოში, ვინაიდან კეზერაშვილი თავს აფარებს ისრაელს,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.
ბიზნესმენის და მისი ადვოკატის ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა, ბიზნესმენი იოსებ მგელაძე. ბიზნესმენი განმარტავს, რომ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს სასამართლოში უჩივის და მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
„მინდა გამოვეხმაურო თამაზ ნიჟარაძის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს ჩემი პიროვნების მიმართ. დღეს დილით მე გავაუქმე ყველა ჩემი დაგეგმილი შეხვედრა საზღვარგარეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დავიცვა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და პირადი ღირსება. დღესვე ვამზადებ სარჩელს თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო და მოვითხოვ ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი ზიანის კომპენსაციას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, იმედი მაქვს სამართლიანი სასამართლოსი, რომელიც არ წამოეგება ამ იაფფასიან სპექტაკლს მისი მხრიდან, რომელიც, ჩემი პირადი მოსაზრებით, თვითონვე დაგეგმა და შეასრულა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეექმნა საზოგადოებრივი აზრი ჩვენს შორის არსებულ სასამართლოზე ზეწოლისთვის. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უპრობლემოდ დაამტკიცებს მის კავშირს ამ იაფფასიან სპექტაკლთან“, - აცხადებს იოსებ მგელაძე.
მგელაძე ამბობს: „რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა ნუკრი ნიჟარაძე, თამაზ ნიჟარაძის ძმა და მისი თხოვნით შევხვდით ერთმანეთს სასტუმრო „რედისონში“. აღნიშნულ შეხვედრაზე აშკარად პროვოკაციულად გაჟღერდა აზრი, თითქოს, მე მათ ვემუქრებოდი. მე პირდაპირ ვუპასუხე, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩემი საუბრის ჩაწერის მიზნით. მიუხედავად მისი მცდელობის, რომ ჩემი მხრიდან მუქარა გაჟღერებულიყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავს მუქარას ადგილი არ ჰქონია.
ამ შეხვედრით უკმაყოფილო თამაზ ნიჟარაძე მეორე დღესვე დამიკავშირდა ტელეფონის მეშვეობით და ცდილობდა ჩემს პროვოცირებას მუქარის მიღების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვ ჩატარდეს სრული, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ყოველი ზარი, რომელიც ჩვენს შორის არის განხორციელებული ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასტუმრო „რედისონის“ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული იქნას ვიდეო ჩანაწერები, ხოლო საქმის გამოძიებისას მიღებული ნებისმიერი აუდიო, ან ვიდეო მასალა და გამოკვლეული და გამოქვეყნებული იქნას მონტაჟისა და ცვლილებების გარეშე, უწყვეტი სახით.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ თამაზ ნიჟარაძე არის ასლან აბაშიძის დროინდელი კორუმპირებული პროკურორი, უაღრესად უარყოფითი რეპუტაციის მქონე ადამიანი ბიზნეს წრეებში. მისი თაღლითური დაჯგუფებიდან რამდენიმე პიროვნება ორიოდე წლის წინ მის მიერ განხორციელებულ უკანონო კონტრაბანდულ საქმიანობასთან დაკავშირებით იყო დაკავებული, რომელსაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მიეძღვნა,“ - აღნიშნა იოსებ მგელაძემ.
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას ითვალისწინებს. დავით კეზერაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კეზერაშვილი ამჟამად ისრაელში იმყოფება. მას ისრაელის მოქლაქეობა აქვს.