„უკრაინაში ზელენსკისთან ერთად ახლბედა ხელისუფლება მოვიდა და ასეთი საშინელი გამოცდის წინაშე დადგნენ, ამიტომ ბევრი რამ მათი გამოუცდელობით მოხდა“

„უკრაინაში ზელენსკისთან ერთად ახლბედა ხელისუფლება მოვიდა და ასეთი საშინელი გამოცდის წინაშე დადგნენ, ამიტომ ბევრი რამ მათი გამოუცდელობით მოხდა“

უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუს for.ge-თან ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აფასებს. მისი თქმით, რადას თავმჯდომარის ინტერვიუს დროს გამოჩნდა, რომ უკრაინული მხარე ქართული მხარის მიმართ უფრო ფრთხილი და პასუხისმგებლიანი იქნება. ამას ანალიტიკოსი ხსნის იმით, რომ ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს პრეტენზიები გააცნო და ეს პრეტენზიები ომში მყოფმა ქვეყანამ გაიზიარა.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართ გაუგებრობა მოგვარებულია. რას ფიქრობთ, უკრაინამ უკან რატომ დაიხია და რატომ შეცვალა რიტორიკა?

- ინტერვიუს დროს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რადას თავმჯდომარე აშკარად შეცვლილი იყო. ის ჭირვეული და უკმაყოფილო ტონი, რომელიც საქართველოს მიმართ უკრაინის სხვადასხვა თანამდებობის პირისგან მოვისმინეთ, სტეფანჩუკს საერთოდ არ ჰქონდა. ის კიარა და ახლა მორატორიუმიაო და ომი რომ დასრულდება, საქართველოსთან საკითხებს მოვაგვარებთო. როდესაც „იმედის“ ეთერში ჩაერთო, სავარაუდოდ, იცოდა ტელევიზიის პოლიტიკური ორიენტაცია და ისაუბრა ის, რაც ისაუბრა, თუმცა მან საერთოდ ბევრი რამ იცოდა.

ფიქრობთ, ოპოზიციურ ტელევიზიებისთვის რომ მიეცა ინტერვიუ სხვა რიტორიკა ექნებოდა?

- ვფირობ, უახლოეს მომავალში სხვა არხებიც შეეცდებიან ანალოგიური ინტერვიუს აღებას. მოგეხსენებათ, ინტერნეტის წყალობით ინტერვიუს აღება რთული არაა. ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, ინტერვიუს ჩაწერას არ დაიზარებენ. ვნახოთ, რა იქნება.

ფიქრობთ, რომ რადას თავმჯდომარის ინტერვიუს აქცენტები ზელენსკისთან იყო შეთანხმებული?

- დიდი ხანია მაქვს განცდა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში ზელენსკიმაც გარკვეული კორექტირება შეიტანა. საქართველოს ბოლო ხანებში არც თუ ისე იშვიათად ახსენებს და ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად ახსენებს. ადრე უფრო პრეტენზიული იყო. მგონი, თავად ზელენსკისთანაც ცვლილებები მოხდა. ანუ უკრაინის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები აისახა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში და ეს ინტერვიუს დროსაც გამოჩნდა. ეს გასაკვირიც არ არის. ჩვენ ბევრი ხელისუფლება გვინახია და ცნობილია, თუ რას ნიშნავს ახალბედა ხელისუფლება. წლები გადის, სანამ ეს ახალგაზრდა ხელისუფლება ისწავლის სახელმწიფოს მართვას. უკრაინაშიც ზელენსკისთან ერთად ახლბედა ხელისუფლება მოვიდა და ასეთი საშინელი გამოცდის წინაშე დადგნენ. ბევრი რამ მათი გამოუცდელობით მოხდა, მით უმეტეს სირთულეების პირობებში მოქმედება გაუჭირდათ და გამოცდილებაც, ეტყობა, აკლიათ. რადას თავმჯდომარე რუსთაველით გველაპარაკა - „თუ მოყვარეს არ ეძებ, მაშინ შენი თავის მტერი ხარო“ და ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რიტორიკის შეცვლისკენ გადადგეს ნაბიჯი. იმ რიტორიკას რომელსაც აქამდე ვისმენდით, შეიძლება გამოუცდელობით იყო, მაგრამ ბოლომდე ამაშიც დარწმუნებული არ ვარ, რადგან საქართველოს მიმართ უტაქტო ნაბიჯები პროშენკოს დროსაც გადაიდგა. ამდენად, დიდი სპექტრია გასაანალიზებელი, ვიდრე ყველაფერს თავისი წერტილი დაესმევა. გუშინდელმა გამოსვლამ კი აჩვენა, რომ ასეთი ანალიზის მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დადებითი განწყობაა.

