მომღერალ ივანა მელაის ინტერპოლით ძებნილ მამას სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

მომღერალ ივანა მელაის ინტერპოლით ძებნილ მამას სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

 

ერთმანეთზე ჯავჭვებით გადაბმული, მსჯავრდებულთა ფორმაში გამოწყობილი 20-მდე უკრაინელი, მეტალის კოვზებით ჯამებს ურტყამდა და სკანდირებდა - „მიშა, მოგვეცი მოქალაქეობა!“ აღსანიშნავია, რომ კიევში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილენი გაერთიანება „ბოგდან ხმელნიცკის“ წევრები არიან. როგორც ისინი აცხადებენ, თავიანთი პერფორმანსით სურდათ, ყურადღება მიეპყროთ სამშენებლო აფიორის გამო, რომელშიც უკრაინელი ბიზნესმენი სვიატოსლავ მელაი მონაწილეობდა.

პიკეტის მონაწილეების თქმით, სვიატოსლავ მელაი 300 ათასი დოლარის მითვისებაშია მხილებული, რაც ზაკარპატიეს ოლქში სამშენებლო პროექტის განხორციელებისას მიისაკუთრა. ამასთან, დაზარალებულთა შორის ფიგურირებს სახალხო დეპუტატი იან ტაბაჩნიკი.   

მანიფესტანტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სვიატოსლავ მელაიზე ძებნა იყო გამოცხადებული, იგი სასჯელს გადაურჩა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. საქართველოს პრეზიდენტის ეს დიდსულოვნება კი ბიზნესმენის ქალიშვილთან მისი ახლო ურთიერთობით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ კიევში საქართველოს საელჩოს გაძლიერებული დაცვა აქციის მონაწილეებს აკვირდებოდა, თუმცა მომხდარში არ ერეოდა.

უკრაინაში საქართველოს ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ იგი სულ ახლახანს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც იკვლევდა უკრაინის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ფაქტს სრულიად გაუგებარი მოტივით. მისთვის გაურკვეველია, ცნობილი უკრაინელი მომღერლის მამამ როგორ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, როცა იგი ინტერპოლით იძებნება თაღლითობისა და განსაკუთრებულად დიდი თანხის მითვისებისთვის. ამდენად, უკრაინელების სურვილია, საქართველოს საელჩომ განმარტოს, რატომ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა უკრაინელმა დამნაშავემ და რა გააკეთა მან განსაკუთრებული საქართველოსთვის. 

„უკრაინელი და ქართველი ჟურნალისტები სვიატოსლავ მელაის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში, ხოლო სააკაშვილს კორუფციასა და უკრაინელი დამნაშავის მფარველობაში ვადანაშაულებთ. გამოძიებით მტკიცდება, რომ სწორედ სააკაშვილის 118-ე ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი დაცვის საშუალებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა არა მარტო უკრაინელ მომღერალს და თანხებს ფლანგავდა მის სასტუმროში დაბინავებასა თუ ძვირფასეულობის შესაძენად, არამედ საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მთელი მსოფლიოს ცნობილი მოდელებისა და მომღერლების მიღება. ამიტომ საქართველოს საელჩომ ამის შესახებ ოფიციალურად უნდა განმარტოს“, - მოითხოვდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი დიპლომატებისგან.

ადგილობრივების თქმით, უკრაინელი ჟურნალისტები კორუფციას ებრძვიან საკუთარ სამშობლოში, თუმცა საქართველოში ნანახმა ისინი არათუ გააოცა, არამედ შოკში ჩააგდო. მართალია, სააკაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტამდე სულ რაღაც ნახევარი წელი დარჩა, მაგრამ მათი თქმით, თავად საქართველოს მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და ისიც ახსოვთ, იულია ტიმოშენკოს პრემიერად ყოფნისას უკრაინაