26 მაისს მიხეილ სააკაშვილმა, მთავარსარდლის რანგში, აღლუმი ვერ ჩაიბარა, თუმცა ეს დანაკლისი მაინც აინაზღაურა და უფროს ვაჟთან ერთად ესტუმრა ავღანეთს. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ავღანეთში მისი ვიზიტის რეალური მიზეზი სწორედ სამხედრო აღლუმის ასე ნანატრი ჩაბარება გახლდათ.
პრეზიდენტისა და „აისაფის“ მისიაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საუბრის ამსახველი ვიდეო „რუსთავი 2“-მა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახეების დაფარვის გარეშე აჩვენა. პრეზიდენტი ერთ-ერთ ჯარისკაცს კითხვას უსვამდა და ისიც პასუხობდა, თუ როგორ გადაურჩა 13 მაისის ტერორისტულ აქტს, როცა თალიბები შევარდნენ ბაზაზე, თუ რამდენი თავდამსხმელი მოკლა და რა ვითარებაში. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ავღანეთში დარჩენილი ამ სამხედრო მოსამსახურეების ბედი კიდევ უფრო გაურკვეველი იქნება.
ამის მიუხედავად, უკვე სამშობლოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ავღანურ შთაბეჭდილებებშია. იმასაც აცნობიერებს, რომ მისი სიტყვით გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. თუმცა ეს თემა მისთვის ისეთივე საარაკოა, როგორც „ღრუბელ-ღრუბელ ფრენისა და რუსული ათეული ბეტეერისგან თავის დაღწევის ამბავი“.
„გუშინ, ჩვენი კონტინგენტის მეთაური მიყვებოდა იმაზე, ჩვენს წინა ჩასვლაზე ავღანეთში როგორ ესროლეს ჩვენს ვეტმფრენს, რომლითაც ჩვენ ჩავედით და როგორ ესროდნენ ყუმბარმტყორცნები იმ ბაზას, სადაც ჩვენ ვიყავით. ეს დეტალები მე არ ვიცოდი. გუშინაც, იქ რომ ვიყავით, იქ პატრულირებაზე მყოფი მანქანა ჩემი გამოსვლის პარალელურად აფეთქდა ნაღმზე და კიდევ კარგი, არავის არაფერი მოუვიდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი ჯარისკაცების. ისინი ძალიან მაგრად დგანან. არაფერი უფრო რთული არ არის პრეზიდენტისთვის, ვიდრე ჯარისკაცების გაშვება და სიცოცხლის ასეთ საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მართალია, სააკაშვილი ასეთი დეტალებით ამდიდრებს თავის ავღანურ შთაბეჭდილებებს, მაგრამ გადაცემა „კურიერი PS“-ში, 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტის ამსახველი სიუჟეტის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის გარდა ეთერში მოხვდა მასალა, რომელშიც სასადილოში მყოფი პრეზიდენტი ჯარისკაცებს ბოლო პერიოდის სამხედრო ოპერაციების დეტალებზე ესაუბრება. საუბარი შეეხება თემას, თუ რომელმა ქართველმა სამხედრომ რამდენი თავდამსხმელი მოკლა და რა ვითარებაში. მასალაში კარგად ისმის კითხვა-პასუხი და ასევე, კარგად ჩანან თავად სამხედროებიც.
ამიტომ ეთიკის ქარტია ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი ვიდეო-ფრაგმენტის ეთერში გაშვებას,რადგან ის ამჟღავნებს სამხედრო ოპერაციის დეტალებს მასში უშუალოდ მონაწილე პირების იდენტიფიცირებით. მით უფრო, რომ ამას ადასტურებენ ქართველი სამხედრო ჟურნალისტებიც, ვისაც უკვე ჰქონია ავღანეთში მუშაობის პრაქტიკა. ეს მით უფრო გაუმართლებელია, როცა ბოლო პერიოდის გახშირებული თავდასხმების შედეგად ქვეყანამ კიდევ 3 სამხედრო დაკარგა.
ამდენად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ რამდენადაც ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, გადაცემის რედაქტორებს უნდა ეზრუნათ, შეემოკლებინათ ან სრულად ამოეჭრათ მასალიდან აღნიშნული ფრაგმენტი, რათა ეთერში არ მოხვედრილიყო პრეზიდენტისა და სამხედროების საუბარი ოპერაციის დეტალების შესახებ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სთხოვს კომპანია „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას, ეთერში გასული ეს მონაკვეთი არ მოხვდეს გადაცემის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვერსიებში.
For.ge სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა.
ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი კობა ოთანაძე აცხადებს, რომ უმჯობესია, სააკაშვილმათავი დაგვანებოს და გადადგეს, რადგან სადაც ჩადის, ცუდი ფეხი აქვს და ყველგან პრობლემებს ქმნის. უფრო მეტიც, ჯერ მარტო ცხრა წლის განმავლობაში, ქართველ ერს გაუმწარა ცხოვრება და ახლაც სურს, პიარი ააგოროს, როგორც „დემოკრატიის შუქურამ“. სინამდვილეში კი, „ამ დიქტატორმა უფსკრულის ზღვარზე მიიყვანა ქვეყანა“.
„არანაირი პატრიოტი ის არ არის, საინტერესოა, ეს მშიშარა ადამიანი როგორ წავიდა ავღანეთში, ალბათ, მილიონი კაცი წაიყვანა დაცვაში. აღლუმის ჩაბარება ვერ მოახერხა საქართველოში და ახლა ავღანეთს ესტუმრა. არადა, არც ქართულ ჯარს არ სურს მისი დანახვა, არც ავღანეთში არავის სჭირდება, ყველას მოაბეზრა თავი“, - აცხადებს კობა ოთანაძე.
