ანქვაბი მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის თავის შემადგენლობაში მიღებას სთხოვს

ანქვაბი მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის თავის შემადგენლობაში მიღებას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კრიზისული სიტუაციაა შექმნილი. აქიდან გამომდინარე, ალექსანდე ანქვაბი მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთის ეკლესია თავის შემადგენლობაში უნდა მიიღოს. სეპარატისტთა ლიდერის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ მორწმუნეების სულიერი საზრდოს გარეშე დატოვება არ შეიძლება, აფხაზური და რუსული მართლმადიდებლობის ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე, ეს მაღალი მისია მოსკოვის საპატრიარქომ უნდა მიიღოს.

„ამ კრიზისის ხასიათი საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტიდან მოდის. მაშინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამხედრო აგრესიას მხარი დაუჭირა და მას შემდეგ, აფხაზი მართლმადიდებელი და მათი სულიერი მოძღვრები - აფხაზი და რუსი მღვდელმსახურები, საეკლესიო ცხოვრებას დამოუკიდებლად ეწევიან.

საგარეო დახმარებას მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკესია უწევდა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის აუცილებლობა მომწიფდა.

ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, რათა ძირძველ მართლმადიდებელ ქვეყანაში სამოციქულო მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და ყველაზე არასასურველი შედეგები ავიცილოთ. ეს არის აფხაზეთის ხელისუფლების მტკიცე რწმენა”, - აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ანქვაბის დამახასიათებელი ნიშანია, რომ ძალიან კატეგორიული განცხადებები აკეთოს საქართველოსა და ქართული ეკლესიების მიმართ.

„აფხაზეთის ხელმძღვანელობა დაინტერსებულია, რომ ის განცალკავება რაც მოხდა პოლიტიკური კუთხით, მოხდეს ასევე საეკლესიო და რელიგიური კუთხით. ის კავშირი, რომელიც არსებობს საქართველოსა და აფხაზეთის ეკლესიებს შორის, ესეც იყოს გაწყვეტილი, აფხაზეთის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალურად მიებას და ამით დასრულდეს აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის პროცესი, - ასე წარმოუდგენიათ მათ.

მაგრამ, სინამდვილეში პროცესი არაა დასრულებული. მაგალითად, სერგეი ბაგაფში არ მიდიოდა ასე შორს და ასეთ განცხადებებს არ აკეთებდა. ეს ანქვაბის დამახასიათებელი ნიშანია, რომ ძალიან კატეგორიული განცხადებები აკეთოს საქართველოსა და თუნდაც ქართული ეკლესიების მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ ასე ადვილად ეს საკითი არ გადაწყდება, ვინაიდან, არსებობს ისტორიული კავშირები ეკლესიებს შორის“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

მოსკოვის საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი კანონიკურ საფუძველზე და აფხაზი ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში ყველანაირად ეხმარება აფხაზეთის მართლმადიდებელ მოსახლეობას საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებაში.

„აფხაზეთის ეკლესიის საკითხი კანონიკურ საფუძველზე და აფხაზი ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. აფხაზეთში რთული ეკლესიური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა გარკვეულ დროს მოითხოვს. აფხაზეთის ეკლესიის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა, გრძელვადიან პრესპექტივაში, საეკლესიო კანონების მკაცრად მიდევნების გარეშე შეუძლებელია“, - განუცხადეს „ინტერფაქსს“ რუსეთის საპატრიარქოში.

საეკლესიო პრობლემები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარა, რუსულმა ეკლესიამ აფხაზეთი ქართული ეკლესიის ნაწილად აღიარა. სრულაიდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე ბრძანებს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა და უთანხმოება არ აისახოს საეკლესიო ცხოვრებაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას 1943 წლის 31 ოქტომბრიდან აღიარებს. პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უწმინდეს კალისტრატესა და რუსეთის ეკლესიის წარმომაგენელს შორის მოლაპარაკების შედეგად საგანგებო დეკლარაცია იქნა შემუშავებული და ეს დოკუმენტი 1943 წელს გამოქვეყნდა.

„აქ დაესვა წერტილი ამ საკითხს. ამის შემდეგ, რამდენჯერაც არ უნდა დაისვას საკითხი, გნებავთ ანქვაბი იქნება ეს, გნებავთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული დაჯგუფებები, ამას არაფერი არ შეცვლის. ვინაიდან, ტერიტორიალური ავტოკეფალია არა მარტო რუსეთის ეკლესიის მიერაა აღიარებული, არამედ ეს აღიარებულია ყველა, 15 მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ“, - აცხადებს სერგო ვარდოსანიძე.

