თავდაცვის სამინისტრო სამხედრო რეზერვის სისტემის განახლებას გეგმავს. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემუშავების პროცესში, განხილულ იქნა გასული წლების გამოცდილება და ფაქტორები. შესაბამისად, მიმდინარეობს არსებული რეზერვის სისტემის კონცეფციის გადახედვა. განახლება, რომელიც, დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უკეთ განსაზღვრავს რეზერვის ტიპებს.
განახლებული რეზერვის კონცეფცია შემდეგ პრინციპებს დაეყრდნობა - რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ორგანიზება და დაკომპლექტება. მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა, ეფექტიანი მობილიზაციის სისტემა, სათანადო აღჭურვა და წვრთნები, რეზერვის სისტემის მართვისა და კონტროლის თავსებადობა შეიარაღებულ ძალებთან, ოპერატიული დაგეგმვის პროცესში რეზერვის ამოცანების განსაზღვრა.
გარდა ამისა, იგეგმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, ისევ გენერალურ შტაბად გარდაქმნა. შეიარაღებულ ძალებს კი საქართველოს თავდაცვის ძალები დაერქმევა. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც არ განიხილავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“ დოკუმენტის მიხედვით, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს საკითხი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაერქვას საქართველოს თავდაცვის ძალები, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით და მართვისა და კონტროლის მექანიზმების ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა გენერალურ შტაბად.
გარდა ამისა, დოკუმენტის რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების შექმნა, რომლებიც მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონებში განახორციელებენ ოპერატიულ მართვასა და კონტროლს, სამობილიზაციო რესურსის უკეთ შესწავლასა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურ გადანაწილებას.
ასევე იქმნება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები – რესურსების ოპტიმიზირების, საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ერთიან დაქვემდებარებაში მოქცევის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩამოყალიბება, რაც გაზრდის მომზადების, წვრთნების შენარჩუნება-შეკეთების, მართვისა და კონტროლის ეფექტურობას, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების მხარდასაჭერად ცალკეული დაზვერვისა და სამედიცინო ბატალიონების ჩამოყალიბება, მობილურობის, საჰაერო თავდაცისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება.
ირაკლი ალასანიას უწყებამ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რეფორმებისა და მათი განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „თეთრი წიგნის“ გამოქვეყნება, რომელშიც აღწერილ იქნება თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული შტაბი 2013 წლის ბოლოსთვის ისევ უნდა გადაკეთდეს გენერალურ შტაბად. როგორც ცნობილია, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გენერალური შტაბი გარდაიქმნა გაერთიანებულ შტაბად, მოგვიანებით გაუქმდა საჰაერო, ასევე საზღვაო ძალები. შესაბამისად, სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ლოგიკურია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანას ისევ ჰყავდეს გენერალური შტაბი.
ამასთან ერთად, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები გაერთიანებულ შტაბში. მოხდა ე.წ. „ჯეი5“ -ს დეპარტამენტის აღდგენა, რომელიც ასევე გაუქმდა რამოდენიმე წლის წინ. „ჯეი5“ - ს დეპარტამენტი პასუხისმგებელია შეიარაღებულ ძალებში დაგეგმვის შემუშავებაზე. ამასთან, „ჯეი5“ -ს ემატება „ჯეი5/9“ დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებზე. ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ამ ცვლილების მიხედვით გაერთიანებულ შტაბის დეპარტამენტის შემადგენლობაში იქნება, ეს არის „ჯეი4/9“ დეპარტამენტი. რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეიარაღებულ ძალებში ფინანსური კუთხით დაგეგმვის საჭიროებაზე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ნოვაციურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იქმნება საზღვაო დეპარტამენტი, რომელიც აქამდე არ ჰქონია შეიარაღებულ ძალებს და მოხდება სახმელეთო სარდლობის მოდერნიზაცია, იქმნება დასავლეთის მიმართულების სარდლობები და ამასთან ერთად, მოხდება საჰაერო კომპონენტის აღდგენაც.
როგორც აქუბარდია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება, რამდენადაც ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყებამ უნდა განახორციელოს რეფორმების დაგეგმვა მის უწყებაში.
„დოკუმენტის მიღება დაგვიანებულია. იმდენად, რამდენადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იყო მოთხოვნა, რომ არსებული შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, განახლებულიყო სტრატეგული დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტი, კანონით არაა სტრატეგიული დოკუმენტების ნუსხას მიკუთვნებული, ამის მიუხედავად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება, რამდენადაც ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყებამ უნდა განახორციელოს რეფორემის დაგეგმვა მის უწყებაში.
