საკონტროლო გასროლა კონტროლის პალატისთვის

საკონტროლო გასროლა კონტროლის პალატისთვის

2008-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრემიები მეტწილად თანანმდებობის პირებზე ნაწილდებოდა. მათ შორის, ნათია მოგელაძეზე, თინათინ ბოკუჩავასა და ნაზი არონიაზე. ამას გარდა, კონტროლის პალატისგან ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, ლაშა ხარაზიშვილმა, რომელიც ლევან ბეჟაშვილის ყოფილ უწყებაში შტატგარეშე მოსამსახურის თანანმდებობას იკავებდა, ხელფასისა და პრემიის სახით - 87 770 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ნათქვამია - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი პარლამენტის დროებითი კომისიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელსაც for.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ 2012 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შტატით მომუშავე პირებისთვის გაცემულია 1663,3 ათასი ლარი, რაც შრომის ანაზღაურების 32,7 პროცენტს შეადგენს. მაშინ როდესაც, აღნიშნული მაჩვენებელი 2011 წელს  26,8 პროცენტს შეადგენდა.

დასკვნის მიხედვით, 2006 წლიდან დაწყებული, ფაქტობრივად მომუშავეთა რიცხოვნობის მკვეთრად კლების პირობებში, საპრემიო ფონდი (2012 წელს, 2006 წელთან შედარებით, შტატით მომუშავეთა ფაქტობრივი რიცხოვნობა 2,8-ჯერ შემცირდა, ხოლო ანალოგიურ პერიოდში საპრემიო ფონდი 4,9 ჯერ გაიზარდა) მნიშვნელოვნად იზრდება.

„კომისიის ხელთ არსებული მასალების ანალიზისას,  კონტროლის პალატაში პრემიების არამართლზომიერი განაწილების ტენდეცია გამოიკვეთა. კერძოდ, 2008-2012 წლებში, პრემიები მეტწილად კონტროლის პალატის თავმჯდომარეების, თავმჯდომარის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის ნაწილდებოდა, მაშინ, როდესაც აუდიტორები, რომელთა საქმიანობაზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, ხშირად პრემიების გარეშე რჩებოდნენ. იშვიათად კი, მათთვის საპრემიო თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იმეტებდნენ. შესაბამისად, აუდიტორების წახალისება და სტიმულირება არ ხდებოდა, რაც გარკვეულწილად აისახება კიდეც აუდიტის სამსახურის მუშაობაზე“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

პარლამენტის დროებითი კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, აუდიტის სამსახურის 10 ხელმძღვანელ მუშაკს პრემიის სახით,  347 222 ლარი დაერიცხა, ანუ, ხელფასის 105 პროცენტი.

კერძოდ, გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილეს, შოთა თარხნიშვილს დაერიცხა - 48 050 ლარი, გენერალური აუდიტორის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს 39 425 ლარი, აჭარის რაიონში კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, კახაბერ კირტავას - 37 500 ლარი, გენერალური აუდიტორის მოადგილეს, დევი ვეფხვაძეს - 36 000 ლარი,  პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ნათია მოგელაძეს - 34 315, სამმართველოს უფროსს ზვიად ხოფერიას - 32 550 ლარი, დეპარტამენტის უფროსს ნატო ზაალიშვილს - 30 512, დეპარტამენტის უფროსს ვახტანგ კეჟერაძეს - 30 500 ლარი, კაბინეტის უფროსს, ირინე მელუას - 30 000, დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ალასანიას - 28 370 ლარი, რაც კომისიის განმარტებით, 54 722 ლარით (18,7 %-ით) მეტია ყველა აუდიტორზე დარიცხულ პრემიასთან შედარებით (29 2500 ლარი ხელფასის 32%).

