„წესით, პუტინს არც უნდა სურდეს ზელენსკისთან შეხვედრა, რადგან ვინც მარცხდება, ის თავს არიდებს ყოველგვარ მოლაპარაკებას“

„წესით, პუტინს არც უნდა სურდეს ზელენსკისთან შეხვედრა, რადგან ვინც მარცხდება, ის თავს არიდებს ყოველგვარ მოლაპარაკებას“

„ზელენსკი არ უნდა შეხვდეს ტერორისტ პუტინს“, - ასეთი განწყობა განსაკუთრებით იმ ქართველებში იგრძნობა, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი და ოდესღაც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდნენ. განსხვავებული მიდგომა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ომის ყოველი დღე ტრაგედიის და უბედურების მომტანია უბრალო ხალხისთვის. ამდენად, ხელისუფალის ვალია, ნებისმიერ ადამიანს თუ დამნაშავეს ელაპარაკოს, ვინც ამ ომს შეაჩერებს.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა, ზელენსკი შეხვდეს პუტინს. თუ მოგვარდება სიტუაცია, მოგვარდება ზელენსკისა და პუტინის გარეშეც, თავისუფლად შეიძლება დოკუმენტის ხელმოწერა ონლაინ მოხდეს. ასე მოხდა 2008 წელსაც, განა მაშინ სააკაშვილი შეხვდა მედვედევს ან პუტინს? ჩავიდა მაშინ სარკოზი, დოკუმენტი ჩაიტანა, მოაწერინა ხელი მედვედევს, ჩამოიტანა მერე ის დოკუმენტი თბილისში.

„ეს ემოციური დამოკიდებულებაა, უნდა შეხვდეს თუ არა ზელენსკი პუტინს. შეხვედრებით არ წყდება საკითხები, არამედ წყდება მხარეთა უფლებამოსილი დელეგაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლებიც უმზადებენ დოკუმენტებს პირველ პირებს და ისინი ხელს აწერენ. მოსალაპარაკებლად უამრავი ფორმა არსებობს, შეხვედრა აუცილებელი არ არის, თუმცა შეიძლება შედგეს კიდეც ეს შეხვედრა. მთავარია, ორივე მხარისთვის მისაღები დოკუმენტი შედგეს და ხელი მოაწერონ პირველმა პირებმა - ზელენსკიმ და პუტინმა. ამის შემდეგ უნდა შესრულდეს ეს დოკუმენტი, თორემ ჩვენთანაცაა დადებული მსგავსი დოკუმენტი, მაგრამ არ სრულდება ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, წესით, პუტინს არ უნდა უნდოდეს ზელენსკისთან შეხვედრა. ეს მისთვის დამამცირებელი იქნება. მაშინ, როცა ზელენსკის უპირებდა დენაციფიკაციას და გაგდებას, ახლა რომ შეხვდეს, ეს უკვე დამარცხების ნიშანი იქნება. ზელენსკის შეიძლება უნდოდეს კიდეც პუტინთან შეხვედრა, რათა თავისი უპირატესობა დაამტკიცოს, თუ დოკუმენტი მისი სასარგებლო იქნება. ანუ ვინც იმარჯვებს, მას ურჩევნია შეხვედრა, ხოლო ვინც მარცხდება, ის თავს არიდებს ყოველგვარ მოლაპარაკებას, ამიტომ საეჭვოა, პუტინი ზელენსკის შეხვდეს.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, უკრაინის ომში რა არის გამოსავალი, თუ არა ზელენსკის შეხვედრა პუტინთან?! მით უმეტეს, რა დღეშია უკრაინის ქალაქები - მარიუპოლის ტრაგედია, ბუჩას ტრაგედია, ენით აუწერელი საშინელება ხდება.

