რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უსაფრთხოების რისკები გაზრდილია

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უსაფრთხოების რისკები გაზრდილია

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და მოლდოვა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის სამინიზნე ხდება. ამერიკელი დიპლომატი რობერტ პირსონი The Hill-თან საუბრისას აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომით არ შემოიფარგლება, მან შესაძლოა, სცადოს სხვა ქვეყნების, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების ხელში ჩაგდება.

როგორც დიპლომატი აცხადებს, პუტინი რუსეთის იმპერიის საზღვრების დაბრუნებას ცდილობს და ამისათვის მან უნდა მიაღწიოს კონტროლს ევროპის რიგ ქვეყნებზე. შესაბამისად, ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ნატო-ს მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შექმნას ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ.

რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის დასაწყებად ჯარების გადაჯგუფება დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადება, რათა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს, რათა უზრუნველყოს სახმელეთო დერეფნის მდგრადობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიასთან. გარდა ამისა, ერთნახევარჯერ გაიზარდა რუსული ავიაციის ოპერატიულ-ტაქტიკური ფრენები.

რეგიონში ვითარება რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა საფრთხეებია მოსალოდნელი საქართველოში, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმინეს. დახურულ სხდომაზე ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

თავდაცვის სამინისტრომ სხდომაზე წარადგინა ინფორმაცია რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს მიმდინარე პროცესებს რეგიონში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, უსაფრთხოების რისკები გაზრდილია, თუმცა თავდაცვის ძალების მზადყოფნა და ნაბიჯები ამ მიმართულებით გამოწვევების ადეკვატურია.

„რისკები აქამდეც არსებობდა და ეს რისკები არის გაზრდილი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ მზადყოფნაზე და ნაბიჯებზე, რომელსაც ვახორციელებთ გამოწვევების ადეკვატურად. თავდაცვის ძალებს გააჩნია 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. თავდაცვის ძალების განვითარება და აღჭურვა, მათ შორის, წვრთნა, განათლება, სრულ თანხვედრაშია ნატო-ს სტანდარტებთან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს ეს პროცესი“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დეტალებზე არ საუბრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, რომლის განცხადებით, სხდომაზე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენაზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„საუბარი იყო, პირველ ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, დღეს არსებულ ვითარებაზე კონფლიქტის ზონაში, ომის გავლენაზე როგორც რეგიონზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ასევე, ომის შესაძლო გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის დახურულ სხდომას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვერსია მოვლენების განვითარების და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესში.

„ეს იყო ვერსია, როდესაც რუსეთი წარმატებულია, როდესაც მოლაპარაკებები ხდება და როდესაც შეფერხდება სამხედრო აგრესია გარკვეული ხნით და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ პუტინი რომ დამარცხდეს, მაშინ რას ვშვრებით, ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. პასუხი, დაახლოებით, ასეთი იყო, რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში ამის მოლოდინი ნაკლებად არსებობს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, განხილვის თემა იყო რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, რა გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე, თუმცა ამბობს, რომ ვერ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დამაიმედებელი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვლენების შესაძლო განვითარების პირობებში ზუსტად აქვთ გააზრებული სახელმწიფოს დონეზე, რას, როგორ და რანაირად აკეთებენ.

„შეიძლება ეს გეგმები არსებობს და თუნდაც, დახურულ სხდომაზე პარლამენტში არ მიაჩნიათ შესაბამის უწყებებს საჭიროდ ამაზე საუბარი, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ეს მოსმენა ჩატარდა, არის მნიშვნელოვანი, რადგან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მაინც მოგვეცა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ შეხვედრები, რომელიც ამ მიმართულებებით მუშაობენ. არ შემიძლია, მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ უფრო მშვიდად დავტოვე ეს სხდომა, ვიდრე სხდომაზე შევედი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობის თემასაც. პარალელურად სუს-მა წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები.

მათივე განმარტებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ, აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები.

როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ, მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოში მათდამი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტურ წრეებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან, ასევე ცალკეულ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.