დიპლომატი, სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ დღევანდელი პარლამენტის პირობებში, როცა მეორე ძალის ფუნქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ არის უზურპირებული, მხოლოდ მესამე ძალის გამოჩენით მოეფინება ნათელი ნაციონალების რეალურ წონას და დადგინდება ვინ არის მეორე და ვინ - მესამე თუ - მეოთხე.
For.ge გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან.
რამდენინე თვის წინ, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული თანამდებობა შემოგთავაზათ, თუმცა არ დაუკონკრეტებია. შეგიძლიათ გვითხრათ, რა თანამდებობა შემოგთავაზათ პრემიერმა?
- შიდა საუბრების დეტალების გარჩევა რომ არ დავიწყოთ, იმის თქმაც კმარა, რომ მართლაც გვქონდა არაერთი საუბარი თუ სად გამოვადგებოდი ქვეყანას. ეს წინადადება ჩემგან წამოვიდა პირველი დღიდან და არ შეცვლილა. ისიც მართალია, რომ კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია. ეს, უფრო, ჩემი გამოცდილებით და კომპეტენციით სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოყენების ჩემი მხარდაჭერის მზადყოფნა იყო.
პრემიერის მხრიდანაც იყო დადებითი განწყობა გამოხატული თქვენს მიერ აღნიშნულ განცხადებებში. თუმცა, ბოლოს, გადაწყდა, რომ კანდიდატი უშუალოდ გუნდის წევრი უნდა ყოფილიყო და დასახელდა მარგველაშვილი.
- ცხადია, „ოცნების“ წევრი არ გახლავართ და ამ მხრივ მოთხოვნას არ ვაკმაყოფილებდი, თუმცა მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ სხვა კრიტერიუმებით ვაკმაყოფილებ ბევრ იმ მოთხოვნას, რასაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
მიიღეთ თუ არა პრემიერისგან შეთავაზება, რომ მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში მიგეღოთ მონაწილეობა?
- ეს საკითხი ჩვენ შორის არ ყოფილა განხილული თუ არა პრემიერის ბოლო განცხადებების შემდეგ, როცა გავუზიარე ჩემი განსხვავებული ხედვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მესამე ძალა, რომ ის ვერ იქმნება დანიშნული მმართველი ძალის ნებისდაგვარად, არამედ ეს მხოლოდ ხალხის არჩევანის თანახმად უნდა მომხდარიყო.
რატომ არ დათანხმდით მას?
- ისიც აღვნიშნე ამ შეხვედრაზე, რომ დღევანდელ პარლამენტის პირობებში, როცა მეორე ძალის ფუნქცია უზურპირებულია „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ, პრაქტიკულად, შეუძლებელია სხვა ძალის გამოჩენა.
მხოლოდ მესამე ძალის გამოჩენით მოეფინება ნათელი ნაციონალების რეალურ წონას და დადგინდება ვინ არის მეორე და ვინ მესამე თუ მეოთხე ძალა. ამას არც განცხადება სჭირდება და არც დახმარება, თუ არა - თანაბარი პირობების შექმნა.
თქვენ თვლით, რომ მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის ფონი არ არსებობს?
- როგორც აღვნიშნე, მესამე ძალის ჩამოყალიბება არც ჩემი და არც სხვისი გადასაწყვეტია... აუცილებლობა კი სხვაგვარია, ანუ პარლამენტი უნდა იყოს ამსახველი იმ ძალების და პოლიტიკური მიმართულებების, რომლებიც არსებობენ ქვეყანაში და ამას ქვია მრავალპარტიულობა და პლურალიზმი, ორი ცნება რომლის გარეშე არც დემოკრატია არ არსებობს.
ამიტომაც ვთვლი, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე თავისუფალ პირობებში ჩატარდეს, როცა გაყალბებას აღარ ექნება ადგილი და საშუალება მიეცემა ყველა პარტიას გამოავლინოს თავისი ძალები და გაირკვეს ვის რა პოლიტიკური წონა გააჩნია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი პოლიტიკური საპარლამენტო კოალიციის ჩამოყალიბებაზე.
პრემიერის განცხადებებიდან იკითხებოდა, რომ თქვენ გახდებოდით მისი რჩეული, ანუ საპრეზიდენტო კანდიდატი. ქალბატონო სალომე ამ საკითხზე გქონდათ პრემიერთან საუბარი?
- საუბარი იყო... თუმცა არა კონკრეტული. პრემიერს ნამდვილად არ შემოუთავაზებია ჩემთვის პრეზიდენტობა. თავისთავად ეს არც გამკვირვებია, რადგანც არჩევით თანამდებობაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩემთვის, ცხადია, მხარდაჭერის და არა დანიშვნის საკითხად განიხილებოდა. ალბათ, აქიდან მოდის ის რაღაც გაუგებრობა რაც ყველამ ვიგრძენით ჩემი განცხადების შემდეგ. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადაგმის შესაძლებლობაზე ასევე გავაფრთხილე.
ბოლო პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა თქვა, რომ თქვენ ითხოვდით მისგან თანამდებობას. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- მე არავისთვის თანამდებობა არ მითხოვია, და უფრო ხშირად, ბოლო ორი წელი, უარს ვამბობდი სხვადასხვა შემოთავაზებებზე, თუნდაც საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება საქართველოს და ახალ მთავრობას, თავი ნამდვილად შევთავაზე ასეთი სიტყვებით: „ნებისმიერ ადგილას, სადაც გამოვადგებოდი“... დემოკრატია არ გულისხმობს და კრძალავს არჩევით ადგილზე დანიშვნის მოთხოვნას...
რატომ არ შედგა თქვენი ალიანსი? კოალიციაში შემავალი რომელიმე ჯგუფი ხომ არ აბრკოლებდა ამას?
- ალიანსი შედგა. სანამ ბრძოლა მიმდინარეობდა და სადაც შემეძლო, შიგნით და გარეთ, მხარი დავუჭირე იმ ძალას, რომლის გარეშე ჩვენი 2007-2009 წლების ბრძოლა თავის დასასრულამდე ვერ მივიდოდა. საარჩევნო მარათონში არ მიმიღია მონაწილეობა, რადგანაც ვთვლიდი, რომ ახალ ძალას, შიგნით, გარდა გამოცხადებული მხარდაჭერისა, ვერაფერს დავუმატებდი. სამაგიეროდ, გარეთ შემეძლო მეტის გაკეთება. სამწუხაროდ, ისიც უნდა აღვნიშნო, ჩემდა გაუგებრად, ის საშუალებები, რაც მქონდა, ნაკლებად იქნა გამოყენებული, გარე დიასპორის, უცხოური მედიის, თუ ოფიციალური წრეების ჩვენსკენ მოსაბრუნებლად.
არის ინფორმაცია რომ რესპუბლიკელებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი იმისათვის, რომ ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავლენა, არ გამხდარიყო კოალიციის წევრი. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ვერ გეტყვით რამ და ვინ ითამაშა როლი იმისათვის, რომ კოალიციის წევრი არ გავმხდარიყავი. ის კი მართალია, რომ ეს საკითხი ამ ფორმით არასოდეს არ ყოფილა შემოთავაზებული და ვერც რესპუბლიკელებს და ვერც სხვას ვერ დავადანაშაულებ ამაში.
შესაძლებელია თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი?
- ეს კანდიდატურა, როგორც შესაძლებლობა უკვე არსებობს და თუ რამდენად გახდება რეალური, ალბათ, ქართველი ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერაზე არის დამოკიდებული. მე როგორც დღეს უპარტიო, დამოუკიდებელი, მოკავშირეების გარეშე მყოფი ერთი ადამიანი, სხვა ძალა და საყრდენი არ გამაჩნია და ვერც მოინახება თუ არა ქართველი ხალხი.
როგორ შეაფასებთ, თავად გიორგი მარგველაშვილის შანსებს და შესაძლებლობებს?
- ეს კითხვა უხერხულია... მასავით ვერ ვიტყვი კონკურენტებზე - „მოქნილი და მშვენიერი ქალბატონები“ ყველა კარგად ახასიათებს როგორც ადამიანს, მაგრამ მისივე თავის დახასიათება „მე მოვიგებ არა იმის გამო რაც ვარ, არამედ იმიტომ, რომ „ოცნების“ კანდიდატი ვარ“, ეს არ ასახავს იმ შესაძლებლობებს და თვისებებს, რაც მგონია დღევანდელ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, რათა ითამაშოს აუცილებელი როლი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.
როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, თუნდაც საგარეო კუთხით, რამდენად წარმატებულია პროცსები?
- მე ნამდვილად არ მომწონს ახალი კარგი ტონი, რომელიც ანტიევროპულ განწყობაში იჩენს თავს. ეს ტენდენცია - რეალურად საზოგადოების ანტიდასავლური განწყობა უკვე დაწყებული იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ახლა, სამწუხაროდ, არასწორი გაგებით, ჩვენი კულტურის და ტრადიციების უცხოელებისთვის არასწორი ახსნებით, ურთიერთობის ნაკლებობის გამო ნაპრალი ნელ-ნელა იზრდება ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და დასავლეთის შორის.
მე, რომელიც ასევე ვარ მომხრე რუსეთთან შინაარსიანი და შედეგიანი მოლაპრაკებების გახსნისა, არა მგონია, რომ სწორი და ჩვენ ინტერესების შესატყვისი იყოს ერთი ერთზე დარჩენა მოსკოვთან... ჩვენ დასავლეთი და ევროპა გვჭირდება იმიტომ, რომ ვიზიარებთ ერთ ცივილიზაციას, რადგან ევროპა არის სწორედ მრავალკულტურების ერთობა და ვიზიარებთ ადამიანის მნიშვნელობის, როგორც ღვთისშვილის ერთ გაგებას.