ხორცპროდუქტების კომპანია „იბერმითმა“ ფუნქციონირება შეწყვიტა. „იბერმითის“ ტექნიკური დირექტორის ირაკლი ადეიშვილის თქმით, ორი თვეა, როგორც მაღაზიები, ასევე, სასაკლაოც დახურეს. კომპანიის დახურვის მიზეზად ბაზარზე არსებული აღურიცხავი პროდუქცია სახელდება, რომელსაც „იბერმითმა“ კონკურენცია ვერ გაუწია.
ირაკლი ადეიშვილის განცხადებით, „იბერმითით“ რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა. ამდენად, წილის გაყიდვის მიზნით დაახლოებით სამ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა, ამ ეტაპზე, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც ცნობილია, „იბერმითმა“ ფუნქციონირება ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. „იბერმითის“ სასაკლაოს ფუნქციონირების დაწყების შემდეგ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამით მაშინდელი ხელისუფლება სხვა მწარმოებლების ჩაძირვას და მონოპოლისტის შექმნას უწყობდა ხელს.
ბოლო დროს შეკითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, უკავშირდება თუ არა „იბერმითის“ დახურვა ცეზარ ჩოჩელის სახელს?!
ცეზარ ჩოჩელის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა მიქაცაძის თქმით, მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ხორცის ბიზნესთან ცეზარ ჩოჩელს არანაირი შეხება არ ჰქონია. სავარაუდოდ, ცეზარ ჩოჩელის სახელთან ამ ინფორმაციის დაკავშირება ვიღაცის ინტერესებში შედიოდა.
ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, არც აღნიშნული კომპანიის მფლობელებს გაუკეთებიათ რაიმე სახის განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ იყო სასაკლაოებისა და მაღაზიათა ქსელის რეალური მესაკუთრე.
„ვფიქრობ, ნელ–ნელა საზოგადოება გაიგებს სიმართლეს და გაბათილდება ყველა ის ჭორი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც ცეზარ ჩოჩელის სახელთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს მიქაცაძე.
„იბერმითი”, რომელიც სოფელ ნატახტარში სასაკლაოს ფლობდა, თბილისში მაღაზიათა ქსელ „იბერულათი” გახლდათ წარმოდგენილი. „იბერულაში” მომხმარებელს გადაუმუშავებელი საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცს სთავაზობდნენ.
პერიოდულად ცეზარ ჩოჩელის სახელი ხორცის ბიზნესს უკავშირდებოდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ჩოჩელების გამო ძვირდებოდა ხორცი. თუმცა, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს ხორცის ბიზნესის მონოპოლიასთან მის კავშირს. ჩოჩელი აცხადებს, რომ ხორცის ბიზნესში მეგობრებიც კი არ ჰყავს და ამ ჭორების დაყრა მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა სასათბურე პირობები შექმნოდა მას, ვინც მართლაც ხორცის ბიზნესის უკან იდგა. კერძოდ, მისი თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით ადვილი გასარკვევია, თუ ვინ ითბობდა ხელს ამ ბიზნესით.
სხვათა შორის, თავის დროზე „იბერმით ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი დავით ბარაბაძეც ამტკიცებდა, რომ ხორცის გაძვირება კომპანიის საქმიანობასთან კავშირში არ იყო და მითი მათი პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა. მისი თქმით, არსებობდნენ ადამიანები, რომელთა ინტერესშიც შედიოდა ხორცზე ფასის აწევა. მათ ქსელში კი, როგორც ფიქსირდებოდა ხორცის ფასი, ეს ფასი კვლავაც უცვლელი იყო. ამიტომ ბარაბაძე იმთავითვე ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართულ ადამიანებს სურდათ ასეთი პირობების გაგრძელება, რადგან ისინი ერიდებოდნენ საკუთარი ბიზნესის „გათეთრებას“ და გადასახადების გადახდას. ამდენად, დავით ბარაბაძეს მიაჩნდა, რომ ამ საკმაოდ პატარა ჯგუფის მცდელობა გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა და ხორცზე ფასის მატებაც დროებითი მოვლენა იყო.
შეგახსენებთ, ხორცის პირველადი გადამამუშავებელი ქარხანა „იბერმითი“ ნატახტარში 2010 წლის ოქტომბერში გაიხსნა. საწარმო ქართული ინვესტიციით აშენდა, მასში 100 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული, რომელთა მინიმალური ანაზღაურებაც 400 ლარს შეადგენდა. ნატახტარის სასაკლაო მაშინ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირეს, თუმცა ჩოჩელი საწარმოსთან კავშირს უარყოფდა.
მეტიც, დღეს დგინდება, რომ ცეზარ ჩოჩელს არც სასაკლაოსთან და არც აღნიშნულ კომპანიასთან შეხება არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ საწარმო მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა და მასში დაახლოებით 8 მლნ ლარამდე თანხა ჩაიდო, პარტნიორები კი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ და „ვითიბი ბანკი“ იყვნენ.