რუსეთის მორიგი მუქარა დასავლეთს - უცხოური მედიის ინფორმაციით, კრემლმა ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს.
„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გულისხმობს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის მიერ აშშ-სადმი გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაში.
ამ დროისთვის, აშშ-მა უკრაინას მთლიანობაში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო. აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება დამტკიცდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღდგენილია „ლენდ-ლიზის“ პროგრამა, რომელიც თავის დროზე აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა.
ამ ყველაფრის ფონზე ექსპერტთა ნაწილს არ უკვირს რუსეთის პრეზიდენტის მუქარა. ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს თითი აქამდეც დაუქნია, თუმცა შესაბამისი ნაბიჯი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ დღეს რეალურად იკვეთება ოკუპანტი ქვეყნის დამარცხების სერიოზული კონტურები, შესაბამისად გაიზრდება კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებებიც.
საერთაშორისო საკითხებში ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, იმის ფონზე, რომ რუსეთს სამხედრო რესურსი ეწურება, ის ერთგვარ ზეწოლას ზრდის დასვლეთზე, თუმცა, ამ ეტაპზე, პუტინის მუქარა შესაძლოა, უბრალოდ, მუქარად ჩაითვალოს. როგორც ჩიტაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დღეს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში, ფაქტობრივად, ჩართულია და ამასთან, მესამე მსოფლიო ომის კონტურებიც შეინიშნება.
„იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სამხედრო ოპერაციები გახდა წარუმატებელი და განსაკუთრებით გამწარდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირეს, რომლის ღირებულება 750 მილიონი დოლარი გახლდათ, ეს იყო რუსეთის გამწარების ერთგვარი პიკი. დღეს კრემლი ცდილობს დასავლეთის დაშანტაჟებას, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლიც მიხედვითაც, მან სტრატეგიული თავდაცვითი ძალები მოიყვანა განსაკუთრებულ მდგომარეობაში და ამით რუსეთმა დასავლეთს მიანიშნა, რომ მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება.
მედვედევის განცხადებაც იყო, რომ კრემლი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს თუ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება. დრო და დრო, რუსეთი თითქოს ამოწმებს დასავლეთის ნერვებს. სხვადასხვა განცხადებები გაკეთდა მანამდეც, რომ რუსეთი იერიშს მიიტანდა კოლონებზე, რომლის ტრანსპორტირება უკრაინის მიმართულებით დაფიქსირდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთმა ეს ვერ გაბედა. შემდეგ განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. თუმცა, დასავლეთი დათმობაზე არ წავიდე და რუსეთი იძულებული იყო, დათანხმებოდა დასავლეთის პირობებს.
აქაც, უფრო დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რუსეთმა დასავლეთი დააშანტაჟოს, რადგან იგი ხედავს, სამხედრო რესურსი არ ჰყოფნის და იძახებს შეიარაღებულ ძალებს შორეული აღმოსავლეთიდან. თუმცა, რუსეთისგან არაფერია გამორიცხული, რომ წავიდეს ვა-ბანკზე, მიმართოს უკიდურეს ზომებს. რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, პუტინის სკამსაც პრობლემები შეექმნება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს ჰგავს შანტაჟს და ამ ეტაპზე ოფიციალური რუსეთი სინჯავს დასავლეთის ნერვებს. დასავლეთი, ფაქტობრივად, ჩართული არის ომში რუსეთის წინააღმდეგ და შეიარაღებას აწვდის უკრაინას. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ყველაფერი სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, თუმცა მესამე მსოფლიო ომის კონტურები მაინც შეინიშნება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ფიქრობს, „ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც. ყოველ შემთხვევაში, არის მსგავსი საშიშროება“.
მისი თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება მიმართოს ბირთვული იარაღის გამოყენებას, როგორც უკანასკნელ არგუმენტს. არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო არ აპატიებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.
„ააფეთქეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შემდეგ რა ხდება? აუფეთქებენ საპასუხოდ, ან აამოქმედებენ ისეთ ძალას, რომლებსაც ვერ გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი. მარტივი მაგალითი - დასავლეთი, დაინახავს რა დაკვამლიანებულ ნანგრევებს, დაარტყამს ჯარს, ან რომელიმე ქალაქს. მთელი მსოფლიო გამონაკლისის გარეშე გაიგებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ შეჩერდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
ის მიიჩნევს, რომ მსგავსი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ჩინეთი კოორდინირებას მოახდენს დასავლეთის ქვეყნებთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, რათა გასცეს პასუხი. არესტოვიჩი ასევე უშვებს პუტინის ფიზიკური ლიკვიდირების შესაძლებლობას.
„პუტინის დაცვის ოფიცრები გახდებიან მილიარდერები და სიტუაცია ძალიან მოკლე პერიოდში გადაწყდება“,- აღნიშნა არესტოვიჩმა.
თქვენც რააა ამერიკელებივით მართლა ეხლა გაიცანით რუსეთიიი?
ოღონდ იაპონიის მხრიდან ისროლოს იაპონიის მხრიდან ......
ჩვენ ორივემ თავი დაგავანებოს და მოსტყვნიათ ორივეს პატრონი