„ქართული დელეგაცია ძალიან ყურადღებით მიიღეს, უკრაინის რადას თავმჯდომარე მთელი დღის განმავლობაში მათ თან ახლდა“

„ქართული დელეგაცია ძალიან ყურადღებით მიიღეს, უკრაინის რადას თავმჯდომარე მთელი დღის განმავლობაში მათ თან ახლდა“

მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ვიზიტის დროს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული გაურკვეველი მდგომარეობა გამოსწორდა.

უმრავლესობის წევრი ასევე შეეხო სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას და არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დელეგაციას სწორედ ამიტომ გამოეყო და მარტო წავიდა უკრაინაში, რათა დესტრუქცია მოეწყო.

გივი მიქანაძე: საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვანი და შედეგიანი გამოდგა. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინსა და უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა. პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ. ვიზიტამდე საუბრები სულ სხვა ტონალობაში მიმდინარეობდა, ხოლო ჩვენი დელეგაციის იქ ჩასვილის შემდეგ, დამოკიდებულებები შეიცვალა.

საინტერესოა სწორედ ამ ვიზიტის დროს უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ქართველ დელეგაციას წარუდგინა თუ არა მტკიცებულებები და ამ საკითხზე მოხდა თუ არა შეთანხმება?

- ვიზიტის დროს საუბარი ბევრ საკითხზე იყო, თუმცა ჩვენი დელეგაციის იქ ჩასვლა, პირველ რიგში, წამოადგენდა სოლიდარობის გამოხატვასა და ჩვენი მეგობარი ხალხისადმი სამძიმარის გამოთქმას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამ შეხვედრამ ხელი შეუწყო მნიშვნელოვანწილად ურთიერთობების დათბობას. ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ყოველთვის არსებობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ჩარჩოშივე გრძელდება. დელეგაციაში არ ვყოფილვარ და დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი ის, რომ ამ ვიზიტმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. ის, რომ ქართული დელეგაცია ძალიან ყურადღებით მიიღეს, ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე მთელი დღის განმავლობაში მათ თან ახლდა.

საკმაოდ რეზონანსული იყო ვოლოდიმერ ზელენსკის ქმედება, როდესაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. თუ გაქვთ ინფორმაცია, ამ ვიზიტის დროს აღნიშნულ საკითხზე თუ იყო საუბარი და რა გახდა რეალურად ელჩის გაწვევის მიზეზი?

- აღნიშნული საკითხი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ჩვენთვის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და გაუგებარი იყო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. დანამდვილებიდ რაიმის თქმა მიჭირს, გამომდინარე იქიდან, რომ დელეგაციაში არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, თუმცა აუცილებლად ეს საკითხები განხილული იქნებოდა.

ოფიციალურ დელეგაციის ვიზიტს წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი პრეზიდენტის ჩუმად გამგზავრება უკრაინაში. თქვენი აზრით, რა იყო მათი ცალკე ვიზიტის მიზანი და რატომ გამოეყვნენ საპარლამენტო დელეგაციას?

- მათი მიზანი არის ერთადერთი, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ, თუმცა ასეთი მოქმედება საზოგადოებაში გაკვირვებას აღარ იწვევს. ეს არის აბსოლუტურად ყველანაირ შესაძლებლობადაკარგული პარტია, რომელიც ომის პარტიად ჩამოყალიბდა და ცდილობს, სხვადასხვა საკითხებზე პროვოკაციულად დაიწყოს ლაპარაკი. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელია გარეული იმ ამბავში, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლების მხრიდან გარკვეული გაუგებარი განცხადებები ისმოდა. მათი მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთისგან გაემიჯნათ, რაც ვერ გამოუვიდათ და ვერც ვერასდროს გამოუვათ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლიანი მიდგომა ქვეყნისა და ხალხის მიმართ. შესაბამისად, უპასუხისმგებლო ნაბიჯს არასდროს გადავდგამთ, რამაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბაკურიანშიც კი, რევოლუციურ სცენარს განიხილავდნენ, რადგან ხელისუფლების დაბრუნება ასე სურთ. ამ რევოლუციურ სცენარებისა და ქვეყნის დაზიანების კონტექსტში სამი მიმართულება შეიკრა. ესენი არიან, მათი ბელადის, მსჯავრდებულ სააკაშვილის მომხრეები, ნიკანორ მელიას განახლებული გუნდის წარმოადგენლები და ამ სცენარის დამატება აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი. ეს სამი მიმართულება თავისი სცენარით ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ თავადაც ვერ გაერკვნენ, რას აკეთებენ. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი აქტიური იყო, როდესაც ჯერ საუბარი იყო, თითქოსდა უკრაინაში მხოლოდ ოპოზიცია უნდა წასულიყო, ისინი „ქართული ოცნების“ დამუნათებას ცდილობდნენ. როდესაც გაიგეს, რომ მმართველი გუნდიდან არა მარტო წარმოამდგენელი იქნებოდა, არამედ ამავდროულად, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებდა, ისინი ამ ყველაფერს გაემიჯნენ. საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი მთელი ქვეყნის მასშტაბთ სასაცილოდ ჩაიგდეს. მათი უკრაინაში ვიზიტის მიზანი იყო, რომ საზოგადოების თვალში ხელისუფლება არასწორად წარმოეჩინათ, მაგრამ თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. მათ უკრაინის ტრაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სურთ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წასვლისთანავე სუს-მა გამოძიება დაიწყო მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია აღნიშნული ბრალდება თქვენი ოპონენტების მიმართ და გაბედავდნენ ისინი უკრაინაში დელეგაციაზე თავდასხმას?

- ამ გარემოებას გამოძიება დაადგენს. მას შემდეგ, რაც პირველმა ვიცე-სპიკერმა შესაბამისი განცხადება გააკეთა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება. გამორიცხული არაფერია და შეიძლება, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მოხდა მათი მხრიდან ამ ჯგუფში წასვლაზე უარის თქმა. შესაბამისად, გამოძებას უნდა დაველოდოთ, თუმცა რეალობა ის არის, რომ კონკრეტული გარემოებები არსებობს, რომელსაც სუსი შეისწავლის და გამოავლენს, თუ რა სახის პროვოკაციები იგეგმებოდა და ვისი მხრიდან იყო დაგეგმილი. ამ ეტაპზე გამოძებას უნდა დაველოდოთ.