სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს მოსალოდნელი პროვოკაციის მოწყობაზე. გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაცია უკრაინელ კოლეგებს უკვე გადაუგზავნა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინული მხარე საგამოძიებო საქმიანობაში ვერ ჩაერევა. მისივე თქმით, თუკი ასეთი დანაშაული მზადდებოდა, ქართულ სამართალდამცველებს საქართველოშივე უნდა დაეკავებინათ დამნაშავები, ამ შემთხვევაში, უკრაინა არაფერ შუაშია.
ბატონო ლევან, სუს-მა სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და საქმის მასალები უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. დღეს, როდესაც უკრაინა საომარ მოქმედებებშია ჩართული, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ასეთ საგამოძებო საქმეში მიიღოს მონაწილეობა?
- ერთობლივი გამოძიების რა გითხრათ, მეეჭვება, რომ საქართველოშიც რაიმე პრესპექტივა ჰქონდეს ამ საქმეს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, 315-ე მუხლით 3-4 საქმე არის აღძრული. სხვათა შორის ეს საქმეები გარკვეულწილად უკრაინასთანაც იყო კავშირში, მაგრამ შედეგი დღემდე არ გვინახავს. შესაბამისად, არ მგონია, რომ პრესპექტიული იყოს ამ საქმის გამოძიება და რატომ? - იმიტომ რომ ეს ისეთი მუხლია, ვინ, სად, რას გეგმავდა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინა ამ საქმეში რატომ უნდა ჩაერთოს ამ ეტაპზე, ეს საჯაროდ არ არის გაცხადებული. ამიტომ, რომელ ერთობლივ გამოძიებაზეა საუბარი? რა უნდა გამოიძიონ და სად უნდა გამოიძიონ, მით უმეტეს, როდესაც კონკრეტული არაფერია ცნობილი?
ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის საგამოძიებო სამსახურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსები უდგანან სათავეში და ერთობლივ გამოძიებისთვის ეს ფაქტორიც შეიძლება ჩაითვალოს ხელის შემშლელად?
- უკრაინის საგამოძიებო უწყებებში „ნაციონალების“ მუშაობა ხელს არაფერს უშლის. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ერთობლივ გამოძიებაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, საქმე კონკრეტული უნდა იყოს - რა, ვის მიმართ და რომელ ტერიტორიაზე? საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქის მიმართ უკრაინაში რაღაცას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, უკრაინამ რა უნდა გაიგოს და რა უნდა გამოიძიოს?
როგორ ფიქრობთ, რატომ არ დააკონკრეტა საქმის დეტალები სუს-მა?
- კარგი კითხვა დასვით, მაგრამ ამასთან ერთად სხვა კითხვაც ისმის - ასეთი ტიპის საქმეებს 2014 წლიდან მეხუთედ რატომ აღძრეს? ეს ხომ მის რეპუტაციას ანგრევს, ეს ხომ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ანგრევს. ხომ არ შეიძლება, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს, იმ წუთშივე საქმე აღძრა?! ეს არ შეიძლება, მით უმეტეს ერთი სპეციფიკა აქვს სუს-ის საქმიანობას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გარდა საგამოძიებო საქმიანობისა აქვს ოპერატიული და კონტრსადაზვერვო ფუნქციებიც. შესაბამისად, თუკი ასეთი სერიოზული რამ ხდებოდა, კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში რატომ არაფერი გააკეთა? მეორე - უნდა წარმოვიდგინოთ მოვლენები როგორ ვითარდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ეთქვა დელეგაციაში ვიქნებიო, სუს საქმეს აღძრავდა? როდის გაიგო სუს-მა, რომ ასეთი რაღაც მზადდებოდა? გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიცოდით, რომ დელეგაცია უკრაინაში მიდიოდა. რატომ იქამდე არ გააკეთა განცხადება? ან რა კომუნიაკცია იყო მასსა და პოლიტიკურ დელეგაციას შორის? ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და სამწუხაროდ, ეს იქნება მორიგი საქმე, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი და პესპექტივა არ აქვს. ეს არის მორიგი ქმედება პოლიტიკური ინტერესების შესაფუთად.
თქვენ ამბობთ, რომ ერთობლივი გამოძიება ვერ ჩატარდება, მაშინ როგორ ფიქრობთ უკრაინული მხარე რა პასუხს გასცემს საქართველოს საგამოძიებო უწყებას?
- პირველ რიგში, ის მოვიკითხოთ, გააგზავნიან საქმეს თუ არა. ქვეყნის შიგნით გაკეთებული საჯარო განცხადება ადვილად წაკითხვადია. გააგზავნონ და შემდეგ ვიმსჯელოთ. რა უნდა გააგზავნონ? საქართველოს ერთი მოქალაქე მეორე მოქალაქეზე რაღაცას გეგმავს უკრაინის ტერიტორიაზე და არიქა, შენ შემოგევლე დაგვეხმარეო? უკრაინელი ხომ იტყვის - თუ მანდ იცი, ვინ რას გეგმავს, დააკავე საქართველოშივე, ჩემგან რა გინდაო. მით უმეტეს პოლიტიკურ პირზეა საუბარი და ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულის მომზადებაზეც კი, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დგება. თუკი ასეთ მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ, აქვე დააკავონ, უკრაინისგან რა უნდათ?