საპენსიო რეფორმის პროცესში მივიწყებულები

საპენსიო რეფორმის პროცესში მივიწყებულები

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბინინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს მიმართავენ და მათი საკითხით დაინტერესებას სთხოვენ. ამის შესახებ განცხადება მათ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. მათი განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2000-მდე თანამშრომელს, რომელიც 2000 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში გავიდა პენსიაზე, პენსია სტაჟისა და ნამსახურობის შესაბამისად არ ეძლევათ და ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების ბრალია. აქვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენსიონერები აღნიშნავენ, რომ მათ საკითხზე რაიმე წერილობითი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს არ გამოუცია, ეს მხოლოდ სიტყვიერი განკარგულებაა და ამის გამო ისინი სამართალს ვერ პოულობენ, რადგან წერილობითი ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, ხოლო ზეპირი განკარგულების არსებობის შემთხვევაში, მისი გასაჩივრების საშუალებაც არ არსებობს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თადარიგის პოლკოვნიკი, ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 მარტს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კანონში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. ამ ცვლილების თანახმად, ძალოვან უწყებების ყოფილ თანამშრომლებს, ვინც პენსიაზეა გასული, 2013 წლის პირველი აპრილიდან პენსია სტაჟისა და ნამსახურობის შესაბამისად განესაზღვრათ, რის შედეგადაც მათ მომატებული პენსია მიიღეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს საპენსიო რეფორმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს არ შეახო. კერძოდ, ეს ცვლილება არ შეეხოთ დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან 2000 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე იქნენ დათხოვნილები.

ვლადიმერ ტაბაღუა აცხადებს, რომ საკითხის გასარკვევად შესაბამის უწყებებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა იქიდან ბუნდოვანი პასუხი მიიღეს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ორი არგუმენტი მოჰყავს პასუხად. ერთი არის ის, რომ 2013 წლის 22 მარტს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებებში, თითქოსდა შესაბამის მუხლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები არ არიან მოხსენიებულნი. მეორე გარემოება, რის გამოც პენსიის გადაანგარიშებაზე უარი გვითხრეს, არის ის, რომ 2010 წლის პირველ ოქტომბერს პატიმრობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პატიმრობის შესახებ კანონი“, - აცხადებს ვლადიმერ ტაბაღუა.

მისი თქმით, სწორედ ამ კანონით რეგულირდებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური დაცვის საკითხები. ადვოკატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2000 წლის პირველ იანვრამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა იყო, ხოლო ამის შემდეგ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, დეპარტამენტი მთელი თავისი საშტატო განრიგით იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა. აქვე ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამ ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური დაცვა ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ვლადიმერ ტაბაღუას განცხადებით, პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩაიწერა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ „პოლიციის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ ვითარებაში გავიდნენ პენსიაზე ის ადამიანები, რომლებიც ახლა საპენსიო რეფორმაში ვერ მოყვნენ.

ვლადიმერ ტაბაღუას თქმით, ახალმა მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადახედა პენსიებს, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელს, ეს რეფორმა არ შეეხო. ადვოკატი აცხადებს, რომ არ იცის, ვისი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ამ ადამიანების გამოტოვება, თუმცა გარკვეული ეჭვები ამასთან დაკავშირებით აქვს.

„ახლა, როდესაც ქვეყანაში არის ორხელისუფლებიანობა და ისინი კოაბიტაციის რეჟიმში მუშაობენ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროში არიან როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ჩვენ ვფიქრობთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენზე შური ხომ არ იძიეს ციხის კადრების გამო. კერძოდ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ ჩვენი პენსიების გადახედვა არ მოხდა „პატიმრობის კოდექსის“ ამოქმედების გამო (სადაც ჩვენზე არაფერია ნათქვამი), ეს არგუმენტი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კანონს არ აქვს უკუქმედების ძალა და ჩვენი სოციალური დაცვა გარანტირებული იყო „პატიმრობის შესახებ კანონითა“ და „პოლიციის შესახებ კანონით“. კანონს უკუძალა არ გააჩნია, თუ ის ადამიანის სოციალურ მდგომარეობას არ ამსუბუქებს“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით ახალი კანონით პენსია შემდეგნაირად განისაზღვა - რიგით თანამშრომელს თითოეულ ნამსახურებ წელზე ორი ლარი უნდა მიეცეს, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას (კაპიტნამდე) თითოეულ წელიწადზე - ხუთი ლარი, უფროს ოფიცერთა შემადგენლობას (მაიორიდან პოლკოვნიკამდე) – 10 ლარი, ხოლო გენერლებს - 15 ლარი. ადვოკატი ამბობს, რომ კანონში მხოლოდ ასეთი ჩანაწერი გაკეთდა და არსაც არის იმ უწყებების თანამშრომელთა კონკრეტული ჩამონათვალი, რომლებსაც ეს რეფორმა უნდა შეეხოს. შესაბამისად, ეს ნორმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებზეც უნდა გავრცელებულიყო.

„პირველი აპრილიდან გაზრდილ პენსიებს ველოდებოდით და როდესაც ასე არ მოხდა, უამრავი ადამიანი ნერვიული სტრესის გამო ლოგინად ჩავარდა. მოგეხსენებათ, ამ 2000 პირის უკან, რომლებმაც ეს პენსია ვერ მიიღეს, მათი ოჯახები დგანან და ამიტომ მე ამ პროცესს ჩვენს გენოციდს ვუწოდებ. აქვე გეტყვით, რომ პირადად მე, სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში ხუთას ლარამდე უნდა მიმეღო, ახლა კი 110 ლარს ვღებულობ. ასევე არის ჩემი კოლეგების უმეტესი ნაწილი, რომლებსაც 430-450 ლარიდან 500 ლარამდე უნდა მიეღოთ, მაგრამ ახლა ას ლარზე ცოტა მეტს იღებდნენ. ეს ხომ ძალიან დიდი სხვაობაა? ამასთანავე, პირადად მე, თვეში ასი ლარის წამლები მჭირდება, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამიუარესდეს და ცხადია, რომ ის პენსია, რომელსაც ახლა ვღებულობ, არაფერში მყოფნის“, - აღნიშნავს ვლადიმერ ტაბაღუა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ცნობილი არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის. მათი თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილები გაგზავნეს, პასუხები ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღეს. ამიტომ მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ წერილების დაბლოკვა ხდება და ისინი ადრესატამდე ვერ მიდის, ხოლო შემდეგ ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ეწერება ამ წერილების განხილვა.

ამიტომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები მიმართავენ ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს და სთხოვენ, რომ მათი საკითხით დაინტერესდნენ, რათა ამ ადამიანებს, ისევე, როგორც ძალოვანი უწყებების სხვა დანარჩენ თანამშრომლებს, პენსიები სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით დაენიშნოთ.