„ამ ხალხს გულაგის გარეშე უყვარს ბელადი, საშინელებაა მონობა ხელკეტის ქვეშ, მაგრამ უფრო დიდი საშინელება მონობა ხელკეტის გარეშე - ნებაყოფლობითი მონობა“

„ამ ხალხს გულაგის გარეშე უყვარს ბელადი, საშინელებაა მონობა ხელკეტის ქვეშ, მაგრამ უფრო დიდი საშინელება მონობა ხელკეტის გარეშე - ნებაყოფლობითი მონობა“

უკრაინაში მიმდინარე საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს, პირიქით, რუსეთი უკან არ იხევს და ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე აპირებს. მთავარი წარმატებაა და მისი მიღწევის გზაზე ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი - საკუთარი შეიარაღებული ძალების გაწირვა, უკრაინაში მაცხოვრებელი მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტა, ქალაქების სრული დანგრევა... თავის დროზე ჩეჩნეთსა და სირიაში მოქმედ რუსულ საომარ ტაქტიკას არანაირი ცვლილება არ განუცდია, - ვერ ვიღებ ქალაქს, ვერ ვამარცხებ მოწინააღმდეგეს, ჰაერიდან რაკეტებს დავუშენ და მთლიანად გავანადგურებ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტი სახეზეა და სიზმარსა თუ ცხადში წარმოუდგენელი და შემზარავი ამბის მომსწრენი ვართ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ნორმალური ადამიანის გონება ძნელად აღიქვამს. თითქოს ცუდ სიზმარს ვნახულობთ, გავიღვიძებთ და ეს ცხოვრება დინებას ჩვეულ კალაპოტში აგრძელებს. სამწუხაროდ, ბუჩასა და ბოროდიანკას, მარიუპოლისა და სხვა ქალაქების ტრაგედია მართლაც რეალობაში განვითარდა და კაციშვილმა არ იცის, ხვალ და ზეგ რა ახალი საშინელების მომსწრენი გავხდებით.

უკრაინას მთელი მსოფლიო „აქტიურად“ ეხმარება, მაგრამ რუსულ ურჩხულთან ბოლომდე გასამკლავებლად ეს „აქტიურად“ მაინც საკმარისი არ არის. აკი განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ტობიას ელვუდმა: - „უკრაინას ვეხმარებით, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება. რომ რუსეთის საბოლოო განაწყენება მაინც არ გვსურს. პრეზიდენტ ზელენსკის არა თავდაცვითი, არამედ შემტევი საომარი ოპერაციებისათვის განკუთვნილი მეტი შეიარაღება სჭირდება. უკრაინას ვაწოდებთ იმდენ იარაღს, რომ რუსეთთან ომში არ დამარცხდეს, მაგრამ ვერც მოიგოს“.

რამდენიმე დღის წინ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ აშშ უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების ანაზღაურებას საკუთარ თავზე იღებს. უკრაინის მოქალაქე ჯარისკაცი, ხელფასის სახით ყოველთვიურად 3400 დოლარს იღებს. უკრაინის ომში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ხელფასის სახით დღეში 3000 დოლარს გამოიმუშავებს.

