თითქმის ყველა სამინისტრომ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს. სამწუხაროდ, არ მომხდარა მეოთხე ხელისუფლების 2010 წლის ქმედებების შეჯამება.. ანდა ვინ შეაჯამებდა? საით მიექანება ქართული მასმედია და საით მიაქანებს ის ქვეყანას? არის თუ არა ჟურნალისტი დღეს „ბრმა კნუტი“ ხელისუფლების ხელში?
გასული წლის „გრანდიოზული“ მედიამოვლენების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს გაზეთ - „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილესთან, ბონდო მძინარიშვილთან.
კიდევ ერთი წელი ჩამთავრდა და მოდი, როგორც ჟურნალისტებმა, შევაფასოთ გასული წელი. თქვენი აზრით, რა იყო მთავარი “მედიამოვლენა” 2010 წელს?
– პირდაპირ გეტყვი: ტელეინტერვიუ პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც იგი ზღვიდან ამოვიდა, წყალი წურწურით ჩამოსდიოდა და მის წინ ჩაცუცქულ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი იქ არ მივიდოდა, მაგრამ დაავალეს და რა ქნან? მეტი არც მათ მოეთხოვებათ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, როგორ “ჩოქბჯენში” იღებენ ინტერვიუს ტელეჟურნალისტები, დამეთანხმება, რომ ასეთი უხერხული კადრი იშვიათია. ეს ნახევრად ხუმრობით.
სერიოზულად კი, გასული წლის უმნიშვნელოვანეს ფაქტად მიმაჩნია “ტელეიმედის” გადაცემა “მოდელირებული ქრონიკა”. ეს იყო მსოფლიო მასშტაბის ანტიჟურნალისტიკა, რომელმაც ომგადატანილ და ხელისუფლების უჭკუობით დაზაფრულ ქვეყანაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. სხვათა შორის, ეს მოხდა არამხოლოდ “პირველად საქართველოში”, არამედ, პირველად მსოფლიოში და კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ… ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებშიც შეიტანენ იმის მაგალითად - როგორ არ უნდა მომზადდეს ტელეგადაცემა.
ბოლოდროინდელ ფაქტებსაც გავიხსენებ – როგორ სცადეს მედიის კიდევ ერთხელ გაკონტროლება, თქვენს მაგალითზე ვნახეთ ეს ყველაფერი. ახლა ინტერნეტის სრული მონოპოლიზება დაისახა მიზნად ხელისუფლებამ და, რომ შეეძლოს, სოციალურ ქსელებსაც კი მიიტაცებდა.
ხელისუფლების მხრიდან მედიის „დავერბოვკების“ გარდა, მასმედიას შიგნითაც აქვს პრობლემა. მედია - განსაკუთრებით ტელემედია - გადაივსო ჟურნალისტებით, რომლებმაც მხოლოდ ასეთი „კითხვა“ იციან – „თქვენი კომენტარი“. საგაზეთო მედიას რაც შეეხება, იქ სხვა პრობლემაა... დღეს ძნელია, იპოვნო ჟურნალისტი, რომელსაც სკოლაში გრამატიკა და შესაბამისად, გამართული წერა აქვს ნასწავლი...
-ეს იმის ბრალია, რომ ჟურნალისტობა ეადვილებათ და ჰგონიათ, რომ ცნობადობისთვის თუ გავლენის მოსაპოვებლად იოლ გზას მიაგნეს. ოცი წლის წინათ, როცა ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მეც მეგონა, რომ ყველაზე მაგარი ვიყავი და თანამდებობებიც დამსახურებულად მივიღე, მაგრამ ამ გადასახედიდან სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი “უფროსობა”. ახლა პატარა გოგო-ბიჭებს თავი სულ მცირე - ლარი კინგები ჰგონიათ და, აბა, შენიშვნა მიეცი... უწიგნურობა და, პირდაპირ ვიტყვი, უვიცობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჟურნალისტიკისთვის. ინტერვიუს მომზადება ყველაზე ადვილი ჰგონიათ და რესპოდენტთან წასვლამდე არამხოლოდ თემას არ ამუშავებენ, თვით ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვებითაც არ იწუხებენ თავს. ამიტომაც გახდნენ ჟურნალისტები უბრალოდ “მოსიარულე დიქტოფონები”. იმ რესპოდენტმაც იცის, რომ “ეს საბრალო კურდღელი” ბაიბურში არ არის და წარმატებით “აბოლებს”. ამით პროფესიის პრესტიჟი ნულს უტოლდება.
