რუსული საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე დონბასია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ღამით გავრცელებული ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის 50-ე დღეც მძიმე იყო. მისი განცხადებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს არ დაუწყია - რუსული ჯარი ქვეყანაში 2014 წელს მივიდა, შედეგად მათ ყირიმი დაიკავეს და ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ.
„დონბასია ის, რომლის განადგურება პირველ რიგში სურს რუსეთს. სწორედ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს ანადგურებენ რუსული ჯარები, თითქოს სურთ, ადამიანები აღარ დარჩნენ და მხოლოდ ქვები დატოვონ.
ისინი იძულებით იწვევენ ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს თავიანთ ჯარში. უშვებენ უმძიმეს ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის ფრონტზე. ისინი ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რამაც რვა წელი გაუძლო ომს“, - განაცხადა ზელენსკიმ.