„არ არის გამორიცხული ტერორისტული აქტი განხორციელდეს იმ მარშუტზე სადაც გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარე“

„არ არის გამორიცხული ტერორისტული აქტი განხორციელდეს იმ მარშუტზე სადაც გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარე“

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ერთდღიანი ვიზიტის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა უკრაინულ მხარეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს.

დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი კოლეგები ამ კონსულტაციებით და თავისი რესურსებით შეძლებენ, რომ არ იქნას დაშვებული დელეგაციის მიმართ რაიმე პროვოკაცია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ არაფერია გამორიცხული, იცის შალვა პაპუაშვილმა, რომლის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას უსაფრთხოების ზომები ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა საერთოდ ჩაეშალა ვიზიტი ოპოზიციის მონაწილეობით.

„ულტიმატუმის დაყენებით, ყველა ან არავინ, როდესაც შევთავაზეთ ყველა წამოსულიყო, მაშინ გადათქვეს და თქვეს, რომ უკვე აღარ იქნებიან ამ დელეგაციაში. მათი არმონაწილეობა გარკვეულ ეჭვებს იწვევს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩვენ მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგეთ, მათ გამოვუცხადოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით. ეს არ არის პარტიული ვიზიტი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიმიჯნა პარლამენტისგან. ეს არის სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხის სახელით. საჯარო განცხადებებში იყო საუბარი, რომ მათი განწყობა როგორია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, გვესმოდა იქ მყოფი მათი წარმომადგენლების მხრიდან, დეტალებში არ შევალ. იქნება ძალიან თბილი და მეგობრული ვიზიტი, ჩვენ იქ ძალიან გველოდებიან, უხარიათ, რომ ეს დელეგაცია ჩადის, რომ არის ინტერპარტიული დელეგაცია და ჩვენ სწორედ ამ ემოციის გამოსახატად ჩავდივართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით უკრაინაში არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტამდე რამედენიმე საათით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. ნაციონალებთან ერთად უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლის განცხადებით, ამ ვიზიტით სურდათ ეჩვენებინათ უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ბოდვის დაშვება ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა. ბეჟაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით არასერიოზულ რეაგირებას განაგრძობს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ერთი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენია და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით და მათზე „ფეიკი“ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით არიან დაკავებული. ამ სისხლის სამართლის საქმეების უკვე არც არავის სჯერა და არც არავის ეშინია.

2012 წლის შემდეგ ასეთი არა ერთი საქმე აღიძრა - გახსოვთ, „საბურავების საქმე“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის გადატრიალებები და უამრავი სხვა ფალსიფიცირებული საქმე. მიზანი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კვლავ მოატყუონ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ, „ფეიკ“ მტრები შექმნან და შემდეგ ამ „ფეიკ“ მტრებთან ბრძოლა და გამარჯვება აზეიმონ, ეს არის მთელი ამბავი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ უპრიანი იქნებოდა, საპარლამენტო დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ განხორციელებულიყო. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს მაღალი რანგის თანამდებობის პირს და მისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასურველია არ იმოძრაოს გარკვეულ ჯგუფთან ერთად.

„არსებობს პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის და ზოგადად, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისთვის მიუღებელი პოლიტიკური პარტიების ჩამოსახსნელად ადგილი აქვს ტერორისტულ აქტსაც კი. ამის მაგალითი გახლავთ ის, რაზეც თქვენ ისაუბრეთ პოლონეთთან მიმართებაში, როდესაც პრაქტიკულად, პოლიტიკური ელიტა ჩამოიშალა და გარკვეულწილად, მან საფრთხე შეუქმნა პოლონეთის ეროვნულ მიმართულებას. ვთვლი, რომ მიზანშეწონილი არ არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დაგეგმარება პარლამენტის წევრებთან ერთად. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, რომელზედაც თქვენ მეკითხებით, ვერ ვხედავ საკმარის მოტივაციას, რატომაც თქვეს უარი ვიზიტზე“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, შესაძლებელია ოპერატიულ სამსახურებს არა მარტო ეჭვი, არამედ ჰქონდეთ ოპერატიული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის უსაფრთხოებას.

„ჩვენ ბევრი მიმართულებით ვიგვიანებთ და განსაკუთრებით ვიგვიანებთ საკანონმდებლო ურთიერთობებიდან გამომდინარე. აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანომ იზრუნოს სპეცსამსახურების აქტიური ქმედებების მაპროვოცირებელი საკანონმდბელო აქტების მიღებაზე. ხელშეწყობილი უნდა იქნეს, რომ საქართველოს სპეცსასმახურებმა - როგორც სადაზვერვო, ასევე კონტრსადაზვერვო უწყებებმა, შეძლონ უცხო ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზაცია.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მათთან აგენტურულ კავშირში, ან სხვადასხვა ხასიათის ალიანსებში საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, რომლებიც რეალურად აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ზოგადად, გარკვეული საფრთხის შემცველიც კი არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას ჰყავს დასაყრდენი სამხედრო ძალა იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები.

იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ქართული დელეგაციის კოორდინატები იქნება ცნობილი და გარკვეულწილად უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების, ასევე მათი ნების აღმსურებელი პოლიტიკური ძალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა, არ არის გამორიცხული, ტერორისტული აქტი განხორციელდეს იმ მარშუტზე, სადაც გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი უნდა განხორციელდეს გასაიდუმლოებულ რეჟიმში და უსაფრთხოების მაღალ დონეზე იქნას აყვანილი. ძალიან საფთხილოა და საშიშია ამ კუთხით მოძრაობა. ნუ შევედრებით იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მყარი უსაფრთხოების სისტემა გააჩნიათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.