მიჰყავს თუ არა ივანიშვილს საქართველო უფრო ახლოს ნატოსთან, ვიდრე სააკაშვილს?

მიჰყავს თუ არა ივანიშვილს საქართველო უფრო ახლოს ნატოსთან, ვიდრე სააკაშვილს?

როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოსათვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოპოვებას მომავალი წლის ბოლომდე აპირებს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მან, მისი პოლიტკური მოწინააღმდეგის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, გეოპოლიტიკური ოცნების სფეროში გადაინაცვლა. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს სრულუფლებიანი წევრობისაკენ მიმავალ მტკიცე გზაზე დააყენებდა, ყოველთვის იყო სააკაშვილის „წმინდა გრაალი“, თუმცა კი ეს მიზანი სულ უფრო შორეულ პერსპექტივად იქცა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

თუმცა, მაიკლ სესირეს (ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში) მიხედვით, ივანიშვილის ხელისუფლება მართლაც ატარებს სწორედ ისეთ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ადგილს ალიანსში. გამოცემაში The National Interest გამოქვეყნებულ სტატიაში ის აღნიშნავს, რომ თავდაცვაზე გაღებული თანხების დიდი ოდენობის, ავღანეთის ომში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და გასულ წელს წარმატებული არჩევნების წყალობით, საქართველო ძლიერ კანდიდატად გვევლინება. თუმცა, რასაკვირველია, ალიანსში საქართველოს გაწევრინების საქმეში ყველაზე სუსტი წერტილი ყოველთვის იყო პოლიტიკური ასპექტი, რაც დაკავშირებულია სირთულეებთან რუსეთთან ურთიერთობებში. მაგრამ, როგორც სესირე აცხადებს სტატიაში, ივანიშვილის ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემის დასარეგულირებლად.

„ახალმა ხელისუფლებამ გამოთქვა რუსეთთან ურთიერთობების გადახალისებისათვის მზაობა და წამოიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმის პროგრამა კიდევ ერთი ომის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პოზიციის განსამტკიცებლად. აღიარა რა, რომ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღებულმა აგრესიულმა რიტორიკამ მოსკოვთან მიმართებაში ვერავითარი სარგებელი ვერ მოუტანა თბილისს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს რუსეთთან კავშირების ნორმალიზაციისათვის“.

მიუხედავად ამისა, სესირე იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში გატარებული მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს ნაკლებად აშუქებენ.

„ალიანსისა და დასავლელი ოფიციალური პირებისათვის განსაკუთრებით თვალშისაცემია დემოკრატიული პრაქტიკის გავრცელებაზე გამიზნული ძალისხმევა. თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შექმნა გამჭვირვალობაზე მომუშავე ჯგუფი და ამ საქმეში ჩართო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შუალედური ანგარიშის მოსამზადებლად. გაემიჯნა რა უწინ არსებულ პრაქტიკას, ალასანია აცხადებს, რომ ოდესღაც ბუნდოვანი ზღურბლი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ახლა უფრო მკაფიოა და მკაცრად დაცული, მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ გადადგა არატრადიციული ნაბიჯი და შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა სამინისტროზე პარლამენტის ზედამხედველობის გაზრდა. იუსტიციის სამინისტრო, კიდევ ერთი უწყება, რომელსაც გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს საზღვარგარეთ, ასევე ატარებს რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა განსაკუთრებით აღნიშნა ასეთი ინიციატივები და განაცხადა კიდეც, რომ ახალი ხელისუფლება, წინამორბედებთან შედარებით, „გარკვეულწილად უფრო მიზანმიმართულად მიიწევს წინ (ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ)“.

იქნება თუ არა ეს საკმარისი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მდგარი დაბრკოლებების გადასალახავად, თანაც მომდევნო 18 თვის განმავლობაში? რასაკვირველია, ეს არავინ იცის. თუმცა, ალბათ, უპრიანია, სერიოზულად განვიხილოთ მოსაზრება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უფრო შესაფერისი ძალაა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვიდრე მისი წინამორბედი. 

http://www.eurasianet.org/node/67034