„ახლა შანსი გვაქვს, რომ ტვირთები ჩვენი ქვეყნის ტრანზიტით წავიდეს ევროპაში, საჭიროა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება“

„ახლა შანსი გვაქვს, რომ ტვირთები ჩვენი ქვეყნის ტრანზიტით წავიდეს ევროპაში, საჭიროა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება“

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში სატრანზიტო დერეფანზე მოთხოვნა იაზრდება. მაგალითად, ყაზახეთის მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ტვირთები საქართველოს გავლით შიტანონ ქვეყანაში.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძის თქმით, ტვირთბრუნვაზე მოთხოვნა ათაჯერ არის გაზრდილი და ეს ბათუმისა და ფოთის პორტის მუშაობაზეც აისახა. ამიტომ საჭიროა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება. მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულები არიან როგორც აზიელი, ასევე ევროპელი ინვესტორები.

რუსეთ-უკრაინის ომი შემდეგ, მოსალოდნელია მსოფლიოს ახალი წესრიგი მივიღოთ. ახალი გეოპოლიტიკური  მდგომარეობა საქართველომ როგორ შეიძლება გამოიყენოს?

- რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ომის შედეგად მიღებული შოკი გლობალურ სივრცეში ბევრი მიმართულებით აისახა. ეს არის ნავთობზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასის გაზრდა, ანუ მიწოდების ჯაჭვებია გაწყვეტილი. რუსეთიც და უკრაინაც არა მხოლოდ ენერგომიმწოდებლები, არამედ მთელი რიგი პროდუქტების წამყვანი ექსპორტები იყვნენ. ფაქტობრივად, უკრაინული პორტები ბლოკირებულია. რაც მნიშვნელოვანია, ბლოკირებულია ტრანსციმბირული მაგისტრალი, საიდანაც ტვირთები აზიიდან ევროპაში და პირიქით მოძრაობდა. ასევე ვგულისხმობ ტრანსჩინურ დერეფანსაც, რადგან ეს ძირითადი მიმწოდებელი იყო და ამ საერთაშორისო სანქციების ფონზე ჩაკეტილია.

ახლა ყველაზე კარგი შანსი გვაქვს, რომ ტვირთების მოძრაობა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გადამისამართდეს და აღნიშნული ტვირთები ჩვენი ქვეყნის ტრანზიტით წავიდეს ევროპაში. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ყაზახეთმა ხელისუფლებასთან ტვირითების გადაზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ასევე, საუბარი მიმდინარეობს ტრანსჩინური პროდუქციის მოწოდებაზეც.

შეიძლება ითქვას, რომ ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნით აბრეშუმის გზა საქართველოს გავლით დაიტვირთება?

- საქართველოში აბრეშუმის გზის დერეფნის აღდგენა ხდება. იმისთვის, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა გავატაროთ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, მათ შორის პორტებიც. არსებული პორტებით გაზრდილი ტვირთბრუნვის გადაზიდვა გაჭირდება, ამიტომ საჭიროა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება.

ომი მალე დასრულდება თუ არა, რუსეთს სანქციები მაინც არ მოეხსნება, ამიტომ შესაძლებლობა, რომელიც შუადერეფნის გაფართოებით გვეძლევა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ანაკლიის პორტი უახლოეს მომავალში ვერ აშენდება. ამ ეტაპზე რამდენად არის შესაძლებელი, რომ ბათუმისა და ფოთის პორტებმა იმუშაონ დატვირთვით?

- ფოთი და ბათუმი ამ წუთშიც დატვირთვით მუშაობს, თუმცა ტვირთბრუნვაზე მოთხოვნა ათასჯერ არის გაზრდილი. ეს საკმარისი არაა, რადგან არსებული პორტები გაზრდილ ტვირთებს ვერ გაატარებენ. ამიტომ პარალელულად, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის მოძიება. ანაკლია ახლა უნდა ავამოქმედოთ და დავტვირთოთ, რადგან ასეთი შანსი სხვა დროს არ გვექნება.

ანაკლიის პორტის ჩავარდნა არა ხელისუფლების, არამედ კონსორციუმის, იგივე ხაზარაძის პრობლემა იყო. საქართველოს დერეფნის ფუნქციის გაზრდის ფონზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობისა და ინვესტორების მხრიდან მზაობა მაღალია და მინიმუმ ექვს თვეში შეგვიძლია ამ პორტის მშენებლობის დაწყება. საქართველოს დერეფნად გამოყენება მარტო აზიის კი არა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ესაჭიროებათ. ინვესტორები, როგორც აზიელები, ასევე ევროპელებიც შეიძლება იყვნენ. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პირდაპირ ევროკავშირს ურტყამს და ტვირთების პრობლემა ევროკავშირშიც დადგა. მთავარი ეკონომიკური პრინციპი რა არის? მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას. გაიზარდა ჩვენს დერეფანზე მოთხოვნა და შესაბამისად, მიწოდებაც დიდი იქნება.

აბრეშუმის გზისა და შუალედური დერეფნის გააქტიურება გასაგებია. ასევე დასავლეთი ნელ-ნელა უარს ამბობს რუსულ გაზსა და ნავთობზე. ამის დასტურია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება. მისი განცხადებით, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება. ამ მიმართულებით როგორ შეიძლება საქართველო გამოდგეს დერეფნად და შესაძლებელია თუ არა ამ მხრივ ბაქო-ჯეიჰანის ნავსადგურის გამოყენება?

- როდესაც დასავლეთი რუსულ გაზსა თუ ნავთობზე უარს ამბობს, ის პარალელურად, ალტერნატიულ მაგისტრალს ეძებს. ასეთი ალტერნატიული და მოკლე გზა ევროპიდან აზიაში საქართველოზე გადის. ყველა მიმართულება უნდა გავააქტიუროთ, მათ შორის უნდა გამოვიყენოთ ბაქო-ჯეიჰანის გზაც. თავისუფლად შეგვიძლია არსებული ენერგო დერეფნის გამოყენება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ტვირთბრუნვა უნდა გავზარდოთ.

თუკი საქართველო ენერგეტიკულ დერეფანს გამოიყენებს, შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულები აღარ ვიყოთ?

- ენერგო თვალსაზრისით, ალტერნეტივად თავისუფლად შეიძლება აზერბაიჯანი გამოვიყენოთ.