თეოკრატია თუ დასავლეთისთვის თვალის ახვევა

თეოკრატია თუ დასავლეთისთვის თვალის ახვევა

დედაენის ბაღში კონტრაქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციას სახელწოდებით „არა - თეოკრატიას“ დაუპირისპირდა მეორე აქცია, სახელწოდებით - „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა“.

მშვიდობიანი მოწოდებების მიუხედავად, მაინც ისმოდა შეძახილები  - „თქვენ საქართველოს სირცხვილი ხართ“, „ჰომოსექსუალები ამერიკის ჯარში“, „წადით საქართველოდან“, „იანკებო, წადით სახლში“.

პარალელურად, თეოკრატიის მოწინააღმდეგეები აქციაზე სასულიერო პირების კარიკატურებით მივიდნენ და  მოითხოვდნენ: „თეოკრატია დემოკრატია არ არის“, „არა სიბნელეს“, „შეწყდეს მოძალადე მღვდლების პარპაში“, „კონსტიტუცია მეფობს“, „არა რელიგიურ ნაციონალიზმს“.  

დგას თუ არა საქართველოში თეოკრატიის საფრთხე თუ სიტყვა „თეოკრატიის“ მომიზეზება დასავლეთისთვის კეკლუცობის მიზნით დასჭირდათ, რადგან დასავლეთის თვალში ძალიან კარგად ჟღერს ლოზუნგი - „არა თეოკრატიას“. საქართველოსნაირ ქვეყანაში ხომ არ არის სიტყვა „თეოკრატია“ ისეთივე ნაძალადევი, როგორც სიტყვა „კოაბიტაცია“, რომელმაც თანაარსებობის ნაცვლად ერთმანეთს წაჰკიდა სამართლიანობის აღდგენის მოსურნე საქართველოს მოსახლეობა?!

აქციაზე მყოფი დეკანოზი ნიკოლოზ გობეჯიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში თეოკრატიის საფრთხე არ არსებობს, პირიქით, საქართველოში ხდება ლგბტ პირების აქტიური პროპაგანდა. ამდენად, ამ აქციაზე იგი არ იმყოფება როგორც მღვდელი, არამედ - როგორც ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი საქართველოს მოქალაქე.

რატომ გააქტიურდა საქართველოში სიტყვა „თეოკრატიით“ აპელირება?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროა, ჩვენს ქვეყანაში უცბად აღმოჩნდა ამდენი უვიცი ადამიანი, რომელმაც თეოკრატიის შესახებ პირველად გაიგო და შეგნებულად თუ შეუგნებლად უადგილოდ იყენებს ამ ტერმინს. მეტიც, პოლიტოლოგის აზრით, სავალალოა, რომ ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე დღეს ამ პოზიციაზე დგას, რადაგან მამამისი რომ ცოცხალი იყოს, ბარიკადების რომელ მხარეზე დადგებოდა, ეს ნებისმიერი ქართველისთვის ცნობილია.

სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ თეოკრატია საერთოდ გამორიცხულია საქართველოში არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ ქართველი ადამიანის მენტალობით, პრიორიტეტების გათვალისწინებით.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს პატრიარქი გახლავთ ილია მეორე, ადამიანი, რომელიც ისე შორს არის თეოკრატიისგან, როგორც ლაშა ბაქრაძე და მისი მხარდამჭერები ამ ტერმინის მეცნიერული გააზრებისგან“. ამიტომ პოლიტოლოგს თეოკრატიაზე საუბარი ცინიზმად და დემაგოგიად მიაჩნია.

„განა შეიძლება, საქართველოში იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც კლასიკურ ისლამურ რესპუბლიკებშია? ეს ქართველი ადამიანის ბუნებიდან გამორიცხულია, ეს პრანჭიობა და ტერმონოლოგიით ჟონგლიორობაა. ერთი თვის შემდეგ ტერმინ „თეოკრატიას“ ვერ გაიგონებთ, მაგრამ ეს ახლა საჭიროა გრანტებზე დაგეშილი არასამთავრობოებისთვის. ახალგაზრდობის ერთი ნაწილი უცებ დაოსტატდა პროექტების წერასა და გრანტების მიღებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მეცნიერებაში ვარ, სამი პროფესორი ვართ ოჯახში და ამ დროს ჩემზე კარგად ცხოვრობენ ეს ახალგაზრები, რომელთაც არანაირი განათლება არ აქვთ, მაგრამ არასამთავრობოებს ჩაუდგნენ სათავეში, მიაგნეს კლონდაიკს, ოქროს ძარღვს, რასაც ჰქვია გრანტი“, - აცხადებს სოსო ცონცაძე და დარწმუნებულია, რომ ჩვენ უკვე თეოკრატიისკენ კი არ მივდივართ, არამედ გაჭენებული მივექანებით უმცირესობის დიქტატურისკენ უმრავლესობაზე.