რაც შეეხება რუსეთის საპატრიარქოს პოზიციას, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი კანონიკურ საფუძველზე და აფხაზი ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს, სერგო ვარდოსანიძე პასუხობს და აცხადებს, რომ აფხაზი ხალხის ნებასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნას იმ 300 ათასი მოქალაქის ინტერესები, რომელიც გამოძევებულია აფხაზეთის ტერიტორიიდან.

„რამდენჯერაც უნდა განაცხადოს ანქვაბმა, ან თუნდაც, ნებისმიერმა სხვა არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ამას მხოლო და მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათი ექნება, რეალობასთან მიახლოებულიც კი არ იქნება იგი. ეს არის აფხაზეთის მოსახლეობაზე გათვლილი პროპაგანდისტული მოქმედება, რასაც ამ შემთხვევაში ბატონი ანქვაბი მიმართავს“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.

სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, პროტოპროსვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის უწმინდესი ეკლესია, აღიარებს რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. ამიტომ, ამ ეპარქიაზე უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„თავად პატრიარქი ილია მეორე ბრძანდება ამ ეპარქიის მიტროპოლიტი. ყველა ეკლესიური საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს პატრიარქთან შეთანხმებით. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, კანონიკური ნორმებისა და ეკლესიაში მოქმედი საეკლესიო სამართლის მიხედვით, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება საეკლესიო ცხოვრებას აფხაზეთში, უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი ალექსი მეორე, სანამ გარდაიცვლებოდა ჩვენს პატრიარქს სთხოვდა დროებით მიეცა საშუალება, რომ იქ სასულიერო პირები შესულიყვნენ. პაქრიარქი ამაზე ყოველთვის უარს ამბობდა. პატრიარქის პოზიცია ასეთია - ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია, საქართველომ უნდა განახორციელოს თავისი სულიერი მზრუნველობა ამ ეპარქიაზე, უნდა გამოძებნოს ყველა საშუალება იმისა, რომ ეს შესაძლებელი გახდეს“, - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისივე განმარტებით, მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სამართლებრივი და სწორია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტს, როგორ და რა საშუალებები გამონახოს იმისათვის, რომ განახორციელოს თავისი მოვალეობა და უფლებამოსილება, რომ სულიერი საზრდო მიაწოდოს აფხაზეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

„ეკლესიას აქვს საღვთო კანონები, სამართლებლივი კრებულები და ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი რაც აფხაზეთთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს. ყველა კითხვასთან დაკავშირებით, რაც შეძლება გაჩნდეს აფხაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებით, აუცილებელი პირობაა, რომ მიმართონ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს.

მართლმადიდებელი ეკლესია ყველა კანონიკურ საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ მან თავისი სულიერი მზრუნველობა განახორციელოს აფხაზეთში მყოფი მართლმადიდებელ ქრისტიანებზე, რომ აღსდგეს ის ძმური ურთიერთობები ჩვენსა და აფხაზებს შორის, რაც ყოველთვის იყო. მისი უწმინდესობა 11 წელი აფხაზეთის ეპარქიაში მიტროპოლიტი იყო. იქიდან მოხდა მისი არჩევა საქართველოს კათალიკოს პატრიარქად. მან ყველაზე კარგად იცის იქაური ვითარება.

მისი უწმინდესობა თავის ეპისტოლეებში ყოველთვის მიმართავს აფხაზ მრევლს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყოველთვის ლოცავს მათ და ეს ურთიერთობები ღვთის მადლით აუცილებლად აღსდგება. საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობა ექნება, რომ სრულად განახორციელოს სულიერი მზრუნველობა აფხაზეთში, აფხაზეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოსახლეობაზე. საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი,“ - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ნაწილი თვლის, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, მეორე ნაწილი კი, თვლის, რომ ეკლესია უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში.

„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რა პოზიციას დაიკავებს. ამ შემთხვევაში ჩვენი პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი და კავშირები, რომელიც ქართულ და რუსულ მართლმადიდებლ ეკლესიებს შორის ბოლო დროს არსებობდა, მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირებისა, ეს იყო ერთადერთი ხიდი, რომელიც იყო შენარჩუნებული.

აი, ამის გათვალისწინებით, მომავალშიც საქართველო-რუსეთის ნორმალიზაცია გადის ასევე საეკლესიო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე. ამის გათვალისწინებით, მე არა მგონია, რომ ანქვაბის პოზიცია მხარდაჭერილი იქნება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ხუციშვილმა.