დასკვნის მიხედვით, 2012 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, საერთოდ არ აუღიათ პრემია მთავარ აუდიტორებს - ვალერი სანაიას, გიორგი ჩახვაძეს, ნოდარ ვეკუას, გიორგი შურღაიას, პაპუნა ხოფერიას, მაია ქობალიას, ქართლოს სახვაძეს, მურმან დარახველიძეს, გიორგი შურღაიას, თეიმურაზ გოდუაძეს, ვიქტორ გელენიძეს, ზვიად კობახიძეს, აუდიტორ-ასისტენტებს - კახა კუპრავას, ნიკოლოზ სხულუხიას, ვაჟა კაკაბაძეს, ლაშა დალაქიშვილს, ალექსანდრე გაგუას, თუმცა, 200 ლარი ჰქონდათ დარიცხული აუდიტორებს - ნინო ამირანაშვილს, მანანა ღვინაძეს, მაკა დიხამინჯიას, ზოია შიშინაშვილს, მეგი კოდოშვილს, ანა ალავერდაშვილს, ელენე ელიზბარაშვილს, თამარ ფირცხალაურს, ლალი სეხნიაშვილს, ლია გუჯაბიძეს და ა.შ

კომიისის შეფასებით, ამ ფონზე 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში (7 თვეში) დარიცხულ ხელფასებზე მეტი პრემია ასევე გაცემულ იქნა თავმჯდომარის მოადგილეზე, თინათინ ბოკუჩავაზე - 10 500 ლარი, თავმჯდომარის მრჩეველზე ლალი თვარაძეზე - 14 200 ლარი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი კეკელიშვილზე - 11 760 ლარი, უფროსს აუდიტორზე, ზურაბ მაისურაძეზე - 14 620 ლარი, აუდიტორზე,  ნინო ყიფიანზე - 10 200 ლარი, აუდიტორზე, ცირა ლაშქარავაზე -  7200 ლარი, უფროსს სპეციალისტზე გიორგი არსენაშვილზე - 11 700 ლარი, აპარატის უფროსზე, ნაზი არონიაზე - 13 400 ლარი, სამსახურის უფროსზე, გიორგი თარაშვილზე - 16 500 ლარი, თავმჯდომარის თანაშემწეზე, ლუიზა მაკაროვაზე - 15 700  ლარი.

დასკვნის თანახმად, 2012 წლის მაისში კონტროლის პალატაში 217 თანამშრომელი მუშაობდა, მათ შორის 88 აუდიტორი. პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, ამ პერიოდში პრემია  84-მა თანამშრომელმა მიიღო (სულ თანხობრივად 122 610 ლარი) მათგან აუდიტორი კი,  მხოლოდ 11 იყო, რომლებმაც თანხობრივად საერთო ჯამში 10 175 ლარი მიიღეს, რაც მთლიანად გაცემული პრემიის თანხის მხოლოდ 8,3%-ია.

ამასთან, დასკვნის გათვალისწინებით, კონტროლის პალატის ოთხივე მოადგილემ მაისში პრემიის სახით  - 13 650 ლარი მიიღეს, (შოთა თარხანიშვილმა - 4650 ლარი, თინათინ ბოკუჩავამ - 3000 ლარი, გიორგი ლაცაბიძემ - 3000 ლარი, დევი  ვეფხვაძემ - 3000 ლარი), 3475 ლარით, ანუ 34%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.

დასკვნის მიხედვით, იმავე პერიოდში, თავმჯდომარის კაბინეტის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 10 600 ლარი.  ასევე, მაისში პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის ყველა თანამშრომელმა პრემია ხელფასის 100%-ის ოდენობით მიიღო, სულ 25 025 ლარი, მათ შორის ამ სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ - 2500 ლარის ოდენობით.

დროებითი კომისიის შეფასებით, პრემიები სხვა დეპარტამენტებსა და სამსახურებში არაპროპორციული და შესრულებული სამუშაოების გარეშე ნაწილდებოდა. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, 2012 წლის მაისში, ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ნაზი არონიამ პრემიის სახით მიიღო 2200 ლარი, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება ამავე დეპარტამენტის 30 თანამშრომელის მიერ მიღებულ პრემიას, მაშინ როცა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსურლებელსა და არცერთს, დანარჩენი 11 სპეციალისტიდან პრემია არ მიუღია, ხოლო 19 აუდიტორს შორის, მხოლოდ ერთმა უფროსმა აუდიტორმა მიიღო 850 ლარის ოდენობით.

