უმუშევრობა ახალგაზრდებში არა მარტო საქართველოს, არამედ უკვე მსოფლიო პრობლემაცაა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელს მსოფლიოში უსამსახუროდ 73,4 მილიონი ახალგაზრდა დარჩება, რაც მოსახლეობის 12,6%-ია. სამომავლოდ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ათწლეულები არ იკმარებს.
ვითარება საგანგაშოა საქართველოსთვისაც, სადაც უმუშევრობის სერიოზული პრობლემაა. არსებული მონაცემებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელი 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 2.5-ჯერ ჩამორჩება უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელს. 20-24 წლის ასაკის უმუშევარი ახალგაზრდების მაჩვენებელი 67%-ზე მეტია.
საქსტატის მიხედვით, რომელიც ასახავს 2010 წლის მდგომარებას, 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 9% არის დასაქმებული, ხოლო 20-24 წლამდე დასაქმებულ ახალგაზრდათა რაოდენობა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების საერთო რაოდენობის 33% შეადგენს. დარჩენილი ნაწილი კი სამუშაოს უშედეგოდ ეძებს.
ეკონომიკის ექსპერტის ავთო სილაგაძის ვარაუდით, შესაძლოა, 2013 წლის ბოლომდე მდგომარეობა მცირედით გამოსწორდეს, თუმცა ვითარების არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.
“ახალგაზრდა 15 წლის ასაკს ზემოთ, თუ ის არ არის მოსწავლე ან სტუდენტი, უმუშევრად მიიჩნევა. ადრე ეს ასაკი 18 წლის და ზემოთ განისაზღვრებოდა. ახალგაზრდობაში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და ასე იყო ბოლო წლების განმავლობაშიც. სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი 15-16%-ის ფარგლეშია და გაცილებით მეტია ახალგაზრდებში.
პრობლემას ართულებს ისიც, რომ სამსახურს ვერ პოულობს ძალიან ბევრი, ვინც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს.
ვფიქრობ, 2013 წლის ბოლომდე მდგომარეობა მცირედით გამოსწორდება. პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა სოფლის მეურნეობის სფეროში და დამატებითი ინვესტიცია ჩაიდო, ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება ახალგაზრდების დასაქმებისთვის. ამის პოტენციური შესაძლებლობა გამოიკვეთა, თუმცა დასაქმების ზრდა სხვა მიმართულებითაც უნდა მოხდეს, ამისთვის გადამამუშავებელი მრწეველობის შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია”, - აცხადებს სილაგაძე.
საქართველოს შრომის კოდექსში აღნიშნულია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან წარმოეშობა და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვანებამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში არ შეეშალოს ხელი. რეალურად ეს მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში არ სრულდება იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არსებობს ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც ახალგაზრდებს არასრული განაკვეთით მოუწევთ ყოფნა და დარჩენილ დროს განათლებას დაუთმობენ.
საზღვარგარეთ, ბავშვები უკვე სკოლის ასაკიდან იწყებენ მუშაობას. გარდა იმისა, რომ იქ ბევრი სამუშაო ადგილია, ახალგაზრდებს ხელსაც უწყობენ იმაში, რომ პარალელურად სწავლაც შეძლონ. ხშირია შემთხვევები, როცა სტუდენტები სწავლის გადასახადს საერთოდ თავისი ხელფასით იხდიან. საქართველოში კი როგორი სიტუაციაა? ძლივს ხერხდება დასაქმება გამყიდველად, ოფიციანტად ან სადმე მომსახურების სფეროში და დასაქმებულს დილიდან გვიან ღამემდე უწევს შრომა შეუსაბამო ხელფასის სანაცვლოდ.
დამსაქმებელი სულაც არ ცდილობს 1 შტატი 2 ან 3 ადამიანს გაუნაწილოს და ამით სტუდენტებს სწავლის პარალელურად მუშაობის საშუალება მისცეს. მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს რესტორანში მთელი დღე ერთი ოფიციანტი იმუშავებს, თუ ორი გაინაწილებს სამუშაო დღეს? ასეთი რამ ჩვენთან თითქმის გამორიცხულია. ამიტომ სტუდენტი, რომელიც სწავლითაა დაკავებული, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს სრული განაკვეთით. გამოდის, მან რომ არჩევანი უნდა გააკეთოს - ან სწავლა, ან საკუთარი შემოსავალი, ხოლო ეს შემოსავალი ისეთია, რომ სწავლას ვერ მიატოვებს. საბოლოო ჯამში, სწავლის დასრულებამდე მშობლის ხარჯზე უხდება ყოფნა. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი მინიმუმ 22-24 წლის ასაკმდე გრძელდება.