დასავლეთ საქართველოს თეთრმა პეპელამ ნადრევად შემოუტია, კახეთში კი ასევე ნადრევად ჯილეხმა იჩინა თავი. ორივე რეგიონში შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გატარება დაიწყო.
ლაგოდეხში ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფელ აფენში დაავადება ჯილეხის საწინააღმდეგოდ 4000 სული შინაური ცხოველის იძულებით ვაქცინაციას ატარებს. ამის მიზეზია ის, რომ სოფელში დაფიქსირდა საქონლის ჯილეხით დაავადების 1 შემთხვევა, რომლითაც ერთბაშად 8 ადამიანი დაინფიცირდა.
საქონლის მეპატრონემ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლა დავარდნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლის ნაწილიც ოჯახში გამოიყენეს, ნაწილი კი - გაყიდეს. ვისაც კი დასნებოვნებულ ხორცთან ჰქონდა შეხება, ყველა მათგანი ციმბირის წყლულის კანის ფორმით დაავადდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი ამოიღეს 30 ოჯახიდან და შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს.
ცოტათი ადრე ჯილეხის 2 შემთხვევა დედოფლისწყაროშიც აღინიშნა. მაშინაც ახალგაზრდა მამაკაცები საქონლის ხორცთან შეხების შედეგად დაავადნენ.
სპეციალისტების განმარტებით, ზაფხულის პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა ამ დაავადების გააქტიურებით და მატებით, თუმცა კი ჯერჯერობით ზაფხული არ დამდგარა. ძირითადად, ადამიანებს დაავადება დასნებოვნებული ცხოველის ხორცთან ან ტყავთან შეხებით გადასდით. იშვიათად ხდება დაავადების გადადება სხვა ფერმერული საქმიანობით, მაგალითად, მიწასთან მუშაობის შემთხვევაში.
ციმბირის წყლული განსაკუთრებით გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს, საქონლის დაკვლისა და დამუშავების პერიოდში. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.
ბოლო დროს საქართველოს რეგიონებს სხვადასხვა დაავადები თუ პარაზიტები უტევენ. ცოტა ხნის წინ კახეთში კალიები გამოჩნდნენ, ახლა კი დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის შეტევაა.
მავნებლის გააქტიურება წელს ნაადრევად დაიწყო. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშაა სამეგრელოს და გურიის მოსახლეობა. რეგიონში მცხორვრები ადამიანები ჩივიან, რომ პეპელამ უკვე დაიწყო მწვანე ნარგავების განადგურება, განსაკუთრებით კი საფრთხე თხილს ემუქრება. თუ პეპლის წინააღმდეგ სახელმწიფო დროულად არ ამოქმედდა, წლევანდელ მოსავალს საფრთხის წინაშე დადგება.
აქამდე სურსათის უვნებლობის სამსახური არ ჩქარობდა წამლობის დაწყებას და მოსახლეობას მოუწოდებდა პირველ ეტაპზე თავად ებრძოლა მავნებლების წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო დღეებში ვითარება ძალიან გაუარესდა. ამიტომაც, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, საქმეში გაეროს განვითარების ფონდი ჩაერთო.
ამჟამად სამეგრელოს რეგიონში ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ადგილობრივების ინფორმირება და სწავლება, ასევე მოსახლეობის ტექნიკური დახმარება, მათთვის შესაწამლი აგრეგატების გადაცემა.
სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე გეგმავს ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო წამლობის დაწყებას. წლეულს არეალიც გაფართოვდება. გალში დამუშავდება სოფლები ნაბაკევი, ზემო ბარღები და თაგილონი. ზუგდიდში ხურჩა, კოკი, ორსანტია და შამგონა. გარდა ამისა, შარშანდელის მსგავსად, შეიწამლება ყველა ის ტერიტორია, სადაც თეთრი პეპლის გავრცელების კერები შეინიშნება.