ნაზი არონიასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი დეტალიც, კერძოდ, დასკვნის გათვალისწინებით, 2012 წლის 20 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ნაზი არონია იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა, ლევან ბეჟაშვილის ბრძანება გამოიცა, რომლითაც, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის ნაზი არონიაზე ერთდროულად ფულადი ჯილდოს სახით, 2200 ლარი გაიცა. გარდა ამისა, 2012 წელს ნაზი არონიას ბინის ქირა სახელმწიფოს 4500 ლარი დაუჯდა.

კომისიის მიერ დადებულ დასკვნაში განსაკუთრებით აღსანიშნავია უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მიერ 2012 წლის 9-13 ივლისს 17 სახელობითი ბრძანების გამოცემა - „სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის“ თანამშომლებზე ფულადი ჯილდოს სახით პრემიების გაცემის თაობაზე. კერძოდ, დასკვნის თანახმად, პრემიები 17 თანამშრომელმა მიიღო. მათ შორის თამარ ჩხაიძემ - 2500, გიორგი ლაცაბიძე - 3000 ლარი, კახაბერ კირტავამ 2500 ლარი, ნათია მოგელაძემ - 2500 ლარი, ირინე მელუამ - 2500 ლარი, ლუიზა მაკაროვამ - 2500 ლარი, ვახტანგ კეჟერაძემ - 2500 ლარი, ნატო ზაალიშვილმა - 2500 ლარი, მარიკა ნაცვლიშვილმა - 2200 ლარი, გიორგი ალასანიამ - 2500 ლარი, ზურაბ მაისურაძემ - 1700 ლარი, ზვიად ხოფერიამ - 1900 ლარი, ნინო ყიფიანმა - 2500 ლარი, ლალი შალიკაშვილმა - 1000 ლარი, გიორგი არსენაშვილმა 1300 ლარი, გია ნადარეიშვილმა - 1500 ლარი, ფატი მამიაშვილმა - 1000 ლარი, გიული ჩოხელმა 1500 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე თვეში, 20 ივლისს, ლევან ბეჟაშვილმა გამოსცა კიდევ ერთი ამჟამად უკვე საერთო ბრძანება - „სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის“  თანამშრომელთათვის პრემიის გაცემის თაობაზე და 78 თანამშრომელზე 120 983 ლარი გაიცა. მათ შორის, პრემიები განმეორებით გაიცა ზემოთაღნიშნულ 17 თანამშრომელზეც, რომლებმაც რამოდენიმე დღის წინ  სოლიდური თანხები მიიღეს. თუმცა, მეორედ გაცილებით დიდი თანხები მიიღეს - ირინე მელუამ - 3750 ლარი, კახაბერ კირტავამ  3750 ლარი, ვახტანგ კეჟერაძემ - 3500 ლარი და ზვიად ხოფერიამ - 2850 ლარი, ხოლო დანარჩენებმა იგივე ოდენობის თანხები მიიღეს, რაც პირველ ჯერზე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ასკვნის, რომ 9-13 ივლისს, ზემოაღნიშნულ 17 თანამშრომელზე პრემიის სახით სახელობითი ბრძანებებით გაიცა - 36 100 ლარი, ხოლო იმავე თვეში, 20 ივლისის საერთო ბრძანებით, დამატებით  38 250 ლარი, ანუ სულ, ივლისში მათ  74 350 ლარი მიიღეს.

