ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში პურის ფასის სუბსიდირების საქმეში ჩაერეოდა, მაგრამ მათგან ახლა უკვე არაფერი ისმის. არადა, ფაქტია, რომ პურის ფასის შენარჩუნებისთვის ჩარევა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ მთავრობის სიჩუმის ფონზე უკვე გაძვირებაც გარდუვალია.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ისეთი მოცემულობაა, როცა ვერავინ იძლევა პურის ფასის შენარჩუნების პირობას და არც სახელმწიფოს პოზიციაზე იციან რამე - რეალურად რა ზომები გატარდება სუბსიდიასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ალბათ, სოციალური ფენებისთვის გარკვეული სუბსიდია განხორციელდება.
„ხორბლის მოსავლის წინა პერიოდია. ამ დროს ყველა ქვეყანა, ვისაც ხორბლის ან ფქვილის ნაშთი აქვთ, დაინტერესებული არიან გაყიდვით. ამ პერიოდს ტრადიციულად ახასიათებდა ფასების კლება და არა მატება, ასე იყო ყოველთვის. რა თქმა უნდა, პრაგმატულად თუ შევხედავთ სიტუაციას, ვხედავთ, რომ ორი დიდი ქვეყანა ომობს, რუსეთი და უკრაინა, რომელთა რესურსების 30%-ით მსოფლიო ბაზრები მარაგდებოდნენ.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის 2-თვიანი მარაგი აქვს, მაგრამ ერთიც და მეორეც ძვირია. საქართველოში წარმოებული 1 ტომარა ფქვილი 80 ლარი ღირს, რუსეთიდან შემოტანილი - 75 ლარი. აქედან გამომდინარე, პურის ფასი ითხოვს ცვლილებას. შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფქვილი არ გაძვირდება, მაგრამ ამის პირობას ვერავინ იძლევა. სუბსიდია უნდა დაიწყოს, სხვანაირად ფასს ვერ გავაჩერებთ. მაისიდან 20 თეთრით გაძვირდება პური, ეს არავისთვის იქნება მოულოდნელი. ალბათ, სოციალური ფენებისთვის გარკვეული სუბსიდია განხორციელდება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
შექმნილის სიტუაციის გათვალისწინებით, მაშინ, როცა ხორბლის იმპორტი შემცირებულია, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფასების ფორმირებაში წისქვილკომბინატები უკვე ნაკლებად მონაწილეობენ.
„სამწუხაროდ, ფასების ზრდა გარდაუვალი პროცესი იყო. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკობდა გაეროს გენერალური მდივანი რამდენიმე დღის წინ, მანამდე ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები. აქტიურად მიმდინარეობდა განხილვა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოში, რაზეც ასევე „ფაო“ მუდმივად ლაპარაკობს. ფაქტია, რომ პრობლემა უკრაინაში გამომდინარე ომით არის გამოწვეული.
რაც შეეხება საქართველოს, ფასების ფორმირებაში წისქვილკომბინატები უკვე ნაკლებად მონაწილეობენ. მით უმეტეს, არ ვიცით, გამოიყენებენ თუ არა სუბსიდირებას ან პურის მწარმოებლები რა მექანიზმით დაიჭერენ ფასს. სუბსიდიის მექანიზმი მზადაა, როგორიც იყო კოვიდის დროს, სამიზნე ფასი უნდა დასახელდეს მეპურეების მიერ, რის შესაბამისადაც საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
დღეს მდგომარეობით, ქვეყანაში მარაგები არის, თუმცა ნაცვლად ხორბლისა, ახლა უკვე დიდი ოდენობით ფქვილის იმპორტი ხორციელდება. მოდელის შეცვლა კი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი კონკრეტულს ვერაფერს ამბობს პურის ფასის შენარჩუნების თაობაზე და მხოლოდ ზოგად ანალიზს აკეთებს, რაც დიდწილად საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.
„დღეს მარაგები გვაქვს, მაგრამ რეალურად, მსოფლიო გადავიდა უზრუნველყოფით და გაყიდვებით სხვა დინამიკაში, ვიდრე იყო ეს ომამდე. დინამიკა შეიცვალა, იმიტომ, რომ მსოფლიოში სავაჭრო ფასების გაძვირება დაახლოებით, მერყეობს 20-დან 43%-მდე. ეს გადახდისუნარიანობაზე ძალიან მოქმედებს და დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთვრებული საქართველოთი, ყველგან შემცირდა მსყიდველუნარიანობა.
ჩვენ ომის დაწყების დღიდან, ვხვდებით იმპორტიორებს, სავაჭრო ქსელებს და ეს გრძელდება ყოველკვირეულ რეჟიმში. როგორც დარგობრივ ნაწილში, ისე ასოციაციებთან მიმართებით და მუდმივად პულსზე გვიდევს ხელი, თუ სად რა ხდება.
ხორბალთან დაკავშირებით ცოტა სხვა მოდელზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ხორბალი აღარ შემოდის, მაგრამ ხორბალი აღარ შემოვა არა იმიტომ, რომ აღარ არის მსოფლიოში, ან ვერ ვიყიდით, ხორბალი არ შემოდის იმ მოდელის გამო, რომელიც შეიცვალა. თქვენ იცით, რომ გასული წლის შემოდგომიდან რუსეთმა შემოიღო ხორბალზე ექსპორტის გადასახადი, თავდაპირველად ეს არ ეხებოდა საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს (უზბეკეთი, ყაზახეთი, სომხეთი), მაგრამ გვეხებოდა ჩვენ და თავისუფალ სავაჭრო სამყაროს. როდესაც ეს დაიწყო, პირველი ექსპორტის გადასახადი 25 დოლარი იყო, დღეს 110 დოლარია.
რომ განვმარტოთ, ექსპორტის გადასახადი რა არის, მსოფლიოში ხორბალი ღირს ხან 400-დოლარი, ხან 500 დოლარი. მაგაზე იაფად ვერ ვიყიდეთ, ყველაზე იაფი მაინც რუსეთშია, მაგრამ რუსეთი გარეთ გასატან ხორბალზე აწესებს ექსპორტის გადასახადს, ეს არის 200 დოლარზე ზემოთ გაყიდული ფასის 70%, რომელსაც არ ახდევინებს და იმაზე ნაკლებად აწვდის შიდა წისქვილებს, საკუთარი მოხმარებისთვის. ამიტომ, იქ წარმოებული ფქვილი ბევრად ნაკლები ღირს და უკვე ხორბლის ნაცვლად, ყველა ქვეყანამ დაიწყო რუსეთიდან ფქვილის გატანა.
სამწუხაროდ, ეს არ არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და წისქვილებისთვის კარგია, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არის საომარი ვითარება, როდესაც გრძელვადიანი პროგნოზები ცოტა უფრო რთულად გასაკეთებელია, სახელმწიფოს რომ შეენარჩუნებინა საფასო პოლიტიკა (ყველაზე იაფი ფქვილი შემოდიოდა რუსეთიდან), ჩვენ არ დავკეტეთ იაფი ფქვილის წყარო, რომ მოსახლეობას ჰქონდა იაფი პური“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა და ღიად დატოვა საკითხი მაისიდან პური გაძვირდება თუ არა.