სასტუმრო „Holiday Inn“-ში თავდაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემინარზე განხილვის მთავარი თემა ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების“ (Building Integrity) პროგრამა იყო, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფოს“ წარმომადგენლებმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
კონფერენციის მონაწილეებმა ტრანსპარენტულობისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება.
„სამუშაო შეხვედრის მიზანია განვიხილოთ ის კვლევა, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ აკეთებს. კვლევა, რომელიც 1 წლის წინ 82 ქვეყანაში ჩატარდა, თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობას და კორუფციისგან მის დაცულობას ეხება. სამწუხაროდ, მასში საქართველომ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო. დღეს, თავდაცვის სამინისტროს მიზანია უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს. ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. 2015 წელს ახალი კვლევა გამოქვეყნდება. გვინდა, რომ ინდექსში ჩვენი შედეგი გამოსწორდეს და სწორედ ამიტომ, გვქონდა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.“ - აღნიშნა თამარ ქაროსანიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებმა გამჭვირვალობისა და კორუფციის დაცულობის კუთხით ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარეს.