ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები, სავარაუდოდ, გაჭიანურდება და თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმასა და ფარგლებს შეიცავს ეს დიპლომატიური შეთანხმება. აშშ არ აპირებს გადააბიჯოს უკრაინელებს, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას ეხება. თუმცა, თუ სანქციების შემსუბუქების გარკვეული ზომები ჩადებული იქნება რაიმე სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში, რომელსაც უკრაინელები ხელმძღვანელობენ, ეს არის ის, რასაც აშშ სიამოვნებით შეაფასებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ ან ნამდვილად უნდა ეძებოს მშვიდობა, ან ამ ომის შედეგად რუსეთი სამუდამოდ დატოვებს საერთაშორისო ასპარეზს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზადყოფნა - დათმოს მთელი რუსული ენერგია. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მანქანის სპონსორობა. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, ადრე თუ გვიან, მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული დამარცხებით შეიძლება დასრულდეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ ან ნამდვილად უნდა ეძებოს მშვიდობა, ან ამ ომის შედეგად რუსეთი სამუდამოდ დატოვებს საერთაშორისო ასპარეზს“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი. თურქეთი ჯერ კიდევ მუშაობს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, კრიტიკული თემები ლიდერების დონეზე გადაწყდება და სწორედ ამის გამო ეცდებიან, რომ ისინი გააერთიანონ.
„თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებისადმი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ მიდგომას, განსაკუთრებით ბუჩასა და ირპენში სავარაუდო ომის დანაშაულების ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, რომლებმაც ნეგატიურად იმოქმედა პროცესზე. არაჰუმანურმა სურათებმა ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ბუჩა და ირპენი, რომელსაც ჩვენ ასევე ვგმობთ, შეცვალა ატმოსფერო. ამან უკრაინულ მხარეს უარყოფითი ატმოსფერო შეუქმნა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო სხვადასხვა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ყველაფერმა საბოლოოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა მოლაპარაკების პროცესზე. გამოწვევების მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ ამისთვის ორი ლიდერია საჭირო. ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, თუ ბრძოლა გაგრძელდება და ახალი თავდასხმები მოხდება დონბასში, შეთანხმების მიღწევა უფრო რთული იქნება“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
უკრაინა მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს. თუმცა იცის რა ზარალი მიადგა მოწინააღმდეგეს - „მოკლულია 20 ათასსზე მეტი რუსი სამხედრო, ასევე განადგურებულია სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი“. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომლითაც რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმისკენ მიემართებოდა. განადგურებულია ჯავშანმანქანა Tigr, Kamaz და სამი Ural.
რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის რაიონის სოფელი ჟურავლიოვკა დაიბომბა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სოფელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობა სოფლიდან გაიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე საათით ადრე ასევე დაიბომბა სოფელი სპოდარიუშინო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. სპოდარიუშინოსა და კიდევ ერთი სასაზღვრო სოფლის, ბეზიმენოს მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, რუსეთი ამტკიცებს, რომ ორი უკრაინული შვეულმფრენი შეიჭრა რუსეთის საჰაერო სივრცეში და განახორციელეს, სულ მცირე, ექვსი საჰაერო დარტყმა საცხოვრებელ სახლებზე ბრაიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში.
გარდა ამისა, ომს გამოეთიშა „Москва“, რომელიც უკრაინამ ზღვის ღმერთის „ნეპტუნის“ სახელობის რაკეტებით მწყობრიდან გამოიყვანა. შავი ზღვის ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ხომალდი, რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „Москва“ უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული. მის მოძრაობას ახლა ყველა ქვეყნის სპეცსამსახური განსაკუთრებულად აკვირდება. კრემლი აღიარებს ხანძარს და გემზე არსებული საბრძოლო მასალების აფეთქებას, თუმცა ირწმუნება, რომ ეკიპაჟის 510-ვე წევრი ევაკუირებულია.
რუსული ფლოტის სარდალი გემი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომშიც იყო ჩართული, ზღვაში დიდხანს ან ვერასდროს დაბრუნდება. ეს სწორედ ის რუსული სამხედრო ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინის დამცველებმა, ცნობილი სამი სიტყვით, ერთი მიმართულებით გაუშვეს. 16 ფრთოსანი რაკეტით აღჭურვილმა ფლაგმანმა, რომელსაც საზღვაო დესანტისა და სხვა გემების უსაფრთხოება ევალებოდა, საკუთარი თავიც კი, ვერ დაიცვა.