ციხის საკნის გადღაბნილი ზმანებები

ციხის საკნის გადღაბნილი ზმანებები

კიდევ ერთი გაფრთხილება და განცხადება იმისა, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოა და შესაძლებლობა იმისა, რომ კრემლმა მეორე ფრონტი სწორედ ჩვენთან გახსნას, რეალურია. ამის მანიშნებელი კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არის, რომ საქართველოში პრორუსულმა ორგანიზაციებმა ოფისები სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გახსნეს, რადგან უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე საქართველოა. მისივე განმარტებით, უკრაინაშიც გაიხსნა ასობით პრორუსული ორგანიზაციის ოფისი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დროზე დახურა.

„საქმე იმაშია, რომ საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით პრორუსული ორგანიზაციების ოფისები, მაგრამ ზელენსკიმ დროზე მიხურა, ზუსტად ასე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, რომ უკრაინას რომ მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას, მაგრამ ქართველი ხალხი არ შეძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, „ჩვენ წინ გვაქვს დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები რეგიონში და მთელ მსოფლიოში“.

„უკრაინა და მსოფლიო ამ ომში იმარჯვებენ და ამარცხებენ საქართველოს საუკუნოვან მტერს. არ უნდა დავკომპლექსდეთ… ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს დაცვის და გადარჩენის პარტია, ახლა მაინც ხომ ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი 2008 წელს და საქართველოს სხვა რეგიონები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ისედაც, დიდი რებუსის ამოხსნა არ სჭირდება იმას, ვინ შეიძლება გახდეს რუსეთის მორიგი მსხვერპლი უკრაინის შემდეგ. ეს ჩვენ უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და გასული წლის დეკემბერში რუსეთისგან კიდევ ერთი მუქარა მივიღეთ. მიხეილ სააკაშვილი ერთი მხრივ ღიად საუბრობს რუსეთისგან მომავალ საფრთხეეზე, თუმცა, მეორე მხრივ ის და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მიმართ ხელისუფლების ფრთხილ პოლიტიკას სილაჩრეს უწოდებს. უახლესი ისტორია მაინც არ გვახსენებდეს, რა მოხდა მოხდა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამის განხილვა შორს წაგვიყვანს, მივუბრუნდეთ მთავარს.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები მზარდი არ არის. როგორც მეტრეველმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები ფრთხილია, ამასთან საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო ურთიერთობა აქვს დასავლეთთან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ვართ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი, პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელიც აარიდებს ქვეყანას საფრთხეებს. რაც ვერ შეძლო სააკაშვილმა, რომ აერიდებინა 2008 წელს, ამას წარმატებით ახორციელებს „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა ომი.

რაც შეეხება პრორუსულ განწყობებს, თუკი ვინმე საქართველოში დღეს არის პრორუსული იდეოლოგიის გამტარი, ეს არის სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები. მიუხედავად ამისა, არავითარი რუსული განწყობები არ არის მზარდი და „ალტ-ინფოს“ თემაც არის თითიდან გამოწოვილი. არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება შეუძლია პოლიტიკურ ლანტშაფტზე ამ ორგანიზიამ შემოიტანოს.

ქართული ხელისუფლება დგას მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ამაზე კეთდება მათი მხრიდან არაერთი განცხადება, რომ საქართველო ღირსეულად ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში პრორუსული განწყოებების გაზრდას და ამის შედეგად მისთვის მისაღები ხელისუფლების მოყვანას სათავეში.

„რუსეთი ყოველთვის განიხილავს საქართველოზე ზეწოლას, რომ არ დაუშვას დასავლეთის გავლენა ჩვენს ქვეყანაში. რუსეთი ჯერ სინჯავს ნიადგს, რომ გააქტიუროს პრორუსული ძალები და ხელი შეუწყოს პრორუსული განწყობების გაზრდას, შედეგად კი პრორუსული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში ან არსებული ხელისუფლების მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულებას.

აქ მხოლოდ სამხედრო ქმედებებზე ვერ ვილაპარაკებთ რუსეთის მხრიდან, თუმცა ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება რუსეთმა მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ - სამხედრო შემოჭრა. უკრაინაში შეჭრა გარკვეულწილად გამოწვეული იყო იმით, რომ 2014 წლის მოვლენების შემდეგ, რუსეთი თვლის, რომ უკრაინაში, ხელისუფლების სათავეშია რუსეთისთვის მიუღებელი ძალა. შესაბამისად, რუსეთი ცდილობდა კიევის აღებას და იქ, მარიონეტული რეჟიმის დაყენებას.

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთი თვლის, რომ დღეს არსებული ხელისუფლება შედარებით მისაღებია, ვიდრე პროდასავლური ოპოზიცია. რუსეთი ცდილობს სხვა გზებით მოაქციოს საქართველო გავლენის ქვეშ.

ხელისუფლების ინტერესებში არ შედის პრორუსული მასმედიის საშუალებებზე ზეწოლის განხორციელება, რა თქმა უნდა, სამართლებრივად ეს ყველაფერი შესაძლებელია, რომ ეს მედიასაშუალებები განხილულ იქნეს როგორც სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი და დაიხუროს. ამას ხელისუფლება არ აკეთებს, რადგან მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ ფონზე, „ოცნება“ განიხილება როგორც შედარებით დემოკრატიული და პროდასავლური.

ხელისუფლებას ასევე არ აწყობს პრორუსული მასმედიის დახურვა, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს ურთიერთობა დაეძაბება რუსეთთან. ვხედავთ, როგორ სიფრთხილეს იჩენენ რუსეთთან დაკავშირებით, რადგან არ სურთ ვითარების დაძაბვა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.