საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვარდების მოედანზე გამოფენილი ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 ქალაქში გამოიფინა - თბილისში, თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მესტიაში, ამბროლაურში, საჩხერესა და სენაკში. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტექნიკისა და შეიარაღების ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაცნობოდნენ და სამხედრო მოსამსახურის სრული აღჭურვილობა საკუთარ თავზე მოერგოთ.
ქალაქებში გამოფენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო მანქანები, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საავიაციო საშუალებები, საქართველოში წარმოებული შეიარაღება: "დიდგორი 1", "დიდგორი 2", "დიდგორი 3", "ჩინგორი", "ჰამერი", "ვულფი", "კობრა", "ბტრ 80", "ეჯდერი", "ემრაპი", "ლაზიკა", "ქსმ-1/2", ტანკი "ტ-72", "ბმ 21", "გრად-ლარი", "დ-30", "დანა", "გიოცინტი", "მსტა-ბ", "რმ-70", გრადი (ქართული წარმოების) 60, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები, ავტომატი G5, სნაიპერის შაშხანა, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება და უპილოტო საფრენი აპარატი.
ირაკლი ალასანია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც გაეცნო. მინისტრი რიგით მოქალაქეებსაც გაესაუბრა და ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო.
"დღეს არაჩვეულებრივი დღეა ყველა ქართველისთვის - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაბადების დღე. მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად იმ ბიჭებს მივულოცო ეს დღე, ვინც ფიცი დადო და ვისი საქმეც საქართველოს დაცვაა. საჭიროა მოქალაქეებსა და არმიას შორის აბსოლუტურად აღარ იყოს ზღვარი. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ მისია პოლიციაც, ჯარიც და მთავრობაც. ამიტომაც გადაწყდა, რომ დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმი ყოფილიყო. მე მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას ქართულმა ავიაციამაც მიულოცა. თბილისის თავზე "L-39" და "SU-25" ტიპის თვითმფრინავებმა და "მი-8" და "მი-24" ტიპის შვეულმფრენებმა გადაიფრინეს. "SU-25"-მა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერების კვამლი გამოუშვა. ხოლო "მი-8" ტიპის შვეულმფრენმა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ბარათები გადმოყარა.