„ჯადოსნური რეცეპტი რომ არსებობდეს - ვიღაცას რიგგარეშე არჩევნები ან ხელისუფლების შეცვლა მოუნდეს და ეს მომენტალურად გააკეთოს, აქამდე რუსეთი პუტინს შეცვლიდა“

„ჯადოსნური რეცეპტი რომ არსებობდეს - ვიღაცას რიგგარეშე არჩევნები ან ხელისუფლების შეცვლა მოუნდეს და ეს მომენტალურად გააკეთოს, აქამდე რუსეთი პუტინს შეცვლიდა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ მის არაფორმალურ ლიდერთან ერთად, ახალ გეგმაზე გადადის და სტრატეგიას ნაწილობრივ ცვლის. ამჯერად „ნაცმოძრაობის“ მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში არჩევნების დანიშვნა, ამ ერთგვარ გეგმაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ „აქციის ნაცვლად, უნდა მოემზადონ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, სადაც ზეიმით გააცილებენ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან“.

აღნიშნულს გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მმართველ პოლიტიკურ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი ჰალუცინაციის ნაწილია.

„თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი კი „ნაცმოძრაობას“ ემიჯნება და საჯაროდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტს შედეგი ისედაც არ მოაქვს.

„მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს და ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია.

ანალიტიკურ წრეებში თვლიან, რომ საზოგადოებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის განწყობა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 10 წელია ცდილობს ხელისუფლება შეცვლას, ეს იქნება ძალისმიერი თუ არჩევნების გზით, ვერ მოხდა. ის გეგმა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი ხელისუფლებიდან წავიდა, ამუშავებს, კონკრეტული მიზანის მიღწევის წინაპირობას ვერ ქმნის. ეს ნიშნავს იმას, რომ „არჩევანი ცუდსა და უარესს შორის“, კვლავ კარგად მუშაობს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მექანიზმი იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლა მომენტალურად მოხდეს, არ არსებობს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, არც შესაბამისი განწყობა არ არის საზოგადოებაში, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თანაც, წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა და სტრატეგია არ მუშაობს.

„ოპოზიცია ამ გეგმას ამუშავებს უკვე ორი წელია. ახლა თუ ახალი ამერიკა აღმოაჩინეს, არ ვიცი, მაგრამ ქვეყაანაში მათ მიმართ დამოკიდებულება უარესეობისკენ მიდის, ვიდრე პოზიტივისკენ, ეს ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა. ამასთან, მოსახლეობაში იმის განწყობა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, არ არის. როგორ აპირებენ ამას, ძალიან მაინტერესებს. რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ ისეთი, რომ ვადამდელ არჩევნებს მიაღწიოს, უმრავლესობას დაშლის?! ჯადოსნური რეცეპტი რომ არსებობდეს - ვიღაცას რევოლუცია, რიგგარეშე არჩევნები ან ხელისუფლების შეცვლა მოუნდეს და ეს მომენტალურად გააკეთოს, აქამდე რუსეთი პუტინს შეცვლიდა და დასრულდებოდა ომი.

იმ შეხვედრაზე შეიძლება განიხილეს თეორიული ვარიანტი, მაგრამ ეს თეორია, შემდეგ პრაქტიკაში როგორ უნდა განახორციელო, თუ შესაბამისი ბაზა პრაქტიკაში არ არის?! თეორია მუშაობს მაშინ, როდესაც მისი შესაფერისი განწყობა არსებობს რეალობაში. საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ეს გასაგებია, მაგრამ ისეთი უკმაყოფილება არ არის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. საზოგადოებაში განწყობაა, რომ ჯობია ესენი იყვნენ, ვიდრე „ნაციონალები“ მოვიდნენ. ვინც ვამდელ არჩევნებს ქადაგებს, ის მართლა ოპოზიციონერია?! ასეთ ვითარებაში დაიწყო ამაზე საუბარი, ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუწყო ხელი, ეს ნიშნავს ხელისუფლების გაძლიერებას და არა დასუსტებას. თავის საწინააღმდეგოდ უფრო მუშაობენ, ვიდრე ხელისუფლების“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა, საზოგადოებაც კი გააღიზიანოს, არა თუ ეს განწყობა გააჩინოს. როგორც საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შედეგს ვერ მოიტანს.

„ხელისუფლების შეცვლის გეგმა, თან ისეთი დირიჟორის პირობებში, რომელიც მათ ჰყავდათ ამერიკიდან ჩამოყვანილი, არ იქნებოდა საარჩევნო გზით შეცვლა, მაგრამ არჩევნები შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი საიმისოდ, რომ შემდეგ დაიწყოს საპროტესტო ტალღა. არჩევნები ჩატარდეს და გაპროტესტდეს შედეგი. ამის იმედი აქვთ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გახდება საზოგადოების პროტესტის მიზეზი და ამ ტალღაზე შეძლებენ ხელისუფლების შეცვლას.

საზოგადოებაში ასეთი განწყობა საერთოდ არ არსებობს. დიდი შანსია, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს საზოგადოებაში ახლა არჩევნებზე ლაპარაკმა. არაფერი ხდება საიმისოდ, რომ ვადამდელი არჩევნების განწყობა გაჩნდეს საზოგადოებაში. ოპოზიცია მაინც თუ სცდის, ეცდება უკრაინის თემის აგორებას, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რადგან „ოცნება“ დავუშვათ, არ უჭერს მხარს უკრაინას ისე, როგორც საჭიროა. თუ ეს ლოზუნგი იქნება წამოყენებული, ვფიქრობ, აქაც მარცხი ელოდება ოპოზიციას, რადგან „ოცნების“ ჩაურევლობა კონფლიქტში, ეს პრინციპი საზოგადოების ფართო წრეებში უფრო მეტ მხარდაჭერას ნახავს, ვიდრე კრიტიკას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.