პირველ კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ 1,7%-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ 1,7%-ით გაიზარდა

საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებასა და ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების მობილიზების შესაძლო საფრთხეებზე ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ. ფინანსთა სამინისტრო კი 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვას არ აპირებს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე განმარტავს, რომ 2013 წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ეკონომიკური ზრდის 6%-იანი მაჩვენებლის მიღწევა, თუმცა ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებლის ოდენობამ მხოლოდ 1,7 პროცენტი შეადგინა.

„ეს საკმაოდ დაბალია და ბუნებრივია, ბადებს კითხვებს, 2013 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებისა და ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების მობილიზების შესაძლო საფრთხეების შესახებ. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების მაჩვენებელი განისაზღვრა 6,920,021.8 ათასი ლარით, ხოლო მობილიზებულმა სახსრებმა 1,553,501.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური დაგეგმილი მაჩვენებლის 22%-ია.

გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებელების გათვალისწინებით, 2013 წლის I კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების ოდენობა, დაგეგმილ წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, თუმცა არა საგანგაშო“, - აცხადებს ნინო ევგენიძე.

მისივე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღები სახსრების 75% მოდის საშემოსავლო და დამატებული ღირებულის გადასახადებზე, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ორი გადასახადის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზი.

“2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის წლიური გეგმა განისაზღვრა 3 402,0 მლნ ლარით, რაც 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 332,0 მლნ ლარით, ანუ 11%-ით. 2013 წლის პირველ კვარტალში მობილიზებულია 690,2 მლნ ლარი. ეს წლიური გეგმის 20%-ს შეადგენს, თუმცა 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 23% იყო. თუ ამ ციფრებს უფრო დეტალურად გავაანალიზებთ, იოლი დასანახია, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა დაახლოებით იმდენი, რაც 2012 წლის იმავე პერიოდში (2012 წელი - 700,4 მლნ ლარი; 2013 წელი - 690.2 მლნ ლარი), მაშინ, როდესაც დღგ-ს წლიური გეგმა 2013 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, 11%-ით მეტია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 80 მლნ ლარი დააკლდა და ეს ტვირთი მომდევნო კვარტლებზე გადანაწილდა.

დღგ-ში შემოსავლების კლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. 2013 წელს დაგეგმილი იყო მშპ რეალური ზრდა 6%-ით, თუმცა პირველ კვარტალში, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 1,7%-ით განისაზღვრა (იანვარი - 2.9%, თებერვალი - 2.1%, მარტი - 0,2%). მეორე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი გახლავთ ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი, რომელიც 2012 წლის მეორე ნახევრიდან ჩამოყალიბდა და ასეთი ტენდენცია 2013 წლის პირველ სამ თვეშიც შენარჩუნდა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკაში ასეთი ტემპის შენარჩუნების პირობებში, ძნელად სავარაუდო იქნება დღგ-ს ნაწილში დასახული გეგმის შესრულება”, - განმარტავს ევგენიძე “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას.

რაც შეეხება კერძო სექტორს, იმ პირობებში, როცა პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 1,7% დაფიქსირდა, ნაცვლად დაგეგმილი 6 პროცენტისა, ძალზე რთულია ითქვას, რომ კერძო სექტორმა აღნიშნულ პერიოდში მოახდინა დამატებითი თანამშრომლების დაქირავება ან ხელფასების მატება ან ერთჯერადად ბონუსების გაცემა.

“აღნიშნულის გათვალისიწინებით, განხილული შემთხვევა დეტალურ ახსნას საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან”, - აცხადებს ევგენიძე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფინანსთა სამინისტრო 2013 წლის ეკონომიკური ზრდის 6%-იანი მაჩვენებლის გადახედვას არ აპირებს. სამთავრობო უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელად დარჩება.

არადა, რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე დაწია. გავრცელებული ინფორმაციით, ევრობანკმა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო სტანდარდ & პოორ'ს-ის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2013 წლისთვის 3,5% იქნება.