ამ თემასთან დაკავშირებით რუსულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა. რუსეთის ქალაქ ირკუტსკში, ნაგვის კომპანიამ უკრაინაში მებრძოლი მეომრების ოჯახებისთვის სპეციალური შეღავათი გამოაცხადა. ისინი თავისუფლდებიან კომპანიის მომსახურების საფასურის გადახდისგან. განცხადება ირკუტსკის რეგიონული ნაგვის კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: - „მისამართები, სადაც გარდაცვლილი სამხედროები არიან რეგისტრირებული ან ცხოვრობენ, 2022 წლის 1 მარტიდან გათავისუფლდებიან მომსახურების გადახდისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ხნის წინ, საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ტელეგადაცემა „აშკარად დაუჯერებელი“ გადიოდა და ირკუტსკის რეგიონული ნაგვის კომპანიის ეს „პატრიოტული“ ინიციატივა ამ სატელევიზიო გადაცემის ფორმატს ნამდვილად ესადაგება.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სულისჩამდგმელი კი საშინელ დღეშია. ცხრა მაისი ახლოვდება, მას კი საამაყო არაფერი გააჩნია. საკუთარ მაღალჩინოსნებსა და გენერლებს უკვე დაერია და არაერთი მათგანი მოსკოვის ლუბიანკას ციხის კედლებში გამოამწყვდია. ამჟამინდელი რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ანალოგი გახდა და ნებისმიერი ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამიტომ ამ ქვეყნიდან „გამოტანილი“ ნებისმიერი „ნიუსი“ არაერთ გადამოწმებას საჭიროებს. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვების ინფორმაციით „ვლადიმიროვიჩმა“ თავისი ყოფილი მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი და რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგეი ბესედა დააპატიმრა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შინაპატიმრობაში იმყოფება. კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის მეორე დღეს დააკავეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ადმირალი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად პუტინს რუსეთის მასშტაბით სრულფასოვანი მობილიზაციის ჩატარება სურს. ამისთვის კი განსაკუთრებული „პირობები და მიზეზია“ საჭირო.

რუსმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დუმის ორი მოწვევის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ომის შემდეგი განვითარებისთვის რუსეთი მძიმე სცენარს ამზადებს. „ФСБ“-მ მოსკოვთან ახლოს დიდი ტერაქტის მომზადება დაიწყო. სავარაუდოდ ააფეთქებენ რომელიმე ქიმიური ნივთიერებების საწარმოს, რომლის ნარჩენებიც ათასობით ადამიანს დახოცავს. ეს ტერაქტი შემდეგ უკრაინელ დივერსანტებს დაბრალდება. ამის შემდეგ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს და უკრაინას ახალი „ცოცხალი ძალით“ კიდევ ერთხელ შეუტევს. ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, შესაძლებელია ასევე ააფეთქონ ქალაქ კაპოტნაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც დამანგრეველი შედეგი ექნება. მსგავსი მეთოდები რუსეთმა გამოიყენა 1999 წელს, რათა ჩეჩნეთში რიგით მეორე ომის დაწყების „ოფიციალური“ მიზეზი ჰქონოდა.

საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ, რომელმაც ბელგოროდის ოლქში განხორციელებული აფეთქებები მოწინააღმდეგეს მიაწერა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი უკრაინას ოფიციალურად ომს გამოუცხადებს. კი, მაგრამ ეხლა ომი არ არის? გეთანხმებით. ჩვენთვის სამამულო ომია, აი, რუსეთისათვის კი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. თუ პუტინი ომს გამოგვიცხადებს, მას ხელ-ფეხი გაეხსნება და თავის ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების უფლება ოფიციალურად მიეცემა“, - განაცხადა პეტრ ანდრიუშენკომ.

დაუზუსტებელი ცნობებით ვლადიმერ პუტინი სერიოზულად ავადაა და დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. საინტერესოა ვინ შეცვლის რუსეთის ამჟამინდელ დიქტატორს.

„რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი, შეიძლება იყოს ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა და პროდიუსერმა ალექსანდრე როდნიანსკიმ განაცხადა.

„არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს როგორც ნდობა, ასევე საარჩევნო პოტენციალი - ეს იური დუდია. ის მკაცრად საუბრობს, ლაპარაკობს გულწრფელად, თანაც აბსოლუტური რუსი პატრიოტი. ის რეჟიმს ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს. სწორედ მას არ ეშინოდა ნავალნისთან ლაპარაკი, როდესაც ყველას ეშინოდა, მან რამდენიმე ძლიერი ინტერვიუ გააკეთა მასთან. დუდი უნაკლო რეპუტაციის მქონე ადამიანია. მას შეუძლია გახდეს დიდი პოლიტიკური ლიდერი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალექსანდრე როდნიანსკიმ.