ამასთან, უკვირს, როგორ შეიძლებოდა ტელევიზიით იმ სამხედრო მოსამსახურეების გამოჩენა, ვინც ამ ოპერაციებს ატარებდა. მისი თქმით, დაუშვებელია, კაცს პირდაპირ ეთერში ათქმევინო, ვიღაც მოვკალი, ვიღაცას ვესროლეო. მეტიც, სულაც არ არის საჭირო იმის თქმა, თუ რამე გაგიკეთებია, რადგან ეს ყველაზე დიდი ცოდვაა და უნდა მოინანიო. მართალია, ეს სამხედროს საქმეა, მაგრამ სატრაბახო და ტელევიზიაში გამოსაჩენი აქ არაფერია.
ყოფილი პოლიტპატიმარი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი აღლუმების განცდაშია ჩაფლული, რაც მენტალურად ავადმყოფობისკენ მიდრეკილი ადამიანის საქციელია. სწორედ ამით ხსნის ექსპერტი სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლას, რადგან მას დაუკმაყოფილებლობის სინდრომი ბავშვობიდან მოჰყვება.
„ბუნებრივია, იმის გამო ჩავიდა ავღანეთში, რომ საქართველოში არ მიეცა აღლუმის ჩაბარების უფლება, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს. ამიტომ ეს მან გააკეთა ავღანეთის „აისაფის“ კონტინგენტის ფორმატში. არანაირ სამხედრო ეთიკაში ეს არ ჯდება და, ჩემი მოსაზრებით, ამით სამხედრო ეთიკის ყოველგვარი წესი დაარღვია. ავღანეთში სამხედრო მწყობრს რომ ატარებდა, რატომ არ გაითვალისწინა, რომ ეს ჩვენი სამხედროებისთვის საშიში იყო იმ ფონზე, როცა თალიბებმა გააქტიურეს ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო ოპერაციების დინამიკა, აქტიურობის ზონა გაზარდეს. იმის ნაცვლად, ეს სამხედრო ნაწილი გადასულიყო განსაკუთრებული თავდაცვის მდგომარეობაში, მათ ისეთივე საფრთხე შეუქმნეს, როგორც 42-ე ბატალიონს, რომელსაც 2008 წლის ომის დროს კონცენტრაცია გაუკეთეს, მწყობრში ჩააყენეს და შემდეგ რუსების თვითმფრინავმა მოახდინა ცხინვალთან დაბომბვა, რასაც საკმად დიდი რაოდენობის ადამიანი შეეწირა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ავღანეთში ამ ჯერზე უბრალოდ გადავრჩით. თუმცა ეს მოწინააღმდეგისთვის მშვენიერი ვარიანტი იყო, ჩვენს ბაზაზე დარტყმა განეხორციელებინა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, თალიბებმა სააკაშვილის ვიზიტის შესახებ თავის დროზე ვერ გაიგეს, თორემ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ და, სულ მცირე, საარტილერიო თავდასხმის წინაშე მაინც მოხვდებოდა ჩვენი ნაწილი. ამიტომ ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოს მტერია და ნებისმიერ სამხედრო ექსპერტს ეს ფაქტი მკვეთრად უნდა შეეფასებინა.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურების ერთგვარ „აღსარებას“ სააკაშვილის წინაშე და ტერაქტის დეტალების გამომზიურებას, სამხედრო ექსპერტი იხსენებს, რომ ცხინვალის ომის დროსაც ასე მოხდა და რამდენიმე არხი აჩვენებდა, ჩვენი შენაერთი სადაც გადაადგილდებოდა.
„გასაგებია, ამ გადაცემას უყურებენ თალიბები, მათი სადაზვერვო თვითმფრინავებიც ამას აფიქსირებენ. ამიტომ თითოეული ჯარისკაცი საფრთხის ქვეშ ჩააყენა და შურისძიების სამიზნედ აქცია, რადგან ავღანელები თავიანთი თანამებრძოლების სისხლის აღებას დააპირებენ“, - მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დიდი ხანია, სააკაშვილს აღარ აღიქვამს, როგორც პრეზიდენტს. რაც შეეხება მის ავღანეთში ვიზიტს, სესიაშვილის თქმით, ცხადია, ის პრეზიდენტია, უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი აქვს და, შესაბამისად, სრული უფლება აქვს, ჩავიდეს ავღანეთშიც, სხვაგანაც და ამაში ცუდი არაფერია.
თუმცა მორალურად, სამხედრო ექსპერტის აზრით, არ იყო ლამაზი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სიკვდილის თემაზე საუბრობდა ავღანეთში. დახურულ კარს მიღმა შეიძლება პრეზიდენტი მართლაც დაინტერესებულიყო ტერორისტული აქტის დეტალებით, მაგრამ ამის აფიშირება ამორალური ქმედების ნაწილია.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან იქ ვინც იბრძვის, ყველას აქვს ფუნქცია, დაიცვას თავი, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება. შესაბამისად, მათ უწევთ იარაღის გამოყენება და, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ასე რომ, ჯარისკაცის პროფესიისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი და სასიამოვნო, როცა პრეზიდენტი კამერების წინ ალაპარაკებს მათ სპეცოპერაციის დეტალებს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.