ზუსტად 51 დღის წინ უკრაინაში საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდებოდა ომს, თუმცა ვერ წარმოედგინათ, რომ ერთმორწმუნე რუსეთი სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებდა და თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიას დაბომბავდა. ახლა კი მთელი მსოფლიო ომის მეორე ფაზის მოლოდინშია. რუსებმა უკვე გაავრცელეს მუქარა კიევის დაბომბვაზე, რასაც უკრაინის მხრიდან პასუხი მოჰყვა. უკრაინელები ამბობენ, რომ თუკი რუსეთი კიევს დაბომბავს, მაშინ ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ. ვის მხარეს არის ახლა ომის ბედი და არის თუ არა ყველაფერი ომის მეორე ფაზაზე დამოკიდებული?
რუსეთში ვერ წარმოიდგენდნენ უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას. ბლიცკრიგის გეგმა, რაც მაქსიმუმ 5 დღეში უკრაინის ხელისუფლების და არმიის დემორალიზებას, დანებებას და ყველა დიდ ქალაქზე კონტროლის აღებას ითვალისწინებდა, ჩავარდა.
ამ ხნის განმავლობაში უკრაინას უკვე 7 მილიონი ლტოლვილი ჰყავს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის დატოვება კი 5 მილიონამდე ადამიანს მოუწია.
განადგურებულია ქალაქები, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება ჯერ შეუძლებელია.
სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო სანქციების უპრეცედენტო პაკეტი, განადგურებული სამხედრო ტექნიკა და 20 ათასი მოკლული სამხედრო.
ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინს დაპირისპირება ქვეყნის შიგნით აქვს. სერგეი შოიგუ, ინფარქტის მძიმე ფორმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ამ დროისთვის აპარატზეა მიერთებული - ამ ინფორმაციას, კომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი ლეონიდ ნევზლინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ნევზლინი, კრემლის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შოიგუს მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას გადარჩენის მცირე შანსები აქვს.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, შოიგუსა და პუტინს შორის, ურთიერთობის დაძაბვის შესახებ, რაც უკრაინის ომში რუსული არმის კრახს უკავშირდებოდა, ამიტომ ისრაელში მცხოვრები ნევზლინი ვარაუდობს, რომ ინფარქტი შესაძლოა, არაბუნებრივი მიზეზებით იყოს გამოწვეული.
ნევზლინის ინფორმაციით, პუტინმა უკვე დააპატიმრა 20 გენერალი და ყველა მათგანს უკრაინის სპეცოპერაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.
უკრაინელებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ, შავი ზღვის ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ხომალდი, რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „Москва“, რომლის მეშვეობითაც რუსეთი უკრაინაზე შეტევას ახორციელებდა, შავ ზღვაში ჩაიძირა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. უწყების ცნობით, დანიშნულების პორტში კრეისერის გადაყვანისას, ტექნიკური მიზეზით ხანძარი გაჩნდა, მიღებული დაზიანებების გამო კი, გემმა მდგრადობა დაკარგა და ზღვის შტორმული ღელვის დროს ჩაიძირა. სინამდვილეში კი, კრეისერი უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა.
კრეისერი „Москва“ იყო სწორედ ის რუსული ხომალდი, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის მიერ ნათქვამი ცნობილი სამ სიტყვიანი ფრაზის „გმირი“ გახდა.
უკრაინულმა Forbes-მა რუსული კრეისერი „Москва“-ს სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარად შეაფასა, „Москва“ გახდა რუსეთის ფედერაციის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ახლა ვლადიმერ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის მეორე ფაზა უფრო შედეგიანი იყოს. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრს შოუგუსა და პუტინს შორის უკვე დიდი ხანია დაპირისპირება არსებობს, მაგრამ მის გადაყენებას ასე ღიად ვერ ახერხებს. ამიტომ არავინ იცის, შიდა კულუარებში რა ხდება - თავდაცვის მინისტრი რეალურად, ცუდად არის თუ მისი თამაშიდან გაყვანა ხდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ომის მეორე ფაზის დროს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ სიუპრიზებს უნდა ველოდოთ. მათ საკმაოდ ახალი იარაღები აქვთ, ამიტომაც კიევზე თავდასხმაც მოსალოდნელია და არც ისაა გამორიცხული ქიმიური იარაღიც, სადაც საჭიროდ ჩათვლიან, იქ გამოიყენონ.