რა გამართულ წერაზე ლაპარაკობთ, ელემენტარული სასვენი ნიშნების დასმა არ იციან. გაზეთს რომ ვკითხულობ, ხანდახან მექანიკურად, თვალით “ვასწორებ” ტექსტს და აზრი ისე გამომაქვს. კიდევ კარგი, “დინოზავრები” მაინც შემოვრჩით ამ პროფესიას, თორემ, მერე გენახა ჟურნალისტიკის დონე. იმედად ისღა მრჩება, რომ ახალგაზრდებში არიან ისეთებიც, კარგი ოსტატის ხელში პროფესიონალებად რომ ჩამოყალიბდებიან.
სხვათაშორის, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საერთო ჯამში, 27 ათასზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს. სად უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები?
–ახლავე უნდა ვუთხრათ ამ ბავშვებს, რომ ვერსადაც ვერ დასაქმდებიან... მხოლოდ მათ შორის გამორჩეულებს გაუღიმებთ ბედი, ანუ რედაქტორი. ახლა ის დრო არ არის, ვიღაცის ნაცვლად თავიდან წერო მასალები. იქნებიან სტრინგერები, ანდა სადმე, სხვა სფეროში მოძებნიან თავიანთ ადგილს. კარგია თუ სწავლობენ, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო მკაცრია და კონკურენციას ვერ გაუძლებენ. ვერც ნათესაობა უშველით და ვერც მეგობრობა, უბრალოდ ამდენი ადგილი არ არის.
როცა “საქართველოს რესპუბლიკაში” ვმუშაობდი, ყოველწლიურად სხვადასხვა სასწავლებლის 50-მდე კურსდამთავრებული მოდიოდა პრაქტიკაზე. მათგან ხუთიც ვერ ამზადებდა უბრალო ინფორმაციასაც კი. არც აინტერესებდათ, მხოლოდ ცნობას ითხოვდნენ, რომ პრაქტიკა გაიარეს. აბა, იმათ უწევდათ გრძელ-გრძელი ნოტაციების მოსმენა... სანამ ინფორმაციას ათჯერ არ გადავაწერინებდი, თავს არ ვანებებდი. ბოლოს, მართალი გითხრა, დავიღალე მათთან ლაპარაკით და ვისაც წერის ნიჭი და სურვილი ჰქონდა, იმათღა ვიტოვებდი, დანარჩენები თვის ბოლოს მოდიოდნენ და მიჰქონდათ ცნობები.
ცუდ საქმეს ვაკეთებდი? რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ უნდა შემეჩერებინა ეს პროცესი? სიმართლე კი ყოველთვის ვეუბნებოდი, - თავი დაანებეთ ფუჭ ოცნებებს, გათხოვდით, შვილები გაზარდეთ, ეს უფრო საპატიო საქმე იქნება თქვენთვის-მეთქი. სხვათა შორის, მერე რამდენიმე შემხვდა და (მე აღარც კი მახსოვდა) თავად შემახსენეს, როგორ “დავაკვალიანე”.
და მთავარი კითხვა: ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ამოცანა მკითხველისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, დღეს ან ხელისუფლების საწინააღმდეგო იწერება, ანდა - სასარგებლო... ამასთანავე ჟურნალისტი არის იმ პროფესიის ადამიანი, რომელიც „თავისდაუნებურად“ მოსახლეობას კარნახობს „პოლიტგემოვნებას“, შექმნილ სიტუაციაში კი, თითქოს, ყველამ გვერდით გადავდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ანუ ვეღარ ვარჩევთ, ვინ, როდის, სად და რატომ ვაკრიტიკოთ... რატომ მივედით აქამდე?
–დრომ მოიტანა. ჩვენ და დღევანდელი პოლიტიკურ ელიტად წოდებული ადამიანები ერთად გავიზარდეთ. მიაქციეთ ყურადღება – ძველი გვარდიის ჟურნალისტებთან როგორი ფრთხილები და მოზომილები არიან რესპონდენტები. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ახალბედებთან ისინი მეტად ლაღობენ, თითქოს საკუთარი წარსულისგან თავისუფლდებიან, მაგრამ ჩვენთან ეს არ გამოსდით. ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს და კითხვასაც შევაგებებთ.
