უმძიმესი და გადამწყვეტი ბრძოლები მარიუპოლისთვის - მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე და 300 სპარტანელად ქცეული „აზოვის“ პოლკი რუსების მოგერიებას ამ დრომდე ცდილობს. აგრესორი რუსეთი „აზოვსტალის“ განადგურებას ყველანაირი იარაღით ცდილობს. რატომ არის პუტინისთვის ქალაქი მარიუპოლი ასეთი პრინციპული, რომლის ხელში ჩასაგდებად ნებისმიერი იარაღის გამოყენებაზე უარს არ ამბობს? ბოლო ცნობებით ქალაქის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული „აზოვის“ ბატალიონის და იქ მყოფი შვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად რუსებმა სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერი ბომბები გამოიყენეს. ბოლო ინფორმაციით ნანგრევებში 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა მოყოლილი. მათ გამოყვანას კი მებრძოლები ცდილობენ.
ქარხანას, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ათასამდე ბავშვი, ქალი და მოხუცია, ავიაციის გარდა ბოლო 24 საათია ესვრიან ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან.
დროის ათვლა დაწყებულია, არავინ იცის, რამდენ ხანს გაუძლებს კიდევ „აზოვსტალის“ გვირაბები მრავალტონიან ბომბებს და განუწყვეტელ იერიშს.
მეტალურგიულ კომბინატზე მორიგი შტურმი რუსებმა, გამოცხადებული „სიჩუმის საათებშიც“ კი განახორციელეს. ტერიტორია იბომბება უძლიერესი, ე.წ. ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით, რომელსაც ბეტონის კედლების გარღვევა შეუძლია. კედლების მიღმა კი, „სამას სპარტანელად“ წოდებული სამხედროების გარდა, ათეულობით ბავშვია.
სამტონიანი ბომბების ჩამოგდება ცოტა ხნის დაადასტურა „აზოვის“ ერთ-ერთმა მეთაურმაც, რომელიც აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრებულ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს მოუწოდეს, რომ იარაღი დაყარონ და ტყვედ ჩაბარდნენ. როგორც პალამარის სიტყვებით ირკვევა, მათ მოწინააღმდეგის ეს შეთავაზება არ მიიღეს.
მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს დანებება რუსეთის თავდაცვის უწყებამ მანამდეც მოსთხოვა, თუმცა მათ ეს შეთავაზება უარყვეს.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქიდან ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა მოითხოვა, ვინაიდან, მათი განცხადებით, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, თუმცა ასეთი კორიდორი არ გაიხსნა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ქალაქი მარიუპოლი მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინელებისთვის ასევე რუსებისთვის. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ მარიუპოლი აზოვის ზღვაზე გასასვლელი საპორტო ქალაქია, რომელიც რუსებს აზოვის ზღვის სრული კონტროლის საშუალებას მისცემს. იქიდან მთელი უკრაინის ექსპორტ-იმპორტის 30% ამ ქალაქის მეშვებოით ხდება.
„მარიუპოლი სამრეწველო აგრომელიორაციული ქალაქია, სადაც 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. უკრაინისთვის ამ ქალაქს ყველაზე მძლავრი და შემკვრელი სამრეწველო პოტენციალი აქვს. მარიუპოლში არის მნიშვნელოვანი საწარმოები, როგორიც არის მცირე მეტალურგიის, სამთოქიმიური და სამთო გადამამუშავებელი კომბინანტები. ფაბრიკა, რომელიც ქვა-ნახშირის ანუ შავი მეტალურგიის გადამუშავებას ახდენდა. მარიუპოლი უკრაინის ეკონომიკის 5%-ს ქმნის. რაც შეეხება სამხედრო სტრატეგიულ დანიშნულებას, პუტინი თუ მას აიღებს, ეს დონეცკის რეგიონის, ფაქტობრივად, მეორე ქალაქია.
ასევე მას დონბასისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დატვირთვა აქვს. ბუნებრივია, თუ მარიუპოლი დაკავებული იქნება, დონბასისთვის ბრძოლაში რუსებს უფრო მეტი სტიმული მიეცემათ. მეორე მომენტია, ამ ქალაქის დაკარგვით უკრაინა აზოვის ზღვაზე სამხედრო საზღვაო ძალების საყრდენს კარგავს. რუსები აზოვს საკუთარ აკვატორიად გამოაცხადებენ და აზოვის ზღვაში რა შეიარაღებას შეიტანენ ღმერთმა იცის. რა თქმა უნდა, მარიუპოლიდან მოხდება ოჩაკოვაში დარჩენილი უკრაინული სამხედრო ძალების განიარაღება. ამ ქალაქის დაკავების შემთხვევაში რუსებს ოდესის მიმართულებით სარაკეტო საჰაერო დარტყმების განხორციელება გაუადვილდება“, - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით, მარიუპოლის აეროპორტის ხელში ჩაგდებით, რუსები სამხედრო საჰაერო ძალების ამოქმედებას დაიწყებს, რომლის საშუალებითაც სადესანტო ნაწილების გადასროლას სამხრეთ უკრაინაში კიდევ უფრო ადვილად შეძლებს. დონბასში რუსები მარიოპოლის დაკავების შემთხვევაში სამხედრო ძალებს კიდევ უფრო ადვილად და მარტივად გადასხამს.