დოკუმენტში საუბარი არის რეზერვის კომპონენტის აუცილებლობაზე. რაც შეეხება დანარჩენ ცვლილებას, დოკუმენტის მიხედვით, მოხდება ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეფორმირება, რას გააკეთებს სამხედრო პოლიცია. დოკუმენტი არის გათვლილი სამ წლიან ვარაუდებზე,“ - აცხადებს აქუბარდია.
რას შეეხება მთავარ რისკებს სამხედრო კუთხით, როგორც თეონა აქუბარდია განმარტავს, ეს რისკები ქვეყანას აქვს.
„არსებობს რუსეთის მხრიდან აგრესიის ალბათობა, ეს არის ტერორიზმი, ეს არის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სამხედრო შენაერთები და მომდინარე საფრთხე. ეს არის სამი ძირითადი საფრთხე, რომელსაც შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაუპირისპიროს ის ცვლილებები, რომელიც განსაზღვრულია მთავარ დოკუმენტში,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ როდესაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზეა ლაპარაკი, კომპლექსურად უნდა მოხდეს ამ საკითხვის განხილვა ქვეყნის ტერიტორიალური თავდაცვიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის, გენერალურ შტაბად გადაკეთება - გაერთიანებული შტაბი ეს არის შტაბი, სადაც სხვადასხვა სახეობებია, სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ძალები. ჩვენ არ გვყავს არც საჰაერო და არც სახმელეთო ძალები. აქიდან გამომდინარე, პრობლემა არაა ისევ გენერალურ შტაბად გადაკეთება მისი. თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ვლაპარაკობთ, კომპლექსურად უნდა იყოს განხილული ქვეყნის ტერიტორიალური თავდაცვიდან გამომდინარე.
არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე წელში ისევ სახმელეთო ჯარებისკენ დავბრუნდეთ და მიმართულებები ისევ სახმელეთო ჯარების ქვეშ იყოს მოქცეული. ეს კონკრეტულად იმ საფრთხეებიდან გამომდინარეობს, ვის წინააღმდეგაც ჩვენ შეიარაღებული ძალები გვჭირდება. ანუ როგორ დავიცავ უკეთ ჩვენი სამშობლო ამაზეა დამოკიდებული,“ - ამბობს აკია ბარბაქაძე.
რაც შეეხება სამხედრო რეზერვის სისტემის განახლების გეგმას, აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ აქამდე არსებული რეზერვის სისტემა იყო არასრული და არ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს.
„ეს იყო ფანჯარაში გადაყრილი ფული. 18-20 დღიანი მომზადების კურსი იყო არასრული და არასრულფასოვანია. როდესაც რეზერვზე მიდის ლაპარაკი, არ ხდება ნამსახურები ხალხის რეზერვში აყვანა, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. მაგალითად გერამნიაში, რეზერვში აყავთ ნამსახურები ხალხი, პლიუს ამას წელიწადში ერთხელ მიმდინარეობს 40 დღიანი დამატებითი წვრთნები, რომ მათ არ დაკარგონ უნარჩვევები.
თუ ჩვენ გადავდივართ პროფესიულ არმიაზე, ის რაოდენობა, რომელიც პროფესიულ არმიაში იმსახურებს, საკმარისი არ იქნება, იმ რაოდენობის რეზერვისთვის, რომელიც ქვეყნის თავდაცვას სჭირდება. აქედან, გამომდინარე მთლიანად არის გადასახედი ჯარის რეორგანიზაცია, რეფორმირება.
სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ პროფესიონალური არმია გაართმევს თავს იმ ამოცანას, რასაც ჰქვია თავდაცვა. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეტად აღმატებული არაკეთილმოსურნეები გვყავს ამ რეგიონში. ისინი რაოდენობრივად, ძალიან აღგვემატებიან და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნება შერეული ტიპის არმია. ეს იქნებოდა ნაზავი პროფესიონალიზმის და გაწვევითი სისტემის. ამ შემთხვევაში ის ხალხი, რომელიც გაწვევითი იქნებოდნენ, ერთი წლის მსახურის შემდეგ ავტომატურად გადავიდოდნენ რეზერვში და წელიწადში 40 დღე საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მათ შეენარჩუნებინათ თავისი გამოცდილება“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.