თბილისი, საქართველო – თუკი ზოგიერთი ამერიკელის მიერ საჯარო სკოლების მდგომარეობის გამო გამოხატული შეშფოთების ხარისხს გავითვალისწინებთ, შესაძლოა ვინმეს საქართველოს რესპუბლიკის მაგალითის გაზიარება და ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ყოფილი შეფისთვის ქვეყნის სკოლების ხელმძღვანელობის ჩაბარება მოუნდეს
განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, იმ მიზნით რომ მოსწავლეთა ქცევა გაუმჯობესდეს, მან საკლასო ოთახებში ფარული კამერების დაყენება ბრძანა, რათა მოსწავლეებზე და მასწავლებლებზეც თვალი ეჭიროს.
მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ თანამდებობაზე დაინიშნა, მან შეზღუდა სკოლის მმართველებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ავტონომია და საკუთარი სამინისტროს უფლებამოსილებები გაზარდა.
შაშკინი კრიტიკულად იყო განწყობილი ძველი სისტემისადმი და ამტკიცებდა, რომ ის ”ზედმეტად ლიბერალური” იყო. თვის დასაწყისში გამართულ კონფერენციაზე, წელს მიღწეული წარმატებების განხილვისას, მან განაცხადა: ”ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ სკოლა ჯუნგლებივითაა. საბედნიეროდ ჩვენ ამ ჯუნგლებიდან თავის დაღწევა მოვახერხეთ”.
გამკაცრებული წესები იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა რომლებიც სკოლას გააცდენენ, სათამაშო მოედნები უნდა დაასუფთაონ, ხოლო რეციდივისტები ქვეყნის დასავლეთში, სპეციალურ დახურულ სკოლაში გაიგზავნებიან.
სექტემბრიდან პატრიოტიზმი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდება, ხოლო იანვრიდან ზოგიერთ სკოლაში ცეკვის გაკვეთილები აუცილებელ საგნად იქცევა. ორივე საგანი ახალგაზრდებს შორის ქართული იდენტობის უფრო მძაფრი განცდის ჩამოყალიბების მცდელობას წარმოადგენს.
იმაში დასარწმუნებლად რომ წესები სრულდება, თბილისში და სხვაგანაც ყველგან, სკოლებს ფარული კამერები და დამკვირვებლების გუნდი უთვალთვალებს.
მთავრობას როგორც სჩანს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციების მიმართ იმ ძველი ანდაზის გამოყენება აქვს განზრახული, რომლის თანახმადაც ”როზგებს დაზოგავ, ბავშვს გააფუჭებ” – სკოლის 8 დირექტორი იმის გამო, რომ საკმაოდ აგრესიულად ვერ მოახდინეს რეაგირება და მოსწავლეთა პროტესტი ვერ ჩაახშეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უთანხმოებაში პრეზიდენტი სააკაშვილიც კი ჩაერთო, როდესაც პროტესტანტ სტუდენტებს ”ოროსნების რევოლუცია” უწოდა. არადა 2003 წელს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტონომიური სკოლების დეცენტრალიზებული სისტემა სწორედ სააკაშვილმა შექმნა.
პოლიტიკის ცვლილება ალბათ 2007 წლის ნოემბრის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. მაშინ პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რათა მისი მმართველობისთვის შექმნილი პრობლემები მოეგვარებინა.
არჩევნების წინ სააკაშვილი მასწავლებლებს ეფერებოდა, მათ სავალდებულო ტესტების გაუქმებას, დირექტორების დანიშვნის სისტემის შეცვლას, უკეთეს ხელფასს, შვებულებებსა და სოციალურ დახმარებებს ჰპირდებოდა. სრულიად გამართლებული ზომებია, თუმცა მათგან ყველა არ შესრულებულა.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელობამ, როგორც სჩანს გადაწყვიტა, რომ როზგი უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე ტკბილი კვერი.
foreignpress.ge