რაც შეეხება „აზოვსტანის“ ქარხანას და მის ირგვლივ ბოლო საათში განვითარებულ მოვლენებს, ესაა ქალაქი ქალაქში, რომელიც სტრატეგიულად უკრაინელებისთვის ძალიან კარგი თავშესაფარია. მათ ასეთ პირობებში წინააღმდეგობის გაწევა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ. ამიტომაც იძულებულია პუტინი, რომ ამ ნაბიჯზე წავიდეს. დასავლეთის მხრიდან ამაზე გაფრთხილება იყო, მაგრამ პუტინს ეს არ აინტერესებს. ამიტომაც ქიმიური იარაღის და ვაკუუმ ბომბების გამოყენების გარდა, სხვა გზა არ აქვს. ანგრევს ქალაქს, მაგრამ „აზოვის“ ბატალიონს ვერაფერს უშვრება. ამიტომ გამწარებული უფრო და უფრო შორს მიდის.
„რუსეთს ბუჩის და ირპენის ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ დასაკარგი არაფერი აღარ აქვს. პუტინმა გენოციდი უკვე მოაწყო, ამიტომაც ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და არაფერს მოერიდება. რუსეთს დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვეტილი აქვს. როგორც ჩანს, პუტინი მიდის ვა-ბანკზე და ნატოს ეუბნება „თუ ბიჭი ხარ“ ომში ჩაერთე. არაა გამორიცხული, რომ ცდილობდესს ალიანსი ამ ომში ჩაითრიოს, რათა შემდეგ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ის არათუ უკრაინას ებრძვის, არამედ დასავლეთს. მისი ბრალდებები რეალური იყო და დასავლეთს რუსეთის განადგურება უნდა. პუტინი ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო მობილიზაციას გამოაცხადებს და მოსახლეობასთანაც გასამართლებელი პასუხი ექნება. ასევე თუ ომი წააგო, იტყვის, რომ მას დასავლეთი ებრძოდა.
თუ რუსებმა ეს ციტადელი „აზოვსტალის“ ქარხანა ვერ აიღეს, მაშინ მარიუპოლი აღებულად ვერ ჩაითვლება. როგორც ჩანს, ასევე იმ ქარხანაში საკმაოდ სერიოზული თანამდებობის პირები არიან - სამხედრო მაღალჩინოსნები, რომელთა ხელში ჩაგდება რუსებისთვის დიდი პრივილეგიაა, უკრაინელებისთვის პირიქით - კატეგორიულად დაუშვებელია. საქმე კი იმაშია, რომ პუტინი ქარხნიდან ამ ხალხს თუ ვერ გამოიყვანს, მათ ვაკუუმ ბომბებით ცოცხლად დამარხავს, რასაც აკეთებს კიდევაც“, - აცახდებს მაისაია.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინისთვის ახლა მნიშვნელოვანია ეს ქალაქი აიღოს, რადგანაც მას როგოც პოლიტიკური, ასევე სამხედრო სტრატეგიული დატვირთვა აქვს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტს მოსახლეობისთვის სათქმელი ექნება, რომ რაღაცის აღება შეძლო. მით უმეტეს ეს არის რუსულენოვანია ქალაქი, რომლის დაკავებაც პუტინისთვის უკვე პრინციპის საკითხია. მეორე მხრივ, აზოვის ზღვის სრულიად ჩაკეტვას შეძლებს და უკრაინელებს ზღვას საერთოდ წაართმევს.
„მარიუპოლი, პირველ რიგში, საპორტო ქალაქია და რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მათ უნდათ, რომ ზღვა მთლიანად დაიკავონ და უკრაინა მოწყვიტონ. მეორე - ეს არის რუსულენოვანი ქალაქი და რუსებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მესამე იქ არის აზოვის ბატალიონი, რომლის გამოც პუტინი უკრაინელებს ნაცისტებს უწოდებს. პუტინისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარიუპოლის აღება, თან ამ ქალაქის დაკავებით რუსებს ნიკოლაევისკენ გზა ეხსნებათ. პუტინი გამწარებულია იმის გამო, რომ რუსულენოვანი ქალაქები ხარკოვი და მარიუპოლი ვერ აიღო. ამიტომ მათზე უარს არ იტყვის და ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს ორი ქალაქი დაეცეს. ძალიან მძიმე სიტუაციაა და პუტინი საბოლოო მიზნამდე ახლოს არის. თუმცა ამით ომი არ სრულდება და უკრაინელები სხვა ფრონტზე ბრძოლას არ დათმობენ. ამით არაფერი არ მთავრდება. უბრალოდ, ფსიქოლოგიურად უკრაინელებისთვის ამ ქალაქის დაცემა ძალინ მძიმე იქნება“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.