„აზოვის“ დამცველებს თუ გაუჭირდათ, შეიძლება მარიუპოლის მიწისქვეშა ლაბირინთებში ჩავიდნენ და მოსალოდნელია, რუსებმა იქ შეუშვან მომწამვლელი აირი“

„აზოვის“ დამცველებს თუ გაუჭირდათ, შეიძლება მარიუპოლის მიწისქვეშა ლაბირინთებში ჩავიდნენ და მოსალოდნელია, რუსებმა იქ შეუშვან მომწამვლელი აირი“

„რაც დრო გადის, რუსეთს პრობლემები უნდა მოემატოს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სანქციები ნელ-ნელა იღებენ სიჩქარეს და უფრო თვალსაჩინო გახდება რამდენიმე თვის შემდეგ. რაც შეეხება სამხედრო კუთხით, რუსეთის სამხედროების მოტივაცია ისედაც არ იყო დიდი“, - ამბობს ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი For.ge-სთან ინტერვიუში.

რას ფიქრობთ, იმის ფონზე, რომ აღდგენილია ლენდ-ლიზის პროგრამა და უკრაინა დასავლეთიდან დამატებით შეიარაღებას იღებს, არსებობს შანსი იმისა, რომ რუსეთმა ეს ომი მართლაც წააგოს?

- კონფლიქტის დაწყების 50 დღის შეფასებით, საბრძოლო მოქმედების ინიციატივას, შეტევას, ძირითადად, მაინც რუსეთის სოკუპაციო ძალები ფლობენ. მართლია, ამ ეტაპზე აღარ არის საფრთხე კიევზე, სუმზე, ჩერნიგოვზე შტურმის მიტანის, თუმცა, სამაგიეროდ, ძალების კონცენტრირება ხდება უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთ ნაწილებში.

უზარამაზარი ფრონტის ხაზია და ჯერჯერობით იმის თქმა, რომ რუსეთს ძალა გამოელია, ან ომს აგებს, არ შეგვიძლია, ეს არ იქნება სწორი, პირიქით - სახიფათოა ასეთი ხაზის გატარება. რუსეთს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს ძალა, მაღალ ტემპებში ახორციელოს ეს შეტევები. რუსეთის ინტერესია, რომ მარიუპოლი, რაც შეიძლება მალე მთლიანად დაიკავოს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს მარიუპოლის აღებით.

რაც დრო გადის, რუსეთს პრობლემები უნდა მოემატოს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სანქციები ნელ-ნელა იღებენ სიჩქარეს და უფრო თვალსაჩინო გახდება რამდენიმე თვის შემდეგ. რაც შეეხება სამხედრო კუთხით, რუსეთის სამხედროების მოტივაცია ისედაც არ იყო დიდი, განსკუთრებით ეს ეხება სავალდებულო სამსახურში მყოფებს და კონტრაქტით მომსახურეთა დიდ ნაწილს. მას შემდეგ, რაც მათ კიევის მისდგომებიდან დაიხიეს, საკმაოდ დიდი მსხვერპლია მათ შემადგენლობაში, რაც იმალება კიდეც. თუმცა, არც ის 20 ათასამდე ჯარისკაცია, რასაც უკრაინული მხარე აცხადებს. არ მგონია, რომ ამდენი იყოს, სადღაც შუაშია, 12 ათასი შეიძლება იყოს რუსეთის არმიის დანაკარგი, მინუს 3 ათასამდე დონბასელი სეპარატისტები.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ტაქტიკას გარკვეულწილად ცვლის, კონცენტრაციას ახდენს მარიუპოლზე, დონბასზე და ა.შ. თქვენი აზრით, შეცვლილი ტაქტიკის ფონზე, რამდენად შეიძლება რუსეთმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს და რომელიმე დიდი ქალაქი აიღოს?

- რუსეთის ტაქტიკა მოდის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, რაოდენობით მოუგოს და ნებისმიერ ფასად მოიგოს. ძირითადად, თავდასხმის ობიექტი ხდება ქალაქების საცხოვრებელი უბნები. ახლა რუსეთი ეცდება გააძლიეროს ის ადგილები, რასაც აკონტროლებს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ რუსეთი აიღებს მარიუპოლსაც. ეცდება, რომ ხერსონში შექმნას ე.წ. რეფერენდუმი, ეს არ გამოუვა, მაგრამ პროცესი დიდხანს გაგრძელდება, თუ დასავლეთმა დახმარება გააგრძელა, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. დასავლეთი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ უკრაინა გაუძლებდა რუსეთის ფართომასშტაბიან თავდასხმას, გააქტიურდა და უკრაინას უფრო სერიოზულ დახმარებებს უწევს. ეს არის თანამედროვე ლენდ-ლიზი. პირველმა ლენდ-ლიზმა მეორე მსოფლიო ომის დროს უდიდესი როლი ითამაშა ჰიტლერის ნაცისტური ხელისუფლების დამარცხებაში. მაშინ ლენდ-ლიზი რომ არ დახმარებოდა სტალინის ხელისუფლებას, ჰიტლერი დიდ სამხედრო უპირატესობას მოიპოვებდა.

ახლა თანამედროვე ლენდ-ლიზის დროს ყველა ამოქმედდა, აწვდიან შეიარაღებას უკრაინას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ თანდაცვით საშუალებაზე, არამედ შეტევითი დანიშნულების შეიარაღების გადაცემაზე. მოსალოდნელია, რომ ამერიკამ უკრაინას მალე გადასცეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექტები, რითაც უკრაინას შეეძლება ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენოს უკვე თვით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედო აეროდრომებს, საიდანაც ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რამდენიმე დღის წინ საუბარი იყო, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. თუკი რუსეთი მიხვდა, რომ ომს აგებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც კი წავიდეს?

- ასე ხელაღებით საუბარი არ ღირს, ვფიქრობ, არ იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი, ტრადიციული გაგებით, რასაც ჰქვია ქიმიური იარაღი.

აქ არის ახალი საფრთხე: მარიუპოლში ქარხნის ტერიტორიაზე გაკეთდა ძალიან ბევრი მიწისქვეშა, სპეციალური და კარგად დაცული საამქროების მსგავსი. თუ ძალიან გაუჭირდათ „აზოვის“ დამცველებს, საუბარი არის 2000-მდე ადამიანზე, შეიძლება ჩავიდნენ მიწისქვეშა ლაბირინთებში, სადაც რუსები ვერ გაბედავენ ჩასვლას, რადგან მსხვერპლი დიდი ექნებათ. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ რუსებმა მიწისქვეშა ლაბირინთებში შეუშვან მომწამვლელი აირი და იქედან ამოაძევონ უკრაინელი მებრძოლები, ამის საშიშროება უფრო მეტია.