უსაფრთხოების თემები, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარსა და საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ საკითხს რუს კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში არ განიხილავს, რათა ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს. სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტებთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებში. for.ge სწორედ ამ თემებზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძეს.
როგორ შეფასებას მისცემთ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტს?
- აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი დაფიქსირდა. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს შესაბამის ნოტას, რომელიც მალე გაიგზავნება. საქართველოს პარლამენტი რაიმე ნაბიჯს გადადგამს თუ არა არ ვიცი, ეს მათი საქმეა. ჟენევის ფორმატში იქნება ამაზე საუბარი. იქ არსებობს სპეციალური მექანიზმი, რომლის ფარგლებში ასეთი საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს და შესაძლებლობისდა მიხედვით - ამის დარეგულირება. ასე რომ, ამ შეხვედრაზე მთელი სიმწვავით იქნება ეს საკითხი განხილული.
რაც შეეხება ჩემს დიალოგს ბატონ კარასინთან, ჩვენ თავიდანვე შევარჩიეთ ჩვენი საუბრების გარკვეული თემატიკა, რადგან ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს.
გრიგორი კარასინთან შეხვედრა 4 ან 5 ივნისს პრაღაში გაიმართება და მხარეები დიალოგის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ. ჩემი დაკვირვებით ცალკეული მიმართულებებით წინსვლა ნამდვილად გვაქვს და განსაკუთრებით, სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ალბათ, ივლისში ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. ჩვენ გავივლით ამ საკითხებს და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ.
სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირების პრობლემების და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს ამ კუთხით გარღვევა არ არსებობს.
ისევე როგორს დიცსში, ანალოგიური ფაქტი მოხდა აფხაზეთშიც. იმ ფონზე, როდესაც დაწყებულია დიალოგი, პარალელურად რატომ დაიწყო რუსეთმა საზღვრების გადმოწევა?
- როდესაც ეს დიალოგი დაიწყო, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ გვქონია და არც მოსახლეობას არ ვუქმნიდით არანაირ ილუზიას ამასთან დაკავშირებით. რუსეთმა ეს რეგიონები აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და თავიდანვე ვამბობდით, რომ ვითარება არის ძალიან რთული. ჩვენ ახლა მხოლოდ ვცდილობთ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას, რომელშიც, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ მოვექეცით.
ასე რომ, არაა გამორიცხული, ასეთ კოლიზიებს ჩვენ მომავალშიც წავაწყდეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ წინდახედულად. მაქსიმალურად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია რეგიონში იმყოფება და თავად აკვირდებოდნენ ამ ვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და გამოვიყენოთ დიპლომატიური არხების მაქსიმალური.
ფაქტია, რომ საზღვრის გადმოწევის გადაწყვეტილებას საოკუპაციო ჯარის ნაწილები თავად ვერ მიიღებდნენ, თუ ეს არაა შეთანხმებული ზედა ეშელონებში...
- პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მათი თვითნებური გადაწყვეტილება, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე, აქ ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. რა დონეზე ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ამის შესახებაც შეიძლება იყოს ვერსიები, მაგრამ არა მგონია, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენთვის. მესმის ჩვენი ოპოზიციის წუხილი, რიტორიკა გასაგებია, კრიტიკაც გარკვეულწილად მისაღებია, მაგრამ, როდესაც ასეთ „მონაპოვარს“ დაგიტოვენებ, რაც ჩვენ მაგათგან მივიღეთ, ამის მოგვარება ასე უცბად არ მოხდება.
უმცირესობა გამოდის ინიციატივით, რომ დიალოგი უნდა შეწყდეს რუსეთთან, როგორ ფიქრობთ ეს არის გამოსავალი ამ ვითარებიდან?
- 23 მაისს ნატო-ს საბჭოში მქონდა გამოსვლა. როგორც გენერალური მდივანი, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დადებით მოეკიდნენ დაწყებულ დიალოგს. მიესალმებიან იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ამ 6 თვის მანძილზე და იმ სფეროებში გადაიდგა, რაზეც ჩვენ რუსეთთან ვსაუბრობთ. ასე რომ, ამ დიალოგის გაგრძელება საჭიროა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებს შევეგუოთ. ფონი ნამდვილად არაა სასურველი. დიალოგის შეწყვეტას რაც შეეხება, ან ოპოზიციას უნდა დავუჯეროთ, ან ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანს და 28 ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრია და მიესალმებიან დილოგის განახლებას. როცა ამაზე საუბრობენ, იქნებ გაიხსენონ რა დაგვიტოვეს, - ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, ძალიან ცუდი.
უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ ყოფილ ხელისუფლებას საომარი მოქმედების შედეგად მოუწია ტერიტორიების დათმობა, მაგრამ დღეს არის სხვა რეალობა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება უბრად თმობს ტერიტორიებს...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, რომ მომდევნო არჩევნებში ამ ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, შეკრიბონ მერე ჯარი და კვლავ შეებრძოლონ რუსეთს, ისე როგორც შეერკინენ 2008 წელს და თავიანთი იდეები უკეთ განახორციელონ, ვიდრე 2008 წელს.