„ტერმინებში ფრთხილი ვქნები, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“

„ტერმინებში ფრთხილი ვქნები, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება,  აქამდე თუ რუსეთს ღიად უპირსპირდებოდა, ახლა უკვე, რუსეთთან მიმართებაში, შერბილებულ განცხადებას აკეთებს.

„ტერმინებში ფრთხილი ვქნები, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“, - განაცხადა მაკრონმა და რუსეთის ქმედებების გენოციდად მოხსენიებაზე უარი თქვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის რუსეთთან მიმართებაში შერბილებულ ტონს ანალიტიკოსები, 24 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირებენ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მაკრონი ყველაფერს რასაც აკეთებს, განპირობებულია არა უკრაინით, არა რუსეთით, არამედ ელექტორატზე გათვლილი ციტატებით, რომლებმაც ის წარმატებამდე უნდა მიიყვანოს.

„მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება, რომელიც 24 აპრილს შედგება. მისი სხვაობა მეორეადგილოსან, მარინ ლე პენთან საკმაოდ მწირია. ულტრამემარჯვენე ძალებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი ლე პენს დაუჭერენ მხარს. ამიტომ, მაკრონი ყველაფერს რასაც აკეთებს, განპირობებულია არა უკრაინით, არა რუსეთით, არამედ ელექტორატზე გათვლილი ციტატებით, რომელმაც ის წარმატებამდე უნდა მიიყვანოს. ემანუელ მაკრონს რასაც მისი პოლიტ-ტექნოლოგები და პიარ-ტექნოლოგები ურჩევენ, იმას აკეთებს. როგორც ჩანს, ელექტორალური განწყობა არის ზუსტად იმის პირდაპირი პროპორციული, რა განცხადებებიც დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან მოდის, ამიტომ მან გარკვეულწილად, შეცვალა თავისი დამოკიდებულება და რიტორიკა როგორც ომთან მიმართებაში, ასევე ამ ომში მონაწილე ორივე მხარის მიმართ.

ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა საკმაოდ დაძაბულია ამ ომის შედეგებით, კონკრეტულად კი მოსალოდნელ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც უშუალოდ შეიძლება მათ შეეხოთ. ეს არის - ფასების ზრდა, მოსავლიანობა, ენერგომატარებლეთან დაკავშირებული საკმაოდ ბუნდოვანი და არასტაბილური ვითარება, რაც ამ ომმა მთელს მსოფლიოში წინ წამოწია. შესაძლოა, მაკრონს არ სურს გაღიზიანებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანება და თავის მკვეთრი რიტორიკით არ სურს იმ ქვეყანასთან ჩიხში შევიდეს, რომელიც სანქციების დაწესების მიუხედავად, ყოველდღიურად აწვდის ბუნებრივ აირს, ქვანახშირს და სხვა სტრატეგიულ საქონელს. ამიტომ, ის ზუსტად გრძნობს მოსახლეობის განწყობას და ამ განწყობის ტალღაზე ნელ-ნელა უახლოვდება 24 აპრილს, რომელიც მისთვის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია - უკრაინაზეც და რუსეთზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, ემანუელ მაკრონს გენოციდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში არ ეთანხმება. ჩიტაძე საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებით ხსნის, რომელიც მაკრონისთვის გადამწყვეტია.

„საფრანგეთმა გამოხატა მზადყოფნა, რომ უკრაინას დამატებითი შეიარაღება მიაწოდოს. ასევე, განიხილავს საკითხს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე უარი თქვას. მაკრონს არ ვეთანხმები გენოციდის საკითხთან დაკავშირებით და ასევე, იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიანო. ნათლად ჩანს, რომ ერთ ქვაბში უკრაინელებისა და რუსების მოხარშვა არ შეიძლება. კი, მონათესავე ერია, მაგრამ მენტალურად ორი განსხვავებული ერია. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ საფრანგეთის პოზიცია არანაირად არ შეიძლება რუსეთის მხარდამჭერი იყოს. შესაძლებელია მაკრონი ახლა უფრო ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნებში. მართალია, პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მარინ ლე პენმა, მაგრამ ის ახლა მაინც უფრო საფრანგეთის შიდა პოლიტიკურ საქმეებშია ჩართული“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ for.ge-ს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მაკრონს ომთან დაკავშირებით რიტორიკა არ შეუცვლია და მის მიერ გაკეთებული განცხადება, შემდეგ დრამატიზირებული გახდა. მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია და მეტი არაფერი.

„არ ვთვლი, რომ მაკრონმა რიტორიკა შეცვალა. რაღაც დრამატიზაცია ხდება და მეტი არაფერი. ეს არის ჩვეულებრივი განცხადება. ის, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი მონათესავე ერია, აქ ორი აზრი არ არის. სხვა საკითხია, რომ დღეს ისინი ერთმანეთის მტრები არიან. ასეთი რაღაცა ოჯახშიც ხდება, როდესაც ვიღაცა ძალიან ცუდად იქცევა, როგორც რუსეთი იქცევა. ძმებშიც ხდება, როდესაც ერთი ძმა მკვლელია და მეორე კიდევ წესიერი ცხოვრების წესით ცხოვრობს. არ მგონია, მაკრონმა რაიმე შეცვალა. გენოციდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას რაც შეეხება, აქაც, სავარაუდოდ, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. სავარაუდოდ, მან გენოციდთან დაკავშირებით ისაუბრა როგორც სამართლებრივ ტერმინზე. ჩვენ კი ვიცით და ემოციური განცდაა, რომ უკრაინელი ხალხის გენოციდი ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ეს სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დამტკიცდეს, რათა სამართლებრივი დეფინიცია მიიღოს და ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურბის გავლა სჭირდება. გარდა ამისა, მაკრონი მაინც ცდილობს, რომ რაღაც მოლაპარაკების ხაზი შეინარჩუნოს, რათა მშვიდობა დამყარდეს. ასე რომ, გადაჭარბებული მგონია მაკრონზე ნათქვამი, რომ რიტორიკა შეცვალა. არაფერი შეუცვლია, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. ყველაფერი ინტეპრეტაციების საკითხია - ერთია ჩვენი ემოცია და მეორეა რეალური პოლიტიკა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა for.ge-თან საუბრისას.