აფბამ საბჭოთა ანაბრების პრობლემის შესახებ პირველი კონფერენცია გამართა

აფბამ საბჭოთა ანაბრების პრობლემის შესახებ პირველი კონფერენცია გამართა

პრობლემის მოგვარებაზე სამეცნიერო წრეების, ექსპერტული საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების 40-მდე წამრომადგენელმა იმსჯელა
24 მაისს, სასტუმრო „ვერე პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ორგანიზებით კონფერენცია - „საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი“ გაიმართა. ეს არის პირველი ორგანიზებულიღონისძიება, რომელიც საბჭოთა ანაბრების თემაზე გაიმართა და პრობლემის განხილვამ პოლიტიკური მანიპულაციების და პროვოკაციების სიბრტყიდან სამეცნიერო-ექსპერტული განხილვის და მსჯელობის ასპარეზზე გადაინაცვლა.

კონფერენციას აკადემიური წრეების, ექსპერტული საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება „საქართველოს ონომისტთა ასოციაციის“, „ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიების ცენტრის“ და „ახალგაზრდა ადვოკატების“ მხარდაჭერით გაიმართა. მედია-მხარდაჭერა კი Caucasian Business Week-მა, ანალიტიკური პორტალმა bpi.ge-მ, გაზეთმა "ბანკები და ფინანსებმა" და საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა for.ge-მ უზრუნველყვეს.

კონფერენციაზე მოხსენებები და შემდგომ დისკუსია რამდენიმე ძირითად საკითხზე გაიმართა, დაწყებული პრობლემის წარმოქმნის მიმოხილვითა და დამთავრებული დაზარალებულ მეანაბრეთა კომპენსირების სხვადასხვა მოდელების განხილვით.

კონფერენციაზე ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც ცალსახად დააფიქსირეს, რომ პრობლემა სახელმწიფო დონისაა და მისი პერსონიფიცირება და ცაკლეულ პიროვნებებზე მიწერა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

კონფერენცია პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა გახსნა, რომელმაც 90-იან წლებში განვითარებული მოვლენები საინტერესო პრეზენტაციაში გაშალა და წლების მიხედვითყველა მნიშვნელოვანი ფაქტი წარმოადგინა.

შემდგომ გარკვეული პერიოდი ანაბრების გაუფასურების მიზეზებზე საუბარს დაეთმო და გამომსვლელებმა საკუთარი შეფასებები გააკეთეს.

„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ დროა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ვინაიდან ეს მისი ღირსების საკითხია.
„ძალზედ ბევრი არასამართლიანი შეფასება მესმის ხოლმე, უნდათ ვიღაც პერსონალიების ძებნა, რაც, მინდა გითხრათ, რომ არასწორია და ამაზე დროის დაკარგვაც არ შეიძლება, ვინაიდან საბოლოო ჯამში პერსონალიებს მაინც ვერ გადავაბრალებთ. დროა სახელმწიფომ ეს პრობლემა მოაგვაროს“. ეს პრობლემა, პირადად მე, დიდი ხნის წინ მოვაგვარე, ავიღე ყველა წიგნაკი და დავხიე. ეს ჩემთვის იყო თავისუფლების ფასი, მაშინ დაინგრა ის იმპერია, ის ქვეყანა. ჩვენ რომ ჩავეძიოთ შეიძლება ლენინი გვყავდეს გასასამართლებელი და გორბაჩოვისათვის საყვედური გვქონდეს სათქმელი, თუ რატომ დაანგრია ეს იმპერია“, – აცხადებს გვასალია.

კონფერენციის დიდი ნაწილი სწორედ კომპენსირების მექანიზმებზე მსჯელობას დაეთმო და მონაწილეთა მხრიდან საკმაოდ ბევრი მოდელი იქნა შემოთავაზებული.

მნიშვნელოვანი, ყურადსაღები და საინტერესო იყო ბატონების - ანზორ საკანდელიძის და მალხაზ ცისკარიშვილის მიერ შემოთავაზებული მექანიზმი, რომელიც ანაბრების კომპენსირების გარდა მეწარმეობის ხელშეწყობასაც მოიცავს. კერძოდ, მათი იდეა მდგომარეობს საგადასახადო თამასუქების გამოშვებაში, რომლებიც დაზარალებულ მეანაბრეებს გადაეცემათ და მათ მიერ ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში ამ თამასუქით შესაძლებლობა მიეცემათ წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულება ჩაითვალონ. მეანაბრეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ეს თამასუქი გაყიდონ, როგორც ფასიანი ქაღალდი და ამით ხელი შეეწყობა მეორადი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. კომპენსირების აღნიშნული მოდელი კონფერენციაზე ფართო განხილვის საგნად იქცა.

