გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჰორიზონტზე არ მოჩანს.
„რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ის ახლა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა რამდენიმე კვირაში შეიძლება შედგეს იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება ომი და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - აღნიშნა გაეროს მაღალჩინოსანმა.
გრიფიტსის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს თურქეთში გამგზავრებას აპირებს, სზადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რათა გამოავლინონ გზები, რომლითაც გაეროს შეუძლია დაეხმაროს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები დათანხმდნენ გაეროს წინადადებების უმეტესობას ჰუმანიტარულ დახმარებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთს მსგავსი პასუხი ჯერ არ გაუცია.