კომისიის პოზიციით, პრემიის თანხები არამართლზომიერად - გაიცა, განსაკუთრებული მიღწევების გათვალისწინებისა და არგუმენტირებული საფუძვლების ჩვენების გარეშე. მაშინ, როცა შტატში რიცხული 209 მოსამსახურიდან, პრემია  მხოლოდ 79-მა მიიღო, ანუ, ფაქტობრივად, მთელი პერსონალის მხოლოდ 38%-მა. ზოგიერთ თანამშრომელს კი, 2012 წლის იანვარ-ივლისში არცერთ თვეში პრემია საერთოდ არ მიუღია.

საგულისხმოა ისიც, რომ კომისიის დასკვნაში შტატგარეშე მომუშავეებზეც არის საუბარი. დასკვნის თანახმად, 2008-2012 წლებში, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა შტატგარეშე მომსამსახურის შრომის ანაზღაურება. კერძოდ, დოკუმენტით, აღნიშნული მაჩვენებლის საკასო ხარჯი 2008-2012 წლებში 152,5 ათასი ლარიდან 758,5 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში არსებულ სამინისტროებს შორის.

აღსანიშნავია ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც კომისიის დასკვნით გახდა ცნობილი. კერძოდ, თურმე, 2009-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლაშა ხარაზიშვილი მუშაობდა, რომელიც შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობას იკავებდა და ამავდროულად, კომისიის შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმათა დარღვევით, ტელეკომპანია „იმედში“ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებდა.

„აუდიტის სამსახურში მას ხელფასისა და პრემიის სახით სულ მიღებული აქვს - 87 770 ლარი, საიდანაც ხელფასი 55 070 ლარია, ხოლო პრემია - 32 700 ლარი. კომისიას ვერ მიეწოდა რაიმე მასალა აუდიტის სამსახურში მუშაობისას ხარაზიშვილის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო კომისიას მიაჩნია, რომ საკითხი სამარლთალდამცავი ორგანოების სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს“, - ნათქვამია დასკვნაში.

ამას გარდა, ხარაზიშვილის მსგავსად, კომისიას ვერ მიეწოდა ასევე მასალები მარინე მაზანაშვილის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებაც.

„ასევე პასუხი ვერ მივიღეთ მაზანაშვილზე, რეალურად, მას თუ რისთვის მიეცა 3636 ლარი“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დოკუმენტში საუბარია ბოლო 6 წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯებზეც. კერძოდ, დასკვნის თანახმად, კონტროლის პალატაში ხელფასებზე - 22,7 მლნ ლარი გაიცა, პრემიებზე - 6,9 მლნ ლარი, შტატგარეშეთა მომუშავეთა ანაზღაურებაზე - 2,6 მლნ ლარი, მივლინებებზე - 1,1 მლნ ლარი, პირადი მომსახურების ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე - 1,8 მლნ ლარი,  წარმომადგენლობით ხარჯებზე - 870 ათასი ლარი, ხოლო შენობების რემონტზე, ავეჯისა და ტრანსპორტის შეძენაზე  - 18, 2 მლნ ლარი.

ფაქტია, რომ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნება. თუმცა, ყოფილ ჩინოვნიკებს, ეს მოუწევთ, რადგან დასკვნაზე მსჯელობა პარლამენტშიც გაიმართება. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ეს დოკუმენტი დროებითი კომისიის მიერ ოფიციალურად არ არის დამტკიცებული, რადგან კომისიის შემაჯამებელი სხდომა, რომელიც 21 მაისს უნდა გამართულიყო, კვორუმის გამო ვერ ჩატარდა.  კერძოდ, სხდომას უმცირესობის რიგი წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, უმრავლესობიდან კომისიის წევრები იყვნენ - ნოდარ ებანოიძე, კარლო კოპალიანი, თამაზ მეჭიაური, ნანა ყეინიშვილი, გელა სამხარაული, უმცირესობიდან - გიორგი ვაშაძე, ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი - ენზელ მკოიანი. კომისიამ აუდიტის ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფი მუშაობას 2013 წლის 11 იანვარს შეუდგა და მასზე მუშაობა 20 მაისს დაამთავრა.