რა შედეგს გამოიღებს საქართველოს და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრა?- როგორც უკრაინიდან დაბრუნებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ეს იყო თბილი და მეგობრული შეხვედრა, სადაც ყველა გაურკვევლობას წერტილი დაესვა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა და შესაძლოა თუ არა პაპუაშვილი კონკრეტული ინფორმაციებით ჩასულიყო კიევში, რათა საბოლოოდ საქართველოს მიმართ ბოლო დროს წაყენებულ ბრალდებებს უკრაინის მხრიდან წერტილი დასმოდა?
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან იმაზე მეტი ისაუბრა, ვიდრე ეს საჯაროდ გახმაურდა. ამიტომაც ამ შეხვედრის საბოლოო შედეგებს ახლო მომავალში ვნახავთ. თუმცა ისინი აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, - კიევში ცალკე ჯგუფად ჩასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინის მაღალი თანამდებობის ჯერ არც ერთ პირთან შეხვედრა არ ჰქონია. თითქოს „ოცნების“ ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, მათთან შეხვედრებს უკრაინაში თავს არიდებენ.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, გაუგებრობებს წერტილი დაესვა და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მეგობარი სახელმწიფოსგან მტკიცე მხარდაჭერა დაინახა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს
მისივე თქმით, საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს.
ხოლო საქართველო საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება, ამიტომ ამ კუთხით, „რაიმე პრეტენზიები არ არსებობს“.
„გაფართოებულ შეხვედრაზე ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ ხაზგასმით აღნიშნა მადლიერება იმ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.
პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქაც, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა იქ თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები, სადაც შეიძლება, იყოს. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, უკვე პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი - რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს და რასაც განცხადებების სახით ვისმენთ, ყველა პრობლემა ორ ქვეყანას შორის მოგვარებული არ არის და ამის ილუზია არც არავის ჰქონდა, რომ ერთი ვიზიტით რამე შეიცვლებოდა. თუმცა ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს ვიზიტი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და კარგია, რომ ხელისუფლებამ ამის გადაწყვეტილება ბოლოს მაინც მიიღო. მისი აზრით, პირისპირ საუბარი და დამატებით ერთმანეთთან პრობლემების გარკვევა უფრო მეტ შედეგს მოგვცემს ვიდრე ასეთი კინკლაობა და ულტიმატუმებით საუბარი.
„რაღაცა ურთიერთობების დალაგება თითქოს დაიწყო. საბოლოო ჯამში კი, ალბათ, უფრო გამოიკვეთება ქართულმა და უკრაინულმა მხარეებმა რაზე ისაუბრეს. ან რაზე შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდნენ. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, როგორ დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი, რომელიც ცალკე ჯგუფად წავიდა. ეს კი მგონია, რომ მომგებიანი მათთვის სულაც არ არის და პოლიტიკურად კარგად არ გამოიყურება. არ მგონია, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული შედეგები ჰქონდეთ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს მოხდა. მოსაწონი იყო ასევე შალვა პაპუაშვილის განცხადებებიც, რომელიც შედარებით უფრო გახსნილი და მკვეთრი იყო.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ საუბარი უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ პაპუაშვილმა უფრო მეტი ხელჩასაჭიდი ჩაიტანა და მათაც უფრო მეტი აუხსნეს რას და როგორ გულისმხობდნენ. მე უფრო მგონია, რომ უკრაინამ ეს ინფორმაცია პრევენციის მიზნით გააჟღერა, რადგანაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამის გაკეთებას ანუ სანქციების გვერდით ავლას და რუსეთისვის გარკვეული ნაწილების მიწოდება, გატარებაში თუ რაც ჰქვია, კერძო კომპანია აპირებდა. ამიტომ ეს ინფორმაცია გახმოვანდა იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ დახურულ კარს მიღმა უფრო მეტს ისაუბრებდნენ“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება „ნაციანლური მოძრაობის“ ვიზიტს და მათ მიზანს, ძაბირაძე ამბობს, რომ მათი მხრიდან ეს ქცევა ძალიან ცუდად ჩანს და ის ვარაუდობს, რომ სწორედ „ოცნების“ ვიზიტის შემდეგ ენმ-ს სახელმწიფო პირებთან და მაღალი რანგის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები არ აქვთ. არაა გამორიცხული, რომ სახელისუფლებო