მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულიად საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამ ადამიანს მუშაობა რთულ პირობებში მოუწევს. მისი უპირველესი მოვალეობა ქვეყნის „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ჭაობიდან საბოლოოდ გათავისუფლება და ახალი გზით წაყვანა იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ქართველმა პოლიტიკოსებმა ე.წ. „დახურული კლუბის“ მაგვარი საზოგადოება შექმნეს და მასში უცხო პიროვნებას არ აჭაჭანებენ. ამ მიზეზის გამო ერთი და იგივე პოლიტიკოსი, ოღონდაც სანუკვარ პარლამენტში მოხვდეს, პარტიებს არაერთხელ იცვლის და მუდმივი მსოფლმხედველობითაც არ გამოირჩევა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. ამ პირობებში მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამომრჩევლებს უკვე მობეზრებული ჰყავთ, მეორე ნაწილი კი უბრალოდ ეჯავრებათ.
ცოტა ხნის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა. კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკაში ახალი ადამიანია და სახელი გაფუჭებული არ აქვს. გაიხსენეთ, თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მოღვაწე პოლიტიკოსები და დარწმუნებული ვარ, კომპრომატს ნებისმიერ მათგანს მოუძებნით. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია. არ ვიცი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რას მოიმოქმედებს და ქვეყანას როგორ გაუძღვება, მაგრამ მარგველაშვილი ახალ კარიერას სუფთა ფურცლით იწყებს.
მარგველაშვილის კანდიდატურის დასახელებამ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კრიტიკოსები გამოუცდელობას აბრალებენ, მომხრეები კი მის პატიოსნებასა და საკუთარი პრინციპების ბოლომდე დაცვას აღნიშნავენ. არის მოსაზრება, რომ ივანიშვილს მორჩილი პრეზიდენტი ესაჭიროება, მაგრამ ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. მარგველაშვილი ის პიროვნება არ გახლავთ რომელიც სხვის დაკრულზე იცეკვებს.
სიმართლე გითხრათ და გიორგი მარგველაშვილი ადამიანურად მეცოდება. პოლიტიკა დიდი სიბინძურით გამოირჩევა და შეუძლია როგორც პიროვნების სწრაფი აღზევება, ასევე მისი ძირს დაცემაც. როგორ გაუძლებს ყოველივე ამას მარგველაშვილი? საქართველო იმითაც გამოირჩევა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არჩეულმა პრეზიდენტებმა თანამემამულეებისთვის თავის შეჯავრება ისტორიისთვის მცირე დროში მოახერხეს. როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის მომავალი და გაიზიარებს თუ არა წინამორბედების ბედს? ამ კითხვაზე პასუხს რამდენიმე წლის შემდეგ მივიღებთ. მარგველაშვილი მომავალ არჩევნებში ალბათ გაიმარჯვებს. მის სასარგებლოდ ორი ფაქტორი მოქმედებს. ის „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენს. გარდა ამისა ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეა და უკვე მობეზრებული და სხვა „ცნობადი“ საპრეზიდენტო კანდიდატები მას მეტოქეობას ვერ გაუწევენ.
გიორგი მარგველაშვილის შესახებ საკუთარი აზრი არაერთმა ცნობილმა ქართველმა გამოთქვა. დღეს ამ თემის გაგრძელება მსურს და „მარგველას“ შესახებ ხალხის მოსაზრებებს გაგაცნობთ. ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ფორუმებს ვესტუმრე და იქ მოყვანილი გამონათქვამები თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე.
“კარგია ყოფილი ნაციონალი ან ყოფილი მთავრობის წევრი რომ არ დაასახელეს კანდიდატად.”
“მარგველაშვილი იმ დღიდან მომწონს პირველად რომ იყო თავხელიძესთან დებატებში.”
“მინდა გამოვხატო ჩემი სიმპათიები ამ კაცის მიმართ...”
“კარგი პიროვნებაა, ყველას სჯობია, თან მთასვლელია.”
“მარგველაშვილი დიდი ხანია ჩემი ფავორიტია...”
“პლატონის გარდა ფილოსოფოსი პრეზიდენტი არავის ნდომებია, თუმცა მარგველაშვილის მიმათ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ მგონია რომ ძალიან სუსტი კანდიდატია. მასეთი კანდიდატი იდეალური იქნება ერთი 10 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში არ იქნებოდა პრეზიდენტის პოსტი ასეთი მნიშვნელოვანი. 20 წელია პრეზიდენტები მონარქებად ზიან და ხალხში ეგ განცდაა და მარგველა მაგას ვერ აკმაყოფილებს სამწუხაროდ.”
“მე მხარს ვუჭერ მარგველაშვილს, განათლებული და გაწონასწორებული ადამიანია...”
“სამწუხაროდ მარგველაშვილი ვერაფერს იძახის. ერთი რაც გავიგე, შეწუხებულია ნაადრევად დამასახელესო და მზად არ ვარო. შეკითხვაზე -ბურჯანაძის პარტიაში რა გინდოდაო, მარგველაშვილმა - სააკაშვილს ვასუსტებდიო.”
