ყაზახური გაზი ყაზახური კომპანიის დაბრუნების სანაცვლოდ

ყაზახური გაზი ყაზახური კომპანიის დაბრუნების სანაცვლოდ

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახურ მხარეს დაუბრუნდება, ორმხრივი ვალების საკითხი მოგვარდება, საქართველომ კი შეიძლება ყაზახეთიდან გაზის იმპორტი განახორციელოს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ყაზახეთში ვიზიტმა ბევრი რამ გამოარკვია.

უახლოეს მომავალში “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახურ მხარეს დაუბრუნდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ საქართველოში ამ ქვეყნიდან დამატებითი ინვესტიცია შემოვა. გადაწყვეტილება თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ყაზახური მხარისთვის დაბრუნების შესახებ მთავრობამ მიიღო. კონსულტაციებში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მუშაობის მონიტორინგს ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს.

“იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებთან დაკავშირებით და მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებაა, კომპანია დაუბრუნდეს ყაზახურ მხარეს. არ მგონია, ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდეს... არსებობს კითხვები როგორც ყაზახეთის, ასევე ჩვენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ვალებთან დაკავშირებით. ეს პრობლემა არის მოგვარებადი”, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველო და ყაზახეთი სპეციალურ ერთობლივ კომისიასაც შექმნიან, რომელმაც “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ასტანაში, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ სერიკ ახმეტოვთან და ნავთობისა და გაზის მინისტრ საუათ მინბაევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საკითხის შესწავლის მიზნით თბილისში “ყაზმუნაიგაზის” დელეგაცია ჩავა. თავის მხრივ, ახმეტოვმა აღნიშნა, რომ პრობლემატური საკითხების მოგვარება შესაძლებელია.

ქართულ ბაზარზე დარჩენის სურვილი ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მინისტრმა და კომპანია “ყაზმუნაიგაზის” წარმომადგენლებაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან “ყაზტრანსგაზ თბილისთან” დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

შეხვედრაზე მხარეები “ყაზტრანგაზ-თბილისის“ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ფინანსური დავალიანების და მენეჯმენტის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. კომისიას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაკომპლექტდება კომისია.

ინვესტიციებისა და ორმხრივი ვალების გაქვითვის გარდა, ამ ყველაფერმა, შესაძლოა, საქართველოსთვის სხვა სარგებელიც მოიტანოს. საქმე ეხება ყაზახური ბუნებრივი აირის შემოტანას და მოხმარებას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული გაზის ფასი საქართველოსთვის მისაღებია, მაგრამ ენერგოწყაროებიდივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

“აზერბაიჯანული გაზის ფასი ხელშეკრულების თანახმად კომერციული საიდუმლოებაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაზის ფასი ჩვენთვის საკმაოდ კარგია. საქართველო წელიწადში 2 მლრდ კბ_მ გაზს იღებს, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კი - 500 მლნ კბ_მ-ს”, - განაცხადა მინისტრმა.

კალაძის თქმით, საქართველო აზერბაიჯანულ გაზზე უარის თქმას არ აპირებს. “აზერბაიჯანი იყო და რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად... რაც შეეხება სხვა მომწოდებლებს, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ყაზახეთიც. ალტერნატივა - ნორმალურია, ეს მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებაა”, - დასძინა მინისტრმა.