რაც შეეხება სასულიერო პირთა მიმართ წაყენებულ ბრალს, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ძნელია, 21-ე საუკუნეში ტელეკადრები მტკიცებულებად ჩაითვალოს, რადგან ტექნოლოგია ისეთია, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი ჩასვა კადრებში. თუმცა ძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ეგზალტირებული იყო თუ არა თითო-ოროლა მოძღვარი და გადააჭარბა თუ არა მისი რანგისთვის შესაფერ ქმედებას.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ძალადობას ემიჯნება, მაგრამ აცნობიერებს იმასაც, რომ კავკასიელებს სხვა ტრადიცია და მენტალიტეტი აქვთ.

„ბევრჯერ მიფიქრია, რომ ალბათ, საზოგადოებაცაა დამნაშავე, რომ ლგბტ წევრები იქამდე მივიდნენ, რომ აქციებს მართავენ. ჩეჩნური საზოგადოება უფრო ტრადიციულია, ამიტომაც ვერ გაბედავენ ჩეჩნეთში არათუ მსგავსი „პარადის“ მოწყობას, არამედ ვერავინ გაბედავს, ქუჩაში კაცმა კაცს ხელი გადახვიოს ან კიკინითა და საყურით გამოვიდეს. ამიტომ ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო ცოტა უფრო ადრე, როდესაც საქართველოში ძალიან მომრავლდნენ საყურეებიანი და კიკიანი მამაკაცები.ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ავადმყოფობაა და არ შემიძლია მათი გაკიცხვა, მაგრამ ეს თავისთვის უნდა დაიტოვონ და ქუჩაში პარადი არ უნდა გამართონ. ეს მომავალი თაობის აღზრდას შეუშლის ხელს“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.

მისი თქმით, ევროპულ კულტურას იგი აფასებს და მათი შინაგანი კულტურა მოსწონს, მაგრამ კავკასიურ ცივილიზაციას ვერცერთ მსოფლიო ცივილიზაციას ვერ შეადარებს. მეტიც, ჰეგელის ნათქვამს იმეორებს, მსოფლიო ცივილიზაცია კავკასიური რასიდან იწყებაო. ამდენად, მექა ხანგოშვილი მიიჩნევს, სწორედ ამით არიან ევროპელები აღფრთოვანებულნი, რომ კავკასიელმა ქალმა თავისი ადგილი იცის და მამაკაცმა - თავისი. ამიტომ, ალბათ, ეს ოჯახის პრობლემაცაა, რადგან კავკასიელებს აქვთ ზნეობრივი კოდექსი და იმედია, ეს დროებითი გაუგებრობა ჩაწყნარდება.     

მექა ხანგოშვილის აზრით, ეს პრობლემა სასულიერო პირებამდე არც უნდა მისულიყო და მანამდე ქართულ საზოგადოებას უნდა მოეხერხებინა მსგავსი რამის აღკვეთა.

„ერთმა სომეხმა ფსიქოლოგმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ასეთი რამ თქვა, რომ დილიდან საღამომდე ესწრებოდა ამ ადამიანების „პარადს“ და არცერთი ცნობილი ჰომოსექსუალი იქ არ უნახავს, ამიტომ, როგორც ფსიქოლოგს, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს ყველაფერი გათვლილი იყო გრანტიჭამიებისთვის. რაც შეეხება თეოკრატიის საფრთხეს, ამაზე საუბარი არადამაჯერებელია. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არ დაუშვებს ძალადობას. გრანტებზე ორიენტირებულმა ცალკეულმა ადამიანებმა გაითამაშეს, თითქოს საქართველო პირველყოფილ დონეზეა და ევროპული ფინანსური დახმარება გვჭირდება, რომ ადამიანები „საღ აზრამდე“, ევროპულ ცივილიზაციამდე მოვიყვანოთ“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.

