„ის განცხადებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა, ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ დღეს რეალობა სხვაგვარია“

„ის განცხადებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა, ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ დღეს რეალობა სხვაგვარია“

ერთი წლის წინ უკრაინაში ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ზელენსკის, სავარაუდოდ, მაშინდელი ვიზიტის დროს საქართველოდან ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც იქნებოდა საუბარი, მაგრამ მაშინ უკრაინა ვერ შეელია იქაურ თანამდებობებზე მოკალათებულ ქართველებს, რომლებიც საქართველოში პროცესებს ამღვრევდნენ. ამჯერად რა გარდატეხას შეიტანს ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და მათი უკან დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება თუ არა საყვედური საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ამის შესახებ for.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ქართული დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება. გადაწყდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტიც. აქამდე უკრაინა არ იყო მზად, უარი ეთქვა ქართველ ძებნილებზე. დღეს უკრაინაში ჩასვლა უნდა მომხდარიყო უპირობოდ, თუ წინაპირობების წამოყენების შემდეგ?

- საკმაოდ რთული ვითარება ჩამოყალიბდა უკრაინასა და საქართველოს შორის, მე ვიტყოდი, გარკვეულწილად, გაუგებარი ურთიერთობაც კი. ამიტომ, რბილად რომ ვთქვათ, აუცილებელია ეს გაუგებარი ურთიერთობები განიმუხტოს. დღეს ურთიერთბრალდებების და ისრების გადატანის დრო ნამდვილად არ არის. გასაგებია, რომ ის განცხადებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა, სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს მხრიდან რუსეთის დახმარების თაობაზე, არაკორექტული იყო. ნორმალურ ვითარებაში შეიძლებოდა ეს გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების საგანი, მაგრამ დღეს რეალობა სხვაგვარია. უნდა დავაკვირდეთ ზელენსკის გამოსვლებს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, მთავრობების წინაშე, სადაც ის არანაკლებ მკაცრია კონკრეტული ხელისუფლებების მიმართ, განსაკუთრებით, მე მახსოვს გერმანიაში, ბუნდესტაგში მისი გამოსვლა, რომელიც საკმაოდ ხისტი იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არ ვამტკიცებ, რომ ეს საკმარისია იმისთვის, ასეთი განცხადებები აკეთოს ზელენსკიმ, მაგრამ ამის გაგება შეიძლება. უნდა განიმუხტოს ეს ვითარება და, თუ ამ ვითარების განმუხტვას ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ჩასვლა, ჩემი აზრით, ის უნდა ჩავიდეს კიდეც უკრაინაში. უკრაინაშივე უნდა გაირკვეს, რა ხდება, რით აიხსნება ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი დამოკიდებულება, ახსნა-განმარტებებია საჭირო, უკრაინული და ქართული მხარეები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ყოველგვარი შუამავლის გარეშე. კარგია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ჩაუდგება სათავეში.

ქართული მხარის მხრიდან აქამდეც იყო მცდელობა, ზელენსკისთან კომუნიკაცია უშუალოდ შემდგარიყო, ერთი წლის წინ ღარიბაშვილი ზელენსკის შეხვდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამჯერად, ომის პირობებში, რისი შეცვლა შეუძლია ქართულ დელეგაციას, თუკი იქაურ პროცესებზე ზელენსკის გარემოცვა ახდენს ზეგავლენას?

- რაც შეეხება ზელენსკის გარემოცვას, არახამია არის უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ის, რომ საქართველო ჩაერიოს უკრაინის პოლიტიკაში და განსაზღვროს, ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, სწორი მოთხოვნა არ იქნება. როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენებს ქართული მხარე, ყოველთვის ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა გაკეთებული. თანაც, ასეთი რამ პირველად ხომ არ ხდება? ცხრა წელია, საუბარია უკრაინაში დასაქმებული ყოფილი „ნაციონალების“ შესახებ. ადეიშვილის შესახებ ადრეც ხომ იყო მოთხოვნა? ინტერპოლით არ იყო მასზე ძებნა გამოცხადებული? თუ ძიებას ასეთი უტყუარი მასალები ჰქონდა, ინტერპოლის მიმართ რატომ არ გამოდიან ასეთი მოთხოვნით, სანამ უკრაინას მოსთხოვენ ადეიშვილის გათავისუფლებას თანამდებობიდან? ინტერპოლის მიმართ რატომ არ უჩნდებათ კითხვები, თუკი ძიების მსვლელობისას ყველაფერი ნორმალურად დასაბუთებული იყო? იურიდიულ თემებს თავი დავანებოთ, რაც მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ არ უნდა გააჩინოს ეჭვი. საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით უკრაინაში, თითქმის ყველა საგარეო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ, ამასთანავე, საკუთარ განცხადებებში მოზომილი უნდა ვიყოთ, რომ ეჭვი, რომელიც ჩნდება, არ გავაძლიეროთ. ამიტომ კარგი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს უკრაინაში და გაარკვიოს ვითარება.

არჩილ თალაკვაძის, დავით სერგეენკოს, ბექა ოდიშარიას გარდა იმ დელეგაციაში, ალბათ, ასევე, წარმოდგენილნი იქნებიან „ნაციონალებიც“, თავიანთი შოუს ელემენტებით, მათ შორის, ხატია დეკანოიძე. ეს იმის წინაპირობა ხომ არ იქნება, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა უნდა ისმინონ საყვედურები უკრაინული ხელისუფლების მხრიდან?

- ის, რომ „ნაციონალებიც“ იქნებიან დელეგაციაში, დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. არ ვთვლი, რომ პროცესებზე გავლენას მოახდენს ხატია დეკანოიძე და სხვები. როცა პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დელეგაცია იქნება იქ წარმოდგენილი, ამას სულ სხვა წონა ექნება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში. გარდა ამისა, არა მგონია, იქ ამის ადგილი იყოს, ერთმანეთში გაარჩიონ მტყუან-მართალი. ცხადია, სასიამოვნო არ იქნება ამ დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ რეჟიმში, ყოველთვის სასიამოვნო იყოს ვიზიტები.

ოპოზიცია ეთიკური მომენტით აპელირებს, რომ ახლა, როდესაც ომი აქვს უკრაინას, რამდენად სწორია ადეიშვილ-ლორთქიფანიძის სამსახურიდან დათხოვნაზე საუბარი? 8 წლის განმავლობაში სად იყო ქართული მხარე, რატომ ასე მკაცრად არ გმობდა ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის ყოფნას, ადეიშვილ-ლორთქიფანიძის დაწინაურებას? ომისთვის შემოინახეს ეს საყვედურები?

- ადეიშვილთან მიმართებით რაც მოგახსენეთ, იგივე შეიძლება ითქვას ლორთქიფანიძესთან მიმართებითაც. როდესაც ასეთ ვითარებაში ქართველ მაღალჩინოსნებთან მიმართებით იმავე პრობლემას უფრო კატეგორიულად აყენებ, ვიდრე უკრაინის ომამდე აყენებდი, ანუ იმ პირობით ჩავალთ უკრაინაში, თუ ამ ხალხს გადააყენებ თანამდებობიდანო, ეს ეჭვს აჩენს, რომ შენ რეალურად ძალიანაც არ გაწუხებს, რომ ეს ხალხი უკრაინაში თანამდებობებზეა. უბრალოდ, ეძებ მიზეზს, არ წახვიდე უკრაინაში. ეს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ კარგად უნდა გაიაზროს.

სხვათა შორის, იმასაც ახსენებენ უკრაინელებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკრაინის რადას არ მიუღია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, ჩვენგან კი უკრაინელები ბევრს ითხოვენ.

- 2008 წელთან მიმართებით პარალელის გავლება 2022 წელს შეუძლებელია, იმ დროს სულ სხვაგვარად წარიმართა პროცესები, ვითარება სხვაგვარი იყო. დღეს, ზოგადად, ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ომი დამთავრდება თუ არა უკრაინაში, საომარი მოქმედებები შეწყდება თუ არა, დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის მაინც გაგრძელდება. მაშინ, როცა 2008-ში გვეუბნებოდნენ, რომ პროვოკაციაა და არ შეხვიდეთ ცხინვალშიო, მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არ დაიჯერა, რაც ცუდად დამთავრდა. მსოფლიო მაშინ ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ მიაღწია რუსეთთან შეთანხმებას, თუმცა საბოლოოდ ეს შეთანხმება არ შესრულდა. იმ პერიოდში საქართველოს მეტ მხარდაჭერას ვერც აღმოუჩენდნენ.