ამიტომაც გადაიყვანეს პროფესიონალი ჟურნალისტები პრეს-სამსახურებში. ისინი, განსაკუთრებით კერძო საუბრებში, პოლიტიკოსებს “თქვენობით” და “ბატონობით” არ მიმართავენ და შეკითხვების პირდაპირ დასმასაც არ ერიდებიან. ეს კი ხელისუფლებისთვის დიდი თავისტკივილია. ჰოდა, მოიყვანეს პატარები, რომლებიც ამათ თვალებში შესციცინებენ.
ერთხანს პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-სამსახურში ვმუშაობდი და კარგად ვიცოდი, ჩვენთან აკრედიტებული რომელი ჟურნალისტი ვის ინტერესებს ემსახურებოდა. სხვათაშორის, ორშაბათის ბრიფინგების წინ ხშირად მიწევდა კოლეგებისთვის იმის თქმაც, რომ თუ რომელიმე მინისტრს, ან გუბერნატორს პრეზიდენტთან შეკითხვა აქვს, პირადად ჰკითხოს, თავს ნუ აყენებინებთ და მათ ნაცვლად თქვენ ნუ სვამთ კითხვებს-თქო. კონკრეტულ გვარებს ვუსახელებდი და არც უარყოფდნენ, ანდა რა აზრი ჰქონდა უარყოფას?
ახლა ეს წარსული ამბავია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს “შეხვედრა წარსულთან” – თუკი უწინ მინისტრებს, თუ გუბერნატორებს ჰყავდათ თავიანთი “კალთის ჟურნალისტები” (ჰო, ჯიბის კი არა, კალთის, ზოგიერთი კალთაში ჯდომაზეც არ ამბობდა უარს), ახლა ყველამ ერთ “კალთაში” მოიყარა თავი.
რევოლუციის შემდეგ ერთი გაზეთის რედაქციაში ვიყავი და ჩემს მეგობრებს პირდაპირ ვუთხარი, აქამდე თუ მე ვმუშაობდი, ახლა თქვენ მუშაობთ ოფიციოზში- მეთქი. დიდად იმცხეთეს, რას ლაპარაკობო. მანამდე ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როცა მათი მოწონებული მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მთავრობის კრიტიკას შეჩვეულები დისკომფორტს განიცდიდნენ. ვუპასუხე, – ნახევრად ორსულობა არ არსებობს, ან მხარს უჭერთ ამ ხელისუფლებას, ან – არა. თქვენს გაზეთს ნეიტრალური პოზიციის დაკავება გაუჭირდება და ამას უნდა შეეგუოთ-მეთქი.
კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება: ამ ოთხიოდე წლის წინათ ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, უარი თქვა გადაცემის გაგრძელებაზე და მაშინვე გმირად გამოაცხადეს. სხვათა შორის, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაც არის. ჰოდა, როცა მისი სხვა გადაცემები გავიხსენე, ერთმა კოლეგამ მაშინვე შემომაგება, – ქრისტემ მარიამ მაგდალინელს მიუტევა და ამასაც ეპატიებაო. ჯერ ერთი, უადგილო შედარება იყო, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ქრისტემ კი მიუტევა მარიამ მაგდალინელს, მაგრამ სახარების ავტორებს იმის აღნიშვნა არ დავიწყნიათ, რა მიუტევა-მეთქი, – ვუპასუხე.
ასეა, ხელისუფლების მხარდაჭერა ერთგვარი დისკომფორტია ჟურნალისტისთვის, მაგრამ თუ მხარს უჭერ, უნდა გჯეროდეს, რომ სწორად იქცევი. არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, პოზიციისთვის დამეგმო ადამიანი. ყველას აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ გულწრფელი უნდა იყოს ამ არჩევანში. როცა ხელისუფლებას გაუბრაზდები და გაებუტები, ნუ მოირგებ წამებულის მანტიას და ნუ მეთამაშები ობიექტურობანას, რადგან ეს საზოგადოებაზე აისახება და მომავალში უფრო მეტ პრობლემას შექმნის.
ფაქტობრივად, დღეს თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, ავტომატურად ხდები ოპოზიციონერი და ჯანსაღ კრიტიკასაც კი - აღარავინ გითვლის სახელმწიფოებრივ აზროვნებაში...
