ძალად რევოლუციონრები

ძალად რევოლუციონრები

ჰგვანან თუ არა ჩვენი ოპოზიციონრები რევოლუციონრებს? ეს კითხვა თავად ოპოზიციის შიგნითაც ხშირად დასმულა, მაგრამ პასუხი მათთვის საიმედო არ არის, მათ არც რევოლუციონერის ქარიზმა აქვთ, ვერც მოსახლეობის მობილიზებას ახერხებენ და ვერც თავის თავში პოულობენ ძალას, იყვნენ რობესპიერის, ჩე გევარას, ფიდელ კასტროს ტიპაჟები. ფაქტია, ოპოზიცია და მათ დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობოები საეჭვო მოძრაობებში შეიმჩნევიან, ხან კიევიდან ცდილობენ შეტევას ხელისუფლებაზე, ხან ბაკურიანიდან და საამისოდ 21-ე საუკუნის ნოუ-ჰაუს ტრენინგებს იყენებენ.

თუმცა საკუთარ წრეშიც კი მათ რევოლუციონრობას ირონიით უყურებენ და გუბაზ სანიკიძესაც უჩნდება კითხვა, „ჰგვანან ისინი რევოლუციონრებს? ოპოზიცია ხომ განულებულია?!“

„ნაცმოძრაობისთვის“ რევოლუციურ ტრენინგებში მონაწილეობა უცხო არ არის. „ნაცებმა“ თავის დროზე წარმატებით გამოიყენეს ხელისუფლების დასამხობად მოძრაობა „კმარა“. დღესაც ამგვარი ახალგაზრდული მოძრაობები გააჩნიათ, მაგრამ მათ ძირითადად საპროტესტო აქციებზე გამოსასვლელად იყენებენ და მათი მეშვეობით ხელისუფლების დამხობას ვერ ახერხებენ, რადგან „კმარასგან“ განსხვავებით, მოსახლეობის მობილიზებას ვერ ახდენენ.

რატომ არ ჰგვანან ჩვენი ოპოზიციონრები რევოლუციონერებს და რატომ გვევლინებიან ძალად რევოლუციონრებად?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენს ოპოზიციონრებს არ აქვთ ასეთი ბანალური მიზანი, რომ მაინცდამაინც რევოლუცია დაგეგმონ. უბრალოდ, აქ საუბარია პოლარიზაციის გაღრმავებაზე, სიძულვილის, ზიზღის, შიშის დანერგვაზე, კიდევ უფრო მეტ ესკალაციაზე, ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტი განხეთქილების მიღწევაზე.

„როდესაც პოლარიზაცია კრიტიკულ ზღვარს სცილდება, ეს იმის საშიშროებას ქმნის, რომ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურობას პრობლემები ექმნება, რაც ხელსაყრელი გარემოა, რომ „ნაცების“ კორპორაცია გაბატონდეს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს ტენდენცია ნამდვილად იგრძნობა. აკერმანის ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად გვძულს ერთმანეთი, გარკვეულწილად, ამ მიზანს „ნაცებმა“ მიაღწიეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავენ რევოლუციის მოსაწყობად, ისინი გეგმავენ გრძელვადიან სტრატეგიას, რომლის მიზანია დაპირისპირების გაღრმავება და კიდევ მეტი ესკალაცია. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამ დროს ერთმანეთის ატანა არ გვაქვს. აბსოლუტურად არაფერი არ გვესმის ერთმანეთის, თუნდაც უკრაინის საკითხში შეუძლებელია ჩვენს შორის თანხმობის მიღწევა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რევოლუციას არ ახდენენ ტრენინგებით, ეს აბსურდია, ამდენად, ვერც ბაკურიანში ან სადმე შეკრებით ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ შემოაკლდა რესურსები, თუ როგორ შეუტიოს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„რევოლუციას ახდენს ხალხი. თუ ხალხი გამწარდა, ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის ვერავის, ხალხი თვითონვე მოახდენს რევოლუციას. რევოლუციის წამყვანი ფიგურა, მამოძრავებელი ძალაა ხალხი, აშკარად კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, არ იციან, ახალი ბრუნვები როგორ მოიგონონ ქართულ ენაში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და აბრუნებენ „ნაცმოძრაობას“ იმის ნაცვლად, სახელმწიფოს მიხედონ. მე ვერ ვხედავ რევოლუციის ვერანაირ საფუძველს საქართველოში“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება პიტერ აკერმანს, პოლიტექნოლოგიების და „ხავერდოვანი რევოლუციების“ ამ სპეციალისტის სახელს უკავშირდება ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკებში. სწორედ ქართველი ოპოზიციონრებისა და აკერმანის მონაწილეობით შედგა ორდღიანი სემინარი ბაკურიანში, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ შულავერის კომიტეტის შეკრება უწოდა.