„ეს უნდა შეჩერდეს და არა ის, რომ პუტინი უფრო გაშმაგდეს. მაკრონის პოზიციას ვიზიარებ გენოციდთან დაკავშირებით, გენოციდზე აქცენტირება პირდაპირ არის ხაზგასმა მზა ესკალაციისკენ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებს რუსეთს და მე არ გამოვრიცხავ, რამდენიმე დღეში რუსეთმა ბირთვული შანტაჟი დაიწყოს. ამის თაობაზე უკვე პენტაგონიც ამბობს, რომ არ გამოირიცხება ეს რისკი. ამით რისი მიღწევა სურთ? შეიძლება ზოგიერთი ტვინგაცხელებული იმასაც ფიქრობდეს, თუკი რუსეთი მცირე სიმძლავრის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ რუსეთს ნიღაბს ბოლომდე ჩამოხსნის. ეს ხომ სისულელეა, რადგან ყველაზე ძვირფას - ხალხის სიცოცხლეზეა საუბარი, რისი დაცვისთვისაც არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო არსებობს, რომ სამართალი დაიცვას და მისი დანიშნულებაა ადამიანის ფიზიკური დაცვა, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა. როცა საკუთარ მოქალაქეებს გაწირავ, მაშინ რისთვისღა ომობ?“ - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ, ჯერ ერთი, შესაფასებელია უკრაინაში გენოციდი ნამდვილად მოხდა თუ არა. ტერმინი „გენოციდი“ ცოტა ფრთხილად უნდა გამოიყენონ, მას კონკრეტული იურიდიული შინაარსი აქვს და გენოციდი უნდა დადასტურდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. რასაკვირველია, არსებობს სერიოზული დასაბუთებული ეჭვი, რომ შესაძლოა, მართლაც გენოციდთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ჯერ ვერდიქტი არ არის, გადაწყვეტილება ამის თაობაზე ჯერ არ გამოუტანიათ და როცა პოლიტიკურ რიტორიკაში წამდაუწუმ იყენებ ამ ტერმინს, ეს კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. ყოველ წუთს გენოციდის ავტორს და მკვლელს რომ ეძახი, პუტინი კიდევ უფრო გაშმაგდება, გაავდება და კიდევ უფრო ენით აუწერელ დანაშაულს ჩაიდენს, რომლის წარმოდგენაც არავის გვინდა.

ამიტომ დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ უნდა შეხვდეს ზელენსკი პუტინს, ყველანაირი გზა უნდა მოისინჯოს, რომ ეს ომი როგორმე შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიონ, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

„სარკოზის და მედვედევის დოკუმენტი ზავს არ ნიშნავდა. ეს არ ნიშნავდა, რომ საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის საკითხზე. ეს საკითხი ღიად იყო დატოვებული იმ დოკუმენტში. იყო ერთი პუნქტი, ჩანაწერი, რომ ამ რეგიონების სტატუსი განისაზღვრება საერთაშორისო მოლაპარაკებებით, რაც სააკაშვილმა საკუთარი ინიციატივით ამოიღო. რაღაც ამდაგვარი პროცესი უნდა წარიმართოს ახლაც რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება უნდა დაიდოს, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ ომი აღარ გაგრძელდეს. პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განიხილებოდეს. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა მიაღწევს საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსის ჯარის განდევნას, არ ჩანს ასეთი პერსპექტივა, როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით, იარაღის მიწოდების ინტენსივობას თუ გაზრდიან, რუსეთს კიდევ უფრო არაადამიანური ლეტალური იარაღის გამოყენების სურვილი გაუჩნდება, მათ შორის, ბირთვული იარაღისაც კი, ამის ალბათობა იზრდება“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვაში ზელენსკის აბრკოლებს საერთაშორისო სერიოზული ძალა, ე.წ. ომის პარტია, ასევე, აბრკოლებენ ის პოლიტიკური წრეები, რომლებიც ამ ომის რიტორიკით თავიანთ პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებენ, ასევე, ის კორპორაციები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკური ბაზრიდან განდევნით სურთ განიმტკიცონ თავიანთი მდგომარეობა. ბევრი ძალებია ამით დაინტერესებული.

 

ჯარჯი ზარდიაშვილი სწორად აფასებს სიტუაციას, ზაქარეიშვილისგან განსხვავებით
2 წლის უკან