-ეს გასაკვირი არ არის... სახელმწიფოებრივი აზროვნება ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება და მით უმეტეს, – ჟურნალისტს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, საქართველო ჩვენი სამშობლოა და მისი ინტერესებია უპირველესი. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, აშშ-ის რომელიმე პოლიტიკოსს, თუნდაც ყველაზე რადიკალურად განწყობილს, ქვეყნის გარეთ ელანძღოს თავისი ხელისუფლება. ვაშინგტონში ყოფნისას ამის თაობაზე ვიკითხე და იცით, რა მიპასუხეს? – ჩვენი მთავრობა ჩვენი პრობლემაა და ქვეყნის შიგნით კრიტიკასაც არ ვაკლებთ, მაგრამ უცხოეთში მისი ძაგება მიუღებელიაო.
ჩვენი ხელისუფლება რა ხვითოც არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა საქართველოს მაგალითზე ვნახოთ, რა ხდება: ძალაუფლების მოპოვების მიზნით ზოგი ვაშინგტონში გარბის, ზოგიც – მოსკოვში. ასე იყო შევარდნაძის დროსაც და ასეა დღესაც. ამიტომაც არ გვეშველება არაფერი. სანამ არ მივხვდებით, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენი პრობლემაა და ეს პრობლემა ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ, მანამდე არაფერი გვეშველება. ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, რაც ხელისუფლების წარმომადგენელსაც მოეთხოვება და უბრალო მოქალაქესაც.
სხვათა შორის კიდევ ერთი ამაზრზენი ფაქტი მახსენდება და აუცილებლად უნდა ვთქვა: აგვისტოს ომის დროს თითქმის მთელი მთავრობა ქვეყნიდან გარბოდა და პრეზიდენტი სასახლეში, როგორც ბურჯანაძე ცინიკურად აცხადებს, “მხოლოდ საკუთარი მდივნის ანაბარა იყო მიგდებული”. ანდა ბაქრაძის განცხადება რა იყო, – მტერი კარს მოგვადგა და თავი როგორც შეძლებთ, ისე დაიცავითო. აი, ეს იყო არასახელმწიფოებრივად აზროვნების უპრეცენდენტო შემთხვევები. არც არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები ჯანსაღ კრიტიკას არ იღებენ, რომ მიიღონ საკუთარი შეცდომები უნდა აღიარონ...
მთავრობა და პარლამენტარები იმაზე უნდა ფიქრობდნენ, ხვალ როგორი იქნება საქართველო და არა იმაზე, ხვალ როგორ იქნებიან საქართველოში. თუმცა, ისე ვითარდება მოვლენები, ისიც საკითხავია, იქნებიან თუ არა საერთოდ. ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, და თუ ამ პასუხისმგებლობას არ გაიაზრებენ, რამდენიმე წლის წინანდელი ტელედაჭერები გაიხსენონ, როგორ მიაცუნცულებდნენ ერთ დროს ყელმოღერებულ მინისტრებს საპატიმროში და მერე ვესპასიანეს “ღრუბლებივით” როგორ “წურავდნენ”. საიდან ჰქონდათ ის მილიონები? „ამ მინისტრებივით“ ამათაც მოეკითხებათ, ცხოვრება გრძელდება...
აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ და რა გიპასუხო – რატომ მივედით აქამდე? იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დავკარგეთ სიტყვა “მამული”, მერე “სამშობლო” ამოვაგდეთ ჩვენი ლექსიკონიდან, ხვალ სამშობლოსაც დავკარგავთ. დიდ ბოდიშს მოვიხდი მკითხველთან, მაგრამ ბოლოს მართლა ნახირს დავემსგავსებით, თუ არ მივხვდით, რომ ჩვენს გარდა ჩვენს სამშობლოს ვერავინ მიხედავს, მოვლენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს იქნება, უბრალოდ, ტერიტორია, სადაც ბიზნესი უნდა ააწყონ და იაფი მუშახელი დაიქირავონ.
რომ წუხართ, – ვეღარ ვარჩევთ, ვინ, როდის, სად და რატომ ვაკრიტიკოთო, – პასუხი თქვენსავე შეკითხვაშია: სწორედ იმიტომ ვერ ვარჩევთ, რომ ყველამ გვერდზე გადავდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. დავიბრუნოთ და თვალიც აგვეხილება. არადა, ვიქნებით ასე, ბრმა კნუტებივით.