ერთ-ერთი იდეა მდგომარეობდა დაზარალებული მეანაბრეების სხვადასხვა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებების აქციებით კომპენსირებაში, თუმცა „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით ამიდეის რეალიზება ვერ მოხერხდება, რადგან ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი განვითარებული არ არის და აქციების კოტირება არ ხდება. ამიტომ, პროფესორი პავლიაშვილი კომპენსირების ფულად ფორმას უჭერს მხარს.

კონფერენციაზე საინტერესო სქემა იქნა შემოთავაზებული ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას მიერ, რომელიც დაზარალებულ მეანაბრეებზე კომპენსაციის გაცემის ოპტიმალურ წყაროდ პრივატიზაციის შედეგად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებში აკუმულირებულ თანხებს მიიჩნევს. ექსპერტის შეფასებით ამ მექანიზმის გამოყენება ეკონომიკის სტიმულირებასაც მოახდენს, ვინაიდან ქვეყანაში თითქმის 2 წელია დეფლაციური პროცესები მიდინარეობს და ეკონომიკაში ფულის ინექცია დადებითად აისახება შექმნილ ვითარებაზე.

"ეროვნულ ბანკს გააჩნია იმაზე მეტი სავალუტო რეზერვები, ვიდრე მას სჭირდება. დღეისათვის საქართველოს 3 მილიარდი დოლარის რეზერვები გააჩნია. ამ 3 მილიარდიდან თავისუფლად შეიძლება გაიხარჯოს ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი გადაყვანილი ლარში საკომპენსაციოდ, უფრო მეტსაც გეტყვით, შესაძლებელია კომპენსაცია გაიცეს დოლარში, რომელიც საერთოდ გავლენას ვერ მოახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე“, - აცხადებს ლია ელიავა.

კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა „აორთქლებული“ ანაბრების მოცულობის დადგენის გზების თაობაზე. ფაქტია, რომ დღემდე დაზუსტებული და საბოლოო ციფრი არ არსებობს.

კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „საქსტატის“ წამომადგენელმა ლევან ქარსაულიძემ, რომელიც სახელმწიფოს შიდა ვალის პრობლემების შემსწავლელი კომისიის (აღნიშნულ კომისიას ეხება ანაბრების საკითხიც) წევრია, განაცხადა, რომ კომისიას ანაბრების პრობლემასთან დაკავშირებით ჯერ არ უმუშავია, თუმცა მათ მიერ შესწავლილი იქნა კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა, რომელიც ასევე სახელმწიფოს შიდა ვალია. ქარსაულიძის განცხადებით, ფასების დონის ცვლილების მიხედვით თანხების ინდექსირების შედეგად კოლოსალური ციფრი იქნა მიღებული და მისი შეფასებით ანაბრების ინდექსირების შემთხვევაშიც მიღებული თანხა იქნება ძალიან დიდი და ქვეყანა მის გასტუმრებას ვერ შეძლებს. თუმცა, კონფერენციის მონაწილეების მხრიდან იქვე დაფიქსირდა, რომ სახელმწიფოს მიზანია კომპენსირება დაარა ვალის სრულად ანაზღაურება.

განხილვის საგანი გახდა მონაცემთა ბაზის საკითხიც, რომელიც ანაბრების პრობლემის მოგვარების გზაზე ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორია. საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა „ვი თი ბი“ ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა თამარ კრაწაშვილმა, რომელიც ბანკში სწორედ მონაცემთა ბაზებისშექმნაზე მუშაობდა. მისი თქმით, მეანაბრეების რეესტრი 3 სხვადასხა ბაზაში ხდებოდა და შეუძლებელია, რომელიმე ბაზა დღეისთვის არ არსებიბდეს. ასე რომ, ამ მონაცემების მოპოვება, თუ მისი მიზანმიმართულად განადგურება არ მოხდა, პრობლემას არ უნდა უკავშირდებოდეს.

კონფერენციაზე ბევრი საინტერესო პოზიცია და მოსაზრება გამოითქვა. ამიტომ, კონფერენციის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების, გამართული დისკუსიის და შეთავაზებული იდეების სისტემატიზებაზე, თავმოყრაზე და მის გამოცემაზე. ეს დოკუმენტი იქნება ერთგვარი გზამკვლევი, კრებული, რომელშიც თავმოყრილი იქნება ანაბრების პრობლემის შესახებ სამეცნიერო წრეების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეჯერებული პოზიცია და ხედვა პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.