დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი აკადემიაში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანოძემ აკადემიის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და 20 წლის იუბილე მიულოცა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავდაცვის აკადემიას მალე იუნკერთა სასწავლების სახელწოდება დაუბრუნდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია აკადემიისთვის და მთლიანად თავდაცვის სისტემისთვის, რადგან ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძალიან განათლებული სამხედრო მოსამსახურეების კორპუსი. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის აკადემიის მსმენელებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მათ იუნკერთა სახელი აღუდგათ, რადგან ეს აკადემია სწორედ იუნკერთა სკოლის შთამომავალია. აკადემიის თითოეულ მსმენელს ვუსურვებ, რომ ისინი ისეთი პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, როგორითაც მათი წინაპრები“ - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებიც დაესწრნენ.
დღესვე, აკადემიის ავიაციის სკოლამ უმცროს სპეციალისტთა მომზადების კურსის დასრულება აღნიშნა. სასწავლო პროცესი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
20 წლის იუბილე აკადემიას საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა და პირად შემადგენლობას ღირსების ორდენები გადასცა.