„უკრაინაში გამგზავრებას სააკაშვილთან კონსულტაცია რად უნდოდა?! „გადავწყვიტე“-ს ნაცვლად „სააკაშვილთან კონსულტაცია გავიარეო“ - მარგველაშვილმა თავი დაიმცირა“

„უკრაინაში გამგზავრებას სააკაშვილთან კონსულტაცია რად უნდოდა?! „გადავწყვიტე“-ს ნაცვლად „სააკაშვილთან კონსულტაცია გავიარეო“ - მარგველაშვილმა თავი დაიმცირა“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციაში ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შევიდა. თუკი აქამდე მარგველაშვილი „ნაცების“ აქციებზე ჩნდებოდა, ახლა უკვე ამ პარტიის წევრებთან ერთად უკრაინაშიც გაიპარა. ომში ჩართულ ქვეყანაში ჩასულმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში გამოგზავრებამდე კონსულტაციები მის წინამორბედთან, მიხეილ სააკაშვილთან გაიარა. ყოფილი პრეზიდენტები ახლა კი დამეგობრდნენ, მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდში  სააკაშვილის შეწყალება აზრად არ მოსვლია.

რატომ მიდიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები „ნაციონალებთან“, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ამ ნაბიჯით თავი დაიმცირა.

„ამის მიზეზი არის ის, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქციეს, მაგრამ იმის ძალა არ ეყოთ, რომ ცალკე დამდგარიყვნენ, წავიდნენ და ურთიერთობის გაღრმავება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაიწყეს მაშინ, როდესაც მარგველაშვილს და ექს-პრემიერ გახარიას, ორივეს შანსი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა დაემკვიდრებინათ. ვიდრე ეს ბოლო პოლიტიკური ეტაპი დადგებოდა, წარსულში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ერთიც კრიტიკულად იყო განწყობილი და მეორეც, ახლანდელი შეტრიალება კი როგორც საკუთარი თავის ღალატი, ისე აღიქმება.

მიჭირს იმ აზრის გაზიარება, რომ მათ თანამდებობის დაკავება სურთ. ორივეს მაღალი თანამდებობა ეკავათ და მეტი რა უმაღლესი თანამდებობა უნდათ? მარგველაშვილს პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა და შეიძლება ახლა რამეს ეძებს, თუმცა გახარიამ პრემიერობის პორტფელი თავად დატოვა. ეს მაშინ გააკეთა, როდესაც არავინ უპირისპირდებოდა. ამიტომ, მისი საქციელი სრულიად გაუგებარია. დღეს კიდევ უფრო გაუგებარია მისი საქციელი - იმისთვის დატოვა პრემიერობის პორტფელი, რომ შემდეგ „ნაცებისგან“ მიიღოს იგივე პორტფელი?! ეს არის გაუგებარი“, - განუცხადა რამაზ საყარელიძემ for.ge-ს და ყოფილი პრეზიდენტების კოაბიტაციას ასე ხსნის:

„ეს სიტუაცია ცოტა კომიკურად გამოიყურება. გაუგებარია უკრაინაში გამგზავრებას სააკაშვილთან კონსულტაცია რად უნდოდა? ამ ადამიანებს დამოუკიდებელ ფიგურებად ყოფნა გაუჭირდათ. „მე გადავწყვიტე და მივდივარო“, ამას ვერ ამბობს და „სააკაშვილთან კონსულტაცია გავიარე და მივდივარო“. პოლიტიკოსისთვის ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს, როდესაც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. მინიმუმ, მარგველაშვილმა საკუთარი გამონათქვამების გამო თავი დაიმცირა. კიდევ უფრო დაიმცირა იმით, რომ ბევრი რამ გაუგებარი გახადა. კერძოდ, სხვადასხვა სივრცეშია სამივე პრეზიდენტი (ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, სააკაშვილი), ან სამივე ციხეში უნდა ჩაჯდეს, ან სააკაშვილიც გარეთ უნდა გამოუშვან. სხვანაირად მათი ერთად შეკვრა როგორ უნდა მოხდეს? ამასთან სამივე სხვადასხვა ამპლუისაა, მოკლედ მორიგი დომხალი და არეულობაა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალებთან“ ურთიერთობას მისივე კომპლექსით ხსნის და დასძენს, რომ ის საკუთარ თავში რეალიზებას ვერ ახდენს და ცდილობს საზოგადოებას რაღაც ასე დაუმტკიცოს.

„მარგველაშვილის „ნაციონალებთან“ ურთიერთობა შეიძლება აიხსნას ასე - ეს არის კომპლექსიანი ადამიანის პრობლემა, როდესაც ადამიანი რეალიზებას ვერ ახდენს და საკუთარ თავშივე პრობლემას ხედავს. მათ ისეთი პოლიტიკური წონა არ აქვთ და ახლა ყველანაირად ცდილობენ, საკუთარ თავს გადააბიჯონ და ცდილობენ, საზოგადოებას რაღაც დაუმტკიცონ. რეალურად, ორივე „ქართული ოცნების“ გუნდის ნაწილი იყო. ეს გუნდი ახლა მმართველი ძალაა და ზოგ-ზოგიერთებს ეგონა, რომ ამ გუნდში ავტორიტეტი თავად იყო და თვითონ წარმოადგენდა ზემდგომ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება თვალდახუჭული ენდობოდა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება იმ გუნდს ენდობა, რომელმაც მოცემულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანს თანამდებობა ანდო. სხვა საკითხია მათ თანამდებობები როგორ გამოიყენეს. თანამდებობები როგორც კი დატოვეს და გუნდში თავიანთი რესურსი ამოწურეს, ეს ადამიანები ძალიან მალევე დაპატარავდნენ და კომპლექსებით აივსნენ. იმ კომპლექსით, რომ საკუთარ თავს ვერ აჯობეს და ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებაში რეალიზებულები დაბრუნდნენ“, - განუცხადა ქადაგიძემ for.ge-ს.