„ბავშვებს საქართველოში რობოტებივით დაპროგრამებულებს აბრუნებენ“

„ბავშვებს საქართველოში რობოტებივით დაპროგრამებულებს აბრუნებენ“

ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თავმოყრილი ქართველი ბავშვების თურქეთში გაყვანის დეტალებზე, ბათუმში გახსნილ მედრესეებზე, სასტუმროებსა და გონიოში არსებულ ვითარებაზე for.ge შეხვდა და ესაუბრა ბათუმში მცხოვრებ ნაზიმ ბერიძეს. მას საკუთარი მიკროავტობუსით თურქეთში ჩასვლა ხშირად უწევდა. იგი ამბობს, რომ ქართველი ბავშვების თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გაყვანასთან შეხება არაერთხელ ჰქონდა.   

ნაზიმ ბერიძე: ბათუმში მედრესეები პანტა-პუნტით იხსნება, რისთვისაც თურქეთიდან ძალიან დიდი ფული შემოდის. ისინი მთელ საქართველოში დადიან და აჭარიდან ჩასახლებულებს შორის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს არჩევენ. ბავშვები სწორედ ამგვარი ოჯახებიდან მიჰყავთ.

ვინ ეხმარება მათ საქართველოში?

- მათი ძირითადი დასაყრდენი ხულოს რაიონის მკვიდრ მოსახლეობას შორის არის.

იმიტომ რომ მთაა და მოსახლეობა შედარებით შეჭირვებულად ცხოვრობს?

- საქმე სხვაგვარადაა. სტიქიური მოვლენების გამო აჭარიდან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში: დედოფლისწყაროში, წალკაში, ბოლნისში... ჩასახლებულების 90% სწორედ ხულოს რაიონიდან არიან. ბუნებრივია, მათ თავიანთ მშობლიურ რაიონთან კონტაქტი, ნათესავებთან მისვლა-მოსვლა აქვთ. თურქები ხულოს რაიონში ადგილობრივებს აფინანსებენ და მათთან ერთად დადიან საქართველოს იმ რაიონებში, სადაც აჭარიდან ჩასახლებულები ცხოვრობენ.

რას სთავაზობენ იმ ოჯახებს, საიდანაც ბავშვები მიჰყავთ?

- შეთავაზება ასეთია - თქვენს შვილს წავიყვანთ, ვასწავლით, ვაჭმევთ, ვასმევთ და უკან ნასწავლს დაგიბრუნებთო. როცა თურქეთიდან უკან დაბრუნებულებს ჰკითხავ - აბა მითხარი რა ისწავლეო, გპასუხობენ აღმოსავლური ენებიო. რომ ჩაეკითხები - შენზე წინ ვინც დაამთავრა, იმათთან ხომ გაქვს ურთიერთობა და ეგებ მითხრა თურქეთში მიღებული განათლება რაში გამოადგათო? - გპასუხობენ, რაში გამოადგათ და მეჩეთში დაიწყეს მუშაობაო.    

ბათუმის მეჩეთი იგულისხმება?

- არა მხოლოდ ბათუმის. თურქეთიდან უკან დაბრუნებულებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მეჩეთებში ასაქმებენ.

რა ასაკის ბავშვებს ეტანებიან და მათ შორის გოგონებს თუ ბიჭებს?

- სკოლამდელებსაც და სკოლადამთავრებულებსაც, მათ შორის ბიჭებიც არიან და გოგონებიც. რადგან ბათუმელი გახლავართ, მოვლენებს ძირითადად ბათუმში ვაკვირდები. ქვეყნის გარედან შემოსული ფულით, ბათუმში საკმაოდ ძვირადღირებულ, კერძო სახლებს ყიდულობენ. მისამართები ვიცი. ბიჭებს ცალკე ამყოფებენ, გოგონებს ცალკე. გოგონები მუსლიმური წესით, ჩადრებით დადიან. თუ ვინმე ეზოში შევა, აკრძალული აქვთ ფანჯარაში გახედვაც კი.

ქალაქშიც ჩადრებით დადიან?

- ქალაქში კი არა, ტვინს ისე უტრიალებენ, მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება.

ეს ბავშვები სკოლებიდან გამოჰყავთ?

- რაიონებიდან ჩამოყვანილი ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში დადიან, ხოლო შემდეგ მედრესეებში მიდიან და იქ ცხოვრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მათ თურქეთში აგზავნიან. სკოლადამთავრებულები კი ბათუმის მედრესეებში სამ-ოთხთვიან მოსამზადებელ ეტაპს გადიან, ენას იტეხენ და ამის შემდეგ თურქეთში ამწესებენ.

