საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც ვერ შეთანხმდა, როგორიც ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსენსუსს ამჯერად იმასთან დაკავშირებით ვერ მიაღწიეს, რამდენი დელეგატი იქნებოდა „ქართული ოცნებიდან,“ რამდენი ოპოზიციიდან.
მმართველი პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებიდან მეტი უნდა იყოს წარმოდგენილი, ოპოზიციიდან ნაკლები და საერთოდაც, ლიმიტი შეზღუდულია. ოპოზიცია ამის საპასუხოდ მორიგ ბრალდებას უყენებს „ქართულ ოცნებას,“ რომ მათ არ სურთ ამ დელეგაციაში ოპოზიციაც იყოს და ა.შ. ეს ერთგვარი კინკლაობა არ მთავრდება. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ საქართველოდან უკრაინაში დელეგატთა ორი ჯგუფი გაემგზავრება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათი ფრაქიის წევრები დელეგაციაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა აპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრება, მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, სადაც ისინი წარმოდგენილნი იქნებიან და ასეთ შემთხვევაში, მათ მიზაშეწონილად არ მიაჩნიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წასვლა შალვა პაპუაშვილის მიერ სტეფანჩუკისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილის შემდეგ.
აღნიშნულს ხელისუფლებაში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ძალიან კარგია, თუკი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ამ ვიზიტში არ იქნება, რადგან „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო „ომის პარტია“ და უნდა იყოს ბორტს მიღმა. მათ მიერ ასევე აღინიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ის ფაქტი, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, საერთო დელეგაციით ჩავიდნენ უკრაინაში, არასასიამოვნოა. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ მიზანია საქართველოს იმიჯის გაფუჭება.
„ძალიან უსიამოვნო ფაქტია, იყო მოლოდინი, რომ ეს საკითხი საჭიდაო არ გახდებოდა და პარტიები ერთ პოზიციას გამოავლენდნენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ პარტიები, ვინც წინააღმდეგი წავიდა, ხელისუფლებაში მისაშვები არ არიან. თვითმფრინავში თუ არ ჩაჯდება სხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლებაში თუ მოვა, სხვა პარტიებს აიტანს? საბოლოო ჯამში, ის ფაქტი, რომ ეს პარტიები დღეს პარლამენტში არიან და იმის საშუალება აქვთ, რომ უარი თქვან, ასევე იმის საშუალება აქვთ, რომ საქართველოს იმიჯი გააფუჭონ და ა.შ. ეს პარტიები ხომ ხალხმა აირჩა? - ეს ხაზს უსვამს იმას, ღირს თუ არა ამ პარტიების სათავებში არჩევა, ამაზე ყველა ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ.
უკრაინაში მორატორიუმი გამოცხადა ყველა ტიპის დისკუსიაზე. პოროშენკო და ზელენსკი ერთნაირად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში. იმ ქვეყანაში, რომელმაც შეძლო ერთ მუშტად შეკრულიყო, როგორც კი საფრთხე დაემუქრა ქვეყანას, ჩადიხართ ცალ-ცალკე დელეგაციებით და თვითმფრინავის სალონში ერთად შესვლა ვერ მოგიხერხებია განსხვავებული პოზიციის პარტიასთან ერთად? ეს მაშინ, როდესაც დიდად განსხვავებულ მდგომარეობაში არაა საქართველო, პოტენციური კანდიდატია რუსეთის აგრესიის, თუმცა, გაერთიანება მაინც ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ომის დაწყებამდეც არეული იყო, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ამ პრობლემის მოგვარება არ უცდია. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, როდესაც უკრაინის მხრიდან ბრალდებამ გაიჟღერა, რომ საქართველო რუსეთის კონტრაბანდულ საქონელს ატარებს მის ტერიტორიაზე, ხელისუფლებას ეს საკითხი უშუალოდ უკრაინაში ჩასვლით უნდა მოეგვარებინა.
„ზოგადად, ქართული პოლიტიკა სიჯანსაღესთან ძალიან შორის დგას, შესაბამისად, ვერც ეს პროცესი იქნებოდა მთლად ჯანსაღი. ქვეყანაზე მოფიქრალი მოძებნიდა რაღაც ფორმას, რომ ერთად წასულიყვნენ უკრაინაში. თუ აუცილებელი იყო რაოდენობის გაზრდა, არ მგონია, რომ ამით დიდი პრობლემა შექმნოდა ჩვენს ფინანსურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას. რომ ვთქვათ, მხოლოდ ოპოზიციის სინდისზეა ის, რომ ცალ-ცალკე მიდიან, ასე არ არის. საბოლოოდ, ორი გაბუტული, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე ჩავა უკრაინაში და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იქ შეეცდებიან საკუთარი პარტიული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა საქართველოს ხარჯზე მოიპოვონ.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დიდი ხანია პასიურ რეჟიმშია, ეს არ იყო მხოლოდ ომის შემდეგ, ომამდეც საკმაოდ გართულებული ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს და უკრაინას. ხელისუფლებამ ამ ურთიერთობის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთა. ომის შემდეგ უფრო მძიმე ხასიათი მიიღო და ლამის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე მივიდა საქმე.
რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი დაგვიანებულია. როგორც კი განცხადება გაჩნდა, რომ საქართველო ტვირთებს ატარებს თავის ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ, მაშინვე უნდა ყოფილიყო ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილება მიღებული და უნდა ჩარეულიყო აღმასრულებელი ხელისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ აქ მხოლოდ საქართველოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დღეში არის უკრაინა, საქართველოს ხელისუფლება საჯარო განცხადებებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და უფრო რეალურად ჩართულიყო ამ პროცესის გამოსაძიებლად.
მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლოს და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარე მიდის უკრაინაში. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაათბობს მაინც. გვიან, არასწორად, მაგრამ მაინც ჯობია, რომ ჩავიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და შეეცადოს პრობლემები ადგილზე გაარკვიოს და არა საჯარო განცხადებების დონეზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ვერა ხედააავ ტაივანით ჩინეთს უპირებენ აყირავებსა და ამათ აყირავებნას რაღა უნდა ??
პაკისტანს აგე რა უქნეს??
ისე კი ჩინეთს კუტუ არ მოაჭამონ....
ისე კაი პარადი დადგება თუ იქაც რაგატკა გაისროლეს.....