დღეს უკრაინის ხელისუფლებაში ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ჩანს, ისინი უკრაინის პრეზიდენტზე საკმაოდ დიდი გავლენას ახდენენ. ხომ არ ფიქრობთ, ზელენსკის რიტორიკის შეცვლა იმან გამოიწვია, რომ უკვე „ნაციონალურ მოძრაობის“ ძებნილ წევრებს აღარ უსმენს, თუ აქ დასავლელი პარტნიორების ჩარევის კვალი მოჩანს?

- თქვენ ძალიან სიღრმისეულ ინფორმაციას ითხოვთ, რომლისთვისაც სხვა ფორმის ინფორმირებაა საჭირო. რასაც ვამბობ, ეს ჩემი ვარაუდია და მის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ. კერძოდ, მაინც მგონია, რომ ერთი მხრივ დასავლეთის კარნახით, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი გამოცდილების კარნახით მოქმედებენ, რადგან ყველასთან ჩხუბი არ შეიძლება. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ზელენსკი საკმაოდ მკვახე იყო გაეროსა და ნატოს მიმართაც. მარტო საქართველოს მიმართ არ იყო მკვახე. ბოლო პერიოდში იქაც ტონი შერბილებული აქვს, ამიტომ მგონია, რომ მათ ხასიათში ხდება გარდატეხა. ისინი ახლა პოულობენ იმას, თუ რა არის ამ რთულ სიტუაციაში სწორი ნაბიჯი და რა არა. ამ ძიების პროდუქტია ის სამშვიდობო ინტონაცია ჩვენს მიმართ, რომელიც გაისმა. არ მგონია, ამ ეტაპზე ეს ცვლილებები იქ მყოფ ქართველებზე იყოს დამოკიდებული, არ ვფიქრობ, რომ მათში რაიმე ცვლილება მოხდა.

საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინის ხელისუფლების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრა?

- არ მგონია ან ჩასულმა დელეგაციამ მათთან შეხვედრა მოისურვოს, ან იმათმა მოისურვონ ამ დელეგაციასთან შეხვედრა. მეორე მხრივ, გუშინდელი ინტონაციიდან და ტექსტიდან გამომდინარე, არ მგონია უკრაინულმა მხარემ მოისურვოს ამ კონფლიქტური შეხვედრის მოწყობა. ვფიქრობ, იმ პრეტენზიებმა, რომელიც იყო გადაგზავნილი უკრაინაში, თავისი დადებითი როლი ითამაშა.

ანუ, ფიქრობთ, რომ იმ პრეტენზიების საპასუხოდ, რომელიც საქართველომ უკრაინაში გაგზავნა, უკრაინა რაიმე მტკიცებულებას არ წარადგენს?

- ახლა ამის დრო არ იქნება. რადას თავმჯდომარის ინტერვიუს შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინული მხარე ქართული მხარის მიმართ უფრო ფრთხილი და პასუხისმგებლიანი იქნება. ეს არის იმის შედეგი, რომ ქართულმა მხარემ პრეტენზიები გააცნო უკრაინულ მხარეს და ცხადი იყო, რომ, თუკი ამ პრეტენზიებს უკრაინული მხარე ანგარიშს არ გაუწევდა, სახელისუფლო დონეზე ურთიერთობა დაიძაბებოდა და ამას ააცილა თავი უკრაინამ, რაც სავსებით ლოგიკურია.

პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ შესაძლებელია, რომ საომარ მოქმედებების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გაემგზავროს?

- სასურველია, რომ ჩვენც სერიოზული შთაბეჭდილება დავტოვოთ იმ მხრივ, რომ აქეთ-იქით სირბილით ეს მხარდაჭერა არ გაუფასურდეს. სასურველია, ვუყუროთ პროცესებს და სხვებზე არც მეტი და არც ნაკლები ძალისხმევა არ უნდა გავწიოთ.