ამასთან, განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კურსი გვაქვს აღებული, თუ საქართველოს სურს ძლიერ ქვეყნად შედგეს, საქართველოს პოლიტიკაში უნდა ჩაიდოს კავკასიური პოლიტიკა. ეს კი კავკასიურ ღირებულებებზე დარჩენას ნიშნავს, რაც არა მარტო კავკასიელებისთვისაა ღირებული, არამედ ძალიან მალე ღირებული იქნება მთელი მსოფლიოსთვისაც.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შემაშფოთებლად მიიჩნევს ლგბტ საზოგადოების მომხრეების მიერ სამღვდელოების კარიკატურით გამოჩენას. მისი თქმით, 17 მაისის შემდეგ აქციის გამართვა, სახელწოდებით - „არა თეოკრატიას“ კიდევ გასაგებია, მაგრამ აქციაზე მისვლა მღვდლების კარიკატურით უკვე შეურაცხყოფა და მართლმადიდებლების გამოწვევაა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ 17 მაისის მოვლენები ზერელედ შეაფასა და სიღრმეებში არ წასულა.

„მართალია, სამღვდელოებამ, პრემიერმაც და საზოგადოებამაც დაგმო აგრესია, მაგრამ უნდა გაგვერკვია, რა უძღოდა ამას. რეალურად ის ხალხი, ვინც იქ გამოვიდა, მართლა სექსუალურ უმცირესობებს წარმოადგენდა? თუ სექსუალური უმცირესობები იყო მიზეზი რაღაც უფრო დიდისთვის. თუ ამას პასუხს გავცემდით, ისინი ვეღარ გაბედავდნენ მღვდლების კარიკატურებით მისვლას. მაშინაც პროვოცირებაზე წავიდნენ და შეიძლება ორივე მხრიდანაც იყოს პროვოცირება. ამ 25 წლის განმავლობაში ეს ჩვენ გავიარეთ და ხშირად ორივე მხრიდან ხდებოდა პროვოცირება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, ჩვენში თეოკრატია აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თეოკრატიისთვის ჩვენი ერი არანაირად არ არის მზად. არათუ თეოკრატიისთვის, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმისთვისაც არ ვართ მზად. მეტიც, თეოკრატია ცოტა სხვა რამეა, ეს რელიგიური მმართველობაა და მოგონილი და დასავლეთისთვის გამიზნულია.

თეოლოგ ლევან აბაშიძეს უჭირს იმის თქმა, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ აქციაზე ვინ მივიდა გრანტისთვის და ვინ_ გულწრფელად, თუმცა სამღვდელოების კომენტარები და ქადაგებები მას აფიქრებინებს, რომ ეკლესიას აქვს სურვილი და თავის თავში გრძნობს ძალას, რომ სახელმწიფოში დიდი როლი ითამაშოს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვის. რასაკვირველია, ეკლესია ზნეობრივი ავტორიტეტი უნდა იყოს და ზნეობისკენ მოუწოდოს ადამიანებს, მაგრამ, როცა საუბარია, ჩვენ შეგვიძლია მილიონი გამოვიყვანოთ და ფრთხილად იყავითო, ეს გაუმართლებელია. თეოკრატია იყო ებრაელთა შორის, რომ ღმერთი მართავდა ქვეყანას წინასწარმეტყველების გზით. ამიტომ თეოკრატია არის, როცა ეკლესიის მესვეურებს ექნებათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დიდი ბერკეტი“, - აცხადებს ლევან აბაშიძე. 

ამასთან, განმარტავს, რომ პირადად არ უნახავს სამღვდელოების ამსახველი კარიკატურები, მაგრამ, თუ ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველას აქვს კარიკატურის დახატვის უფლება, მათ შორის, სასულერო პირების მიმართაც. შესაძლოა, პირადად მას ეს არ მოსწონდეს, მაგრამ პოლიტიკური კარიკატურა მათი უფლებაა.

თეოლოგის თქმით, ცხადია, მე-12-15 საუკუნეებში ლგბტ აქცია ვერ მოეწყობოდა, რადგან სულ სხვა ეპოქა იყო. დღესაც ძალიან კარგი იქნება, თუ ეკლესია თავის სიმაღლეზე იქნება და იქადაგებს ქრისტიანობას და ძლიერი ძალა იქნება, მაგრამ ეს ძლიერი ძალა არ უნდა იყოს დამოკიდებული კუნთმაგარ და მრავალრიცხოვან მრევლზე.