გუნდის ვიზიტის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფება და რასაც ვხედავ, მათ რაიმე შთამბეჭდავი შეხვედრები არ გაუმართავთ. რასაც მედიაში თვალს ვადევნებ, უკრაინის არც ერთი მაღალი რანგის თანმდებობის პირთან მათ შეხვედრები არ გაუმართავთ. პოლიტიკური მხარე ამ ვიზიტის ჯერჯერობით საკმაოდ უფერულია. ვნახოთ, თუ მათ შეხვედრა ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებთან ექნებათ, მერე ვისაუბროთ. ამასთანავე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ახლა ამ ეტაპზე, ნამდვილად არც ერთ მხარეს ამ დაპირისპირების გაღვივება არ აწყობს. აქ ვგულისხმობ, როგორც საქართველო-უკრაინას, ასევე დასავლეთს. ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაპირიპირება არავის უნდა. ამიტომ მგონია, რომ თუ „ნაციონალებთან“ რაღაცა შეხვედრები იქნება, ამას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. „ნაციონალების“ ვიზიტი უკრაინაში არ მგონია რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი იყოს“, - აცხადებს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი უკრაინაში იმის ხაზგასმა და დემონსტრირება იყო, რომ საქართველო ერთიანი არ არის. ქვეყანაში პრობლემებია და ამის ნათელი მაგალითი მათი უკრაინაში ცალკე ჩასვლაა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ მათი ვიზიტი არც თუ ნაყოფიერი და შედეგიანია. ის არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ ვიზიტის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების მესვეურებმა ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც აქამდე არც იცოდნენ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება უკრაინაში წასულიყვნენ პოლიტიკურად ძალიან სწორი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ოფიციალური ხელისუფლების უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებისთვის სხვა ჯგუფის ცალკე მიღება მიზანშეწონილი აღარ გახდა. ანუ ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ ოპოზიციასთან შეხვედრები უხერხული იქნება და ორ ქვეყანას შორის რაღაც სიტუაციის დალაგების ფონზე ეს კარგი არ იქნება. პოლიტიკური ეტიკეტიც არსებობს და თავშეკავება გასაკვირი არაა. მაინც მგონია, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ უკრაინაში არაა ძაღლის თავი დამარხული. უფრო აქ არასაპარლამენტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ამბავი მგონია. ისინი იყვნენ ყველაზე რადიკალურები და მოწინააღმდეგეები იმის, რომ პაპუაშვილთან ერთ თვითმფრინავში ჩამსხდარიყვნენ. ეს პარლამენტს გარეთ მყოფი ჯგუფი ძალიან შეურიგებელი და აგრესიულია“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება პაპუაშვილის მიერ უკრაინაში გაკეთებულ მკვეთრ მესიჯებს და განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოში სანქციების გვერდის ავლას ვერასდროს შეძლებს, საყვარელიძე ამბობს, რომ პაპუაშვილს სპიკერობა კარგად გამოსდის და თუ დავაკვირდებით, სხვებისგან განსხვავებით, ის უფრო თამამია. მისი განცხადებები საკმაოდ სწორი და მისაღებია.
„გირჩის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ უკრაინაში ბევრი რაღაცა არ იცოდნენო. როგორც ჩანს, პაპუაშვილმა ჩაიტანა გარკვეული ინფორმაციები, რაზეც უკრაინელებს არაფერი ჰქონდათ გაგებული. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციები და საუბარი უკრაინის მაღალჩინოსნებთან შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ, პრემიერ ღარიბაშვილის დაუფიქრებელმა და არასწორად გაკეთებულმა აქცენტებმა გარკვეული გაუგებრობაც შექმნა. ამასაც გამოსწორება დასჭირდებოდა. ღარიბაშვილმა სამჯერ თუ ოთხჯერ თქვა, რომ სანქციებს არ ვუერთდებითო, არადა ჩვენი ქვეყანა დასავლეთის მიერ დაწესებულ ყველა სანქციებს ავტომატურად შეუერთდა.
გაეროში და ევოპულ სტრუქტურებში საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსეთისთვის სწორედ სანქციების დაწესებას მხარს უჭერდა. მერე უკრაინის ირგვლივ რა მხარდასაჭერი რეზოლუცია თუ განცხადება არ შემუშავდა, ყველას საქართველომ ხელი მოაწერა. ეს იქნება ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა, ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ხელმოწერა, გაეროში მხარდაჭერა და რა ვიცი, ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ვაქტიურობთ. აქ კიდევ პრემიერი ერთს ამბობს, პრეზიდენტი მეორეს და პარლამენტის თავმჯდომარე მესამეს. აბა, უკრაინელებმა რა უნდა გაიგონ, ამათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ და ერთი შემუშავებული პოლიტიკური გზავნილი არ გააჩნიათ“, - ამბობს საყვარელიძე.