იური დუდის შესახებ „ვიკიპედიაში“ შემდეგი ინფორმაცია იძებნება: - იური დუდი (11 ოქტომბერი, 1986, პოტსდამი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) - რუსი ჟურნალისტი და ვიდეო ბლოგერი. გამოცემა „Spots.ru“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, 2018 წლის სექტემბრიდან არის გამოცემის გენერალური დირექტორის მოადგილე. მიჰყავს საავტორო გადაცემა „YouTube“-ზე სახელად „вДудь“, სადაც იგი იღებს ინტერვიუებს ცნობილ ჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, კულტურისა და ინტერნეტის მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან. რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მის გადაცემაში იყო პრეზიდენტობის სამი კანდიდატი: პავლე გრუდინინი, ქსენია სობჩაკი და ვლადიმერ ჟირინოვსკი. გადაცემაში აგრეთვე იყო ალექსეი ნავალნიც, რომელიც ცესკომ არჩევნებზე არ დაუშვა.

რამდენად მაღალია იური დუდის სამომავლო საპრეზიდენტო ამბიციები ვერაფერს მოგახსენებთ, იმედია ვლადიმირ ვლადიმიროვიჩზე უკეთესი იქნება. ოღონდ თავდაპირველად სრულიად რუსეთის მოსახლეობის გულის მოგება მოუწევს, იმ მოსახლეობისა, რომლის 80 პროცენტი დღეს პუტინის აქტიურ თანამზრახველად მოიაზრება. ტყუილად კი არ განაცხადა კრემლის იდეების ოფიციალურმა „სახემ“ მარგარიტა სიმონიანმა შემდეგი „უკვდავი“ სიტყვები:

„მახსოვს, 2014 წლის ამბები, როდესაც ყირიმი დავიბრუნეთ. როცა პუტინმა ეს სასიხარულო ამბავი გამოაცხადა, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა და კოცნიდა. ახლაც ასე იქნება. პუტინს იმხელა მუხტი აქვს, როდესაც ის ომს მოიგებს, სრულიად უცხო ხალხი დაიწყებს ერთმანეთის კოცნას, როგორც პუტინის ყველა გამოსვლის დროს ხდება...“

დღევანდელ წერილს მარგარიტა სიმონიანის მოსაზრების საწინააღმდეგო გამონათქვამით დავასრულებთ, რომელიც გამოჩენილ მსახიობს ოლეგ ბასილაშვილს ეკუთვნის.

„საბჭოთა კავშირმა სხვა ბოროტებასთან ერთად ჩაიდინა ყველაზე დიდი ბოროტება: თავისი ისტორიის მანძილზე მან გაანადგურა ყველა, ვისაც შეეძლო თავისუფლების იდეის აღქმა. თავისუფლების ნება დარჩა უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, ქართველებს და ა.შ. მაგრამ არა რუსებს. არსებობდა უზარმაზარი მასა, რომელიც ვერ იტანდა სტალინს და საბჭოთა წყობას საერთოდ, ამიტომაც სისტემამ შექმნა - გულაგი. ეხლა გულაგი საჭირო არ არის. ამ ხალხს გულაგის გარეშე უყვარს ბელადი. საშინელებაა მონობა ხელკეტის ქვეშ, მაგრამ უფრო დიდი საშინელება მონობა ხელკეტის გარეშე - ნებაყოფლობითი მონობა“.

dimpi ბასილაშვილსაც პრეზიდენტობა მოუნდა? ზელენსკის შეშურდა? და ეგ ვისზე იმუშავებს?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დიმპი! გაუმარჯოს! ბასილაშვილი? - რატომაც არა! )) კაკრაზ ტრამპის ბაიდენის თანაკლასელია! )) ისე იქნება ხალხში რომ ამბობენ, კვტარი (მკვდარი) კვტარს ეკიდაო!
2 წლის უკან