იმ ოჯახებს, საიდანაც ბავშვები მოჰყავთ, რაიმეს აძლევენ?

- ოჯახები ფულს არ იღებენ, მაგრამ შვილებს იმ შთაგონებით ელოდებიან, რომ უკან ნასწავლები და განათლებულები დაბრუნდებიან. რეალურად, კი არ ასწავლიან, არამედ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ და საქართველოში რობოტებივით დაპროგრამებულებს აბრუნებენ.

რამდენ ხანს აჩერებენ თურქეთში?

- სხვადასხვა ეტაპებია და ბავშვებს იქ იმისდა მიხედვით ამყოფებენ. ბათუმიდან ზოგი სტამბულში მიჰყავთ, ზოგი ტრაპიზონში. კიდევ არის პატარა ქალაქები: ფაცა, უნია, ორდუ, სადაც ეს ბავშვები ჩაყვანილი და დატოვებული მყავს. სამარშრუტო მიკროავტობუსი მყავდა, ბათუმი-ტრაპიზონზე ვმუშაობდი, ჩემს მიკროავტობუსს ქირაობდნენ და ეს ინფორმაციაც აქედან მაქვს.  

ქართველ ბავშვებს პატარა ქალაქებში სტამბულიდან და ტრაპიზონიდან ანაწილებენ?

- არა, ბათუმიდან რომ მიჰყავთ, უკვე იციან ვინ რომელ ქალაქში, რა მისამართზე მიდის. ბათუმში ისეთ ადგილას ვცხოვრობ,  ახლოს მედრესეებია. ბავშვების გაყვანა ახლა არ დაწყებულა, ეს პროცესი მრავალი წელია მიდის.

უმაღლესი განათლების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს აძლევენ?

- დამაინტერესა და არაერთხელ ვთხოვე მაჩვენეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ვიმეორებ - თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი გოგო-ბიჭები იმ დონეზე დაპროგრამებულები არიან, ამბობენ დიპლომი არ მაინტერესებს, მე ვარ მუსლიმი და ჩემს რელიგიას ვცემ პატივსო.

ამ ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის საქმეში აჭარის მუფთი და მისი გარემოცვა ჩართულია, თუ არა?

- ინფორმირებული უდაოდ იქნება, მაგრამ უშუალო შეხება აქვს თუ არა, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. ვიცი ის, რომ ბავშვების თურქეთში ჩაყვანას ორგანიზებას ვინც უკეთებს, ისინი მუფთთან ძალიან დაახლოებული პირები არიან.

ქართველები არიან?

- დიახ, ქართველები არიან. თურქი მოდის, აფინანსებს, პროგრამას უწერს, რა როგორ უნდა გააკეთონ და მერე ეს გეგმა აქაურს სისრულეში მოჰყავს. ჩვენდა სამწუხაროდ,  ამ საქმეში მათ ხელს არავინ უშლის. დღემდე ვერ მოვიპოვე ინფორმაცია ბათუმის მედრესეებში რას, როგორ, რა პროგრამით ასწავლიან. არ ვიცი აქვთ თუ არა რაიმე ნებართვა, ლიცენზია განათლების სამინისტროდან.

ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ განათლების, ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ დაგიკავშირდნენ, მზად ხართ მათთან სასაუბროთ?

- რა თქმა უნდა, მზად ვარ და მოხარულიც ვიქნები, თუ ამ რთულად მოსაგვარებელი პრობლემის გადაჭრაში მცირედ წვლილს მაინც შევიტან.

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, ბათუმში მეჩეთის აშენების თაობაზე?

- რა თქმა უნდა, გამოკითხვაში მონაწილეობა მივიღე. ჩემი მეუღლე ამ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. გამოკითხვის ფურცლები მეზობლებს შეავსებინა. ჩვენთან ახლოს მუსლიმი ქართველებიც ცხოვრობენ. ვთხოვე მაინც მოერიდე, მეზობლები არიან-მეთქი. ჩემი მეუღლე კი მოერიდა, მაგრამ თავად მოვიდნენ და უსაყვედურეს - რატომ არ მოხვედი? გვეწყინა, ჩვენთან თურქები რა შუაში არიანო.

მუსლიმები არიან, მეჩეთში დადიან, მაგრამ თურქების აშენებული, ან თურქეთთან პოლიტიკური შეთანხმებით აშენებული მეჩეთი, არც მათ უნდათ.

წეღან ხულოზე გელაპარაკებოდით და ვინც ვითარებაში ვერ ერკვევა, შესაძლებელია იფიქროს ხულოში ვინც ცხოვრობს, ფულის გულისთვის ხელს ყველა ყველაფერზე აწერს. არა ბატონო, ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელ ხალხთან ერთად საღად მოაზროვნე ქართველები იქაც არიან, სხვანაირად ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რად გინდა?! ვერც ისინი და ვერც ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ ვუშლით. მაგალითად, ნიგვზიანში შეხლა-შემოხლა რომ მოხდა, აჭარიდან ვინმე სიტყვით გამოვიდა? - არავინ გამოსულა. თბილისში არასამთავრობოებმა ერთი ამბავი ატეხეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წაქეზებული პროცესი გაამართლეს და ნიგვზიანელების აქტიურობა დაგმეს. შესაძლებელია მათ ჩემი და ჩემნაირების განცხადებებიც დაგმონ.

რა ინფორმაცია გაქვთ გონიოში არსებულ ვითარებაზე? 22 მაისს ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

- გონიოში რთული ვითარებაა, რაშიც ხელისუფლებას წვლილი ნაკლებად მიუძღვის, მაგრამ ვითარების გამოსწორებაზე სახელმწიფომ თუ არ იზრუნა, უბედურება შეიძლება დატრიალდეს. საერთოდ, სოფელში მაცხოვრებელი სხვაა, უმეტესობა ქართული მენტალობით ცხოვრობს და ქალაქში სხვაგვარი ვითარებაა.

მოგეხსენებათ გონიოში კერძო სახლებია. პირველი სართული მთლიანად გაქირავებული აქვთ, მეორეზე დედა, მამა, ძმა, და, რძალი, ბავშვები ცხოვრობენ. პირველ სართულზე თურქი შუა აზიელ ქალბატონებთან ერთად რასაც უნდა იმას შვება. ამგვარი სახლის მეპატრონეებისთვის მიკითხავს - სახლს ამათზე რატომ აქირავებ, ამას მიშა გავალებს თუ ბიძინა-მეთქი და მპასუხობენ, რა ვქნა, ბანკში ვალი მაქვსო.

გონიოში თურქი გარყვნილ ქალს და პატიოსანი ოჯახიდან მაღაზიაში პურის საყიდლად გასულ გოგოს, ერთი თვალით უყურებს. ვერ ხვდება რომელი რომელია.

გავრცელებული ცნობით, ბათუმის სასტუმროებშიც დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა.

- ჰო, მაგრამ ბათუმი საკურორტო ქალაქია და ეს “ბიზნესი“ იურიდიულ ჩარჩოებშია მოქცეული. გახსნილი და ოფიციალურად დარეგისტრირებულია სასტუმროები, სადაც დისკო კლუბებია. ადამიანი იქ შედის, სასმელს, საჭმელს იღებს, ცეკვავს, მერე ნომერში ფულს იხდის, ადის, დროს სასურველად ატარებს და იქაურობას ტოვებს. კანონს არ არღვევს. ნომერში შუა აზიელ ქალბატონთან ერთად შესვლას კანონი არავის უკრძალავს. არც ცეკვა და დალევა იკრძალება. ასეთ ადგილებში ქართველების ადგილი არ არის, იქ თურქები დადიან, რადგან თავიანთ ქვეყანაში ასე თავისუფლად ვერ ერთობიან.

რაც შეეხებათ იმ ქალბატონებს, რომლებთან ერთადაც სასტუმრობსა და ბარებში დროს ატარებენ - ესენი არიან თურქეთიდან დეპორტირებულები, მათ შორის ქართველებიც. ტელევიზიით ვნახეთ მათი დაკავება, მაგრამ რად გინდა?! ორ საათში ათავისუფლებენ. მერე როგორ არის იცით?! თურქეთიდან დეპორტირებულები აქ რომ იწყებენ ფულის კეთებას, ნათესავებს და მეგობრებს ურეკავენ და ბათუმში იწვევენ.

სასტუმროებში ცხოვრობენ?

- ოთხი-ხუთნი შეამხანაგდებიან და ბინას ერთად ქირაობენ ხოლმე.

რატომ ხვდებიან აქ თურქეთიდან დეპორტირებული შუააზიელები?

- მეც მაინტერესებს თურქეთიდან დეპორტირებულს საქართველო რატომ ღებულობს. საინტერესოა რა პასუხი აქვს ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს? როგორც ამ პრობლემას, ისე ბავშვების თურქეთში გაყვანას და მედრესეების ბითუმად გახსნას ჩვენმა სახელმწიფომ დროულად თუ არ მიხედა, მერე ძნელი და გვიანი იქნება.