“წვერს მარტო დღესასწაულებზე იპარსავს?”
“მე მაგრად მომწონს და სხვისი არ ვიცი. მაგარი კრეატიული ადამიანი ჩანს ოღონდ კრეატივში არ ვგულისხმობ კვერცხებიან შლოპანცებს და მე-10 სართულზე ეშმაკის ბორბალს. კარგი პრეზიდენტიც იქნება, უეჭველი იმის გათვალისწინებით რომ ამას სულ სხვა ფუნქცია და დატვირთვა ექნება როგორც ქვეყნის პირველ პირს ახალი კონსტიტუციით!!!”
“კარგი პიროვნებაა, ნასწავლიც, მაგრამ მეჩვენება რომ დატატანების ნიჭი არ აქვს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ერთი ხორკლიანი ცოცხი მაინც უნდა ჰქონდეს მიყუდებული მამაპაპური ნაციონალებისთვის...”
“კარგი კადრია.”
“დიდ პატივს ვცემ.”
“მაგარია მარგველა! მივესალმები.”
“ძლივს ვიღაცა არ მომეწონა წულუკიანთან, შავიშვილთან და ალასანიასთან ერთად.”
“იან ამოს კომენსკი არ გვინდა პრეზიდენტად.”.
“თავისი საქმის პროფესიონალი, განათლებული, საკმაოდ წარმატებულიც, ახალგაზრდობის თვალში დაფასებული, დადებითი რეპუტაციის მქონეა, იცის რა ხდება უნივერსიტეტში, განათლების სისტემის ნაკლებს ხედავს კარგად, აზროვნებს "დასავლურად", და პლიუს ამას აქვს ახალი ხელისუფლებისთვის მისაღები პოლიტ-ფილოსოფია.”
“რაც კარგები ვართ ყოფილი ოპოზიციონერები ვართ.”
“არა ბიჭოს და მიშიკოს ვერ აჯობებს. იმდენი ჭკუა მაინც ეყოფა რომ ჭკვიანი მრჩევლები და მოადგილეები დაისვას და საქართველოში მდგომარეობა გამოასწოროს.”
“მარგველაშვილი,როგორც დემაგოგი და პოლიტოლოგი კარგია,მაგრამ რად უნდა ამას პრეზიდენტის თანამდებობა? ნუთუ ამ დარგში რა გამოცდილება აქვს ან რა მენეჯერული თვისებები აქვს? არ ვიცი, აშკარაა ბიძინას კადრებში სერიოზული პროლემები და დეფიციტი აქვს.”
“ხედავთ რა ცუდი ზეგავლენა მოახდინა ხალხზე, თავხელიძესთან რომ ჯდებოდა დებატებში? მარგველაშვილი ხალხს, ოცნების თავხელიძე ჰგონია.”
“მარგველაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სააკაშვილს უნდა აჯობოს წესით, მაგრამ მეეჭვება ამ მთავრობას დიდი ხანი შემორჩეს.”
“ძალიან მომწონს ეს კანდიდატი, იმედია გახდება პრეზიდენტი.”
“წინასწარ თავს შევიკავებ შეფასებისგან,ფილოსოფოსი რამდენად გაართმევს პრეზიდენტობას თავს ეს მომავლის საკითხია. ჯობია საქმე გვაჩვენოს და მერე ტაშს და შეძახილსაც არ დავიშურებთ.”
“მარგველაშვილის დიდი პლიუსი „ჯიპა“-ში მუშაობაა. „ჯიპელებისგან“ ბევრი კარგი მსმენია, ოღონდ არა იმ ამბავში რომ "სადაც დიპლომი ამიღია, იქაური რექტორი მაგარია". მართლა მოსწონდათ და ნორმალურ სასწავლებლად ჩამოაყალიბა. როგორი პრეზიდენტი იქნება არ ვიცი, მაგრამ ცუდი კანდიდატურა ნამდვილად არ არის. ასე რომ წარმატებები და წარმატებები“.
“ყველას მოსწონს მარგველაშვილი. ყველას სიმპატია აქვს. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად კარგი "იმიჯი" აქვს,როგორც ახლა იტყვიან.”
“მე საერთოდ არ ვიცი ვინაა მარგველაშვილი, დღეს გავიგე პირველად მის შესახებ. ამიტომ ბუნებრივია მაინტერესებს თუ რაშია მაგარი.”
“დიდი რამე, განათლება მარგველაშვილს აქვს, აკადემიური და სამეცნიერო ხარისხებიც, მაგრამ მე არ დავუჭერდი მხარს მის გაპრეზიდენტებას. ძალიან არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ვმსჯელობ მხოლოდ მისი სატელევიზიო გამოსვლებით და არაფერი ვიცი მის სამეცნიერო თუ მენეჯერულ უნარებზე. ვაღიარებ, იმედი ვიქონიოთ, რომ კარგად გაუძღვება ამ საქმეს, წარმატებას ვუსურვებ!”