„რა გააკეთეთ, მაკრონ?!“

„რა გააკეთეთ, მაკრონ?!“

bპუტინთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიოში ცალკეულმა ადამიანებმა დაასკვნეს, რომ საფრანგეთის შუამავლობით არაფერი გამოდის, ვერც სარკოზიმ გააკეთა დიდი საქმე საქართველოსთვის და ვერც მაკრონი ახერხებს რამეს უკრაინისთვის პუტინთან მოლაპარაკების პროცესში. აგვისტოს ომის დროს სარკოზის შუამავლობით წამგებიან ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი ქართულ მხარეს. ასევეა მაკრონიც, რომელიც შედეგს ვერ დებს პუტინთან პირისპირ. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ „ხულიგანი ბიჭი“, როგორც პუტინს ეძახიან, იოლად ახერხებს გააცუროს სნობური დასავლეთი.

„რა გააკეთეთ, მაკრონ? რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა მის მიერ განხორციელებული რაიმე ქმედება? დამნაშავეებთან მოლაპარაკება არ უნდა აწარმოო, მათ უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან მოლაპარაკებას აწარმოებდით?“ - არ დამალა თავისი აღშფოთება მაკრონის წარუმატებელი შუამავლობის გამო პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ.

მართლაც, პუტინთან მოლაპარაკების პროცესში მაკრონს არ გამოადგა არც კრემლის ლიდერთან რუსულად მისალმება, არც შენობით საუბარი ფამილარული ატმოსფეროს შესაქმნელად, არც მისთვის თავის დროზე მირთმეული მცირეოდენი საჩუქრები, არც ვერსალის სასახლეში პუტინის მიღება თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, რაც მეგობრულ ჟესტს ნიშნავდა, მაკრონს არ უშველა არც იმან, რომ პუტინის მიმართ ნათქვამ ბაიდენისეულ ფრაზას - „ჯალათს“ გაემიჯნა. კრემლის ლიდერთან მოლაპარაკების შედეგები ისეთივე მიუწვდომელი აღმოჩნდა, როგორც ის 4-მეტრიანი კოლონებიანი მაგიდა, რომელთანაც პუტინმა მიიწვია მაკრონი და რომლის გრანდიოზულობითაც პუტინი შიშის ზარს სცემს მტერსა და მოყვარეს, გეგონება, პუტინთან კი არა, ზევსის სვეტებიან დიდ ტაძარში შედიხარ, სადაც პუტინის ნაცვლად ფიდიასის მიერ შექმნილი ზევსის გრანდიოზული ქანდაკება დაგხვდება.

რატომ ვერ ახერხებს მაკრონი, ეს ერთადერთი ძირითადი შუამავალი პუტინთან მოლაპარაკების პროცესში, წარმატების მიღწევას და პუტინთან საუბრის შემდეგ რატომ ისმის მისი სიტყვები მძიმე განაჩენივით: „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“? იქნებ, პუტინს პუტინისვე მსგავსი გამოცდილი ადამიანი უნდა ელაპარაკოს და არა მაკრონი, ან თუნდაც სარკოზი?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აგვისტოს ომის დროს სარკოზიმ მოახერხა ის, რაც მოახერხა, რადგან იმ პერიოდში ასეთი მკაცრი სანქციები არავის დაუწესებია რუსეთისთვის. რაც შეეხება მაკრონს, მან მოლაპარაკების პროცესს მცდელობა არ დააკლო. თუმცა მისით კმაყოფილნი არ არიან აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გასაგებიცაა, ძალიან დიდი სხვაობაა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის რუსეთთან მიმართებით. აღმოსავლეთ ევროპა უფრო მკაცრია რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვიდრე დასავლეთი. ამის მიზეზი ისაა, რომ 40 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპა რუსეთის ჩექმის ქვეშ იმყოფებოდა.

„მესმის, რომ დასავლეთ ევროპაც ცუდად იყო რუსეთის გამო, მაგრამ ის, რაც აღმოსავლეთ ევროპამ გადაიტანა, არ არის ერთი ხარისხის. ამიტომ, რასაც ამბობს პოლონეთის პრემიერი, სრულიად გასაგებია, ის ითხოვს გაცილებით აქტიურ ჩარევას ნატოს მხრიდან, ბალტიისპირეთიც უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს, ვიდრე მაკრონი და ჰოლცი არიან მზად. გამონაკლისს წარმოადგენს ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ლიდერი ტეტჩერის შემდეგ ნამდვილად არ ჰყოლია ბრიტანეთს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე“ ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რთულია იმაზე მსჯელობა, რა როლს ასრულებს მაკრონი მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ სარკოზთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ სარკოზის შუამავლობა იმიტომ იყო წარმატებული ჩვენს საცოდავ ქვეყანაში, რომ მიშა სააკაშვილმა და იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ყველაფერს, მათ შორის, ცალმხრივად მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტას და კაპიტულაციას.

„ეს იყო კაპიტულაცია, რაც სარკოზის შუამავლობით განხორციელდა, ეს იყო ლაჩრობა, გამყიდველობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც რაღაც ორ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილებას მოაწერა ხელი, რომ ქართულმა მხარემ თურმე დაბომბა მძინარე ცხინვალი აკრძალული იარაღით, კასეტური ბომბებით. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის რეალური სახე, მათ რუსეთი სუფთად გამოიყვანეს იმ სიტუაციაში და თქვეს, თითქოს კასეტური ბომბებით დავბომბეთ ცხინვალი. რუსეთიც ამას იძახდა, ჩვენს მოქალაქეებს ავიწროებენო. უფრო მეტიც, იმდროინდელი ჩვენი მინისტრები ამბობდნენ, 7 აგვისტოს არანაირი ომი არ იყო დაწყებული, ეს იყო შიდა კონფლიქტიო, მაშინ, როდესაც ბომბებს ისროდნენ რუსები და აფეთქებდნენ ქართულ მხარეს“,- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მანვე განმარტა, რომ „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც ამბობდა, რუსებმა საერთოდ არაფერი არ იცოდნენ ამის შესახებ, პირიქით, მე მეკითხებოდნენ, რა ხდება, რა მდგომარეობაში ხართო. შემდეგ ვაშაძე ეხვეწებოდა რუსულ მხარეს, იქნებ, აღვადგინოთ კულტურული ურთიერთობები, ვიცეკვოთ და ვიმღეროთო.

ნანა კაკაბაძის თქმით, ეს ნაძირლები დღეს კიდევ სხვებს აწებებენ პრორუსულ იარლიყებს, თვითონ 30 ობიექტზე მეტი მიჰყიდეს რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ, მათ შორის, მიჰყიდეს წყალი.

„ჩვენ ვერ გადავფარავთ იმ 4 ვეშაპ ტელევიზიას, რომელიც პოლიტიკური უჯრედია „ნაცმოძრაობის“ ხელში. ცხადია, პარტიებს ჰყავთ ტელევიზიები, რომლებიც მათ პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირ სიბინძურეზე ხელი მოაწერონ და ყველანაირი ტყუილი იკადრონ“,- მიიჩნევს ნანა კაკაბაძე.

Aburjga Tasmanieli მატეუშ მორავეცკი არის მთხლე! პოლონეთი არის მსოფლიოს სადგისი!
2 წლის უკან