„ახლა რუსეთში სიტუაცია ძალიან რთულად არის. თავად პუტინს უკვე პარანოია აქვს დაწყებული და ფიქრობს, რომ მას ყველა ღალატობს. როგორც ჩანს, წაგებული ომის პირველი ფაზის შემდეგ, ის ყველაფრის დაბრალებას შოიგუზე აპირებს. შესაძლოა, მართლა გულის ინფაქტი აქვს მიღებული ან ისევ შინაპატიმრობაში ჰყავს აყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 გენერლის დაპატიმრება მოხდა. ამას პუტინი იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს, მერე ხალხს აჩვენოს, რომ აი, შიგნითვე მტრები ჰყავს და წაგება მთლად მისი ბრალი არაა. ახლა ომი ძრითადად პუტინის სკამის გადასარჩენად მიდის.
ის მარიუპოლს არაფრისდიდებით არ დათმობს. ამიტომაც სამწუხარო ისაა, რომ იქ დარჩენილი „აზოვსტანის“ ქარხანაში მყოფი მებრძოლები უმძიმეს სიტუაციაში არიან. მათ ფაქტობრივად თავი გადადებული აქვთ. ამბობენ, რომ იქ ისეთი ხალხია თავშეფარებული, რომ რუსებს არ ჩაბარდებიან. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან, რომელთა ტყვედ ჩავარდნა დაუშვებელია. ამიტომ მარიუპოლი და იქ არსებული ქიმიური ქარხანა ორივე მხარისთვის მნიშვენლოვანია. სამწუხაროდ, ბუჩას შემდეგ პუტინი ყველაფერზე წავა. მას ხელს არაფერი შეუშლის, რომ მარიუპოლში ქარხანაში გამაგრებული ჯარისკაცები ცოცხლად ვაკუუმ ბომბებით დამარხოს, ან ქიმიური იარაღით მოწამლოს“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფლები დაბომბოს იმისთვის, რომ შემდეგ კიევის დაბომბის მოტივი ჰქონდეს. ამით ახსნის შემდეგ დედაქალაზე საჰაერო თავდასხმას. თუმცა მაისაია ამბობს, რომ ახლა უკრაინელებსაც კარგი შეიარაღება გადასცეს და სიუპრიზები რუსებსაც ელით. მათი მხრიდან ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახულია, ასევე ბრძოლაც ისწავლეს და მათი შეშინება ასეთი ადვილი არ იქნება.
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით, სიტუაცია ძალიან ცუდად აქვს და ომის მეორე ფაზისთვის საკმაოდ დიდი და ახალი ძალების მობილიზება სჭირდება. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიდის საუბრები დნესტრისპირეთიდანა ძალების მობილიზებაზეც. თუმცა ეს არ იქნება ის სამხედრო ძალა, რომელიც უკრაინას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„რუსეთს ომის მეორე ფაზისთვის, ადამიანური რესურსების თვალსაზირისით, ძალიან გაუჭირდა. ამიტომ კრიტიკულ მომენტში არაა გამორიცხული, რომ მან სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონებიდან ძალის მობილიზება დაიწყოს. უკრაინის მიზანია ახლა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მოხდეს. შესაბამისად, ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინა ახლა იღებს და მომავალში კიდევ მიიღებს. ეს დროის ამბავია და ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი. უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რომლებსაც უფრო შორ მანძილზე სროლა შეეძლებათ.
ამ მხრივ რუსებს დღემდე უპირატსეობა ჰქონდათ და ეს უპირატესობა უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვლება. ჩვენ ვნახეთ ძალზე კარგი საჰაერო სისტემების მიწოდება, რომელმაც ერთი ათასად შეამცირა რუსული ძალების საჰაერო უპირატესობა. ამიტომ, რაც დრო გავა, უკრაინა მეტ იარაღს მიიღებს და უფრო მეტი სამხედრო შესაძლებლობები ექნება. ახლა მთავარია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ომის მეორე ფაზაა. შესაძლოა, ეს ამ ომში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რუსები ყველა რესურს და რეზერვს თავს უყრიან, უკრაინა კი დასახვედრად ემზადება“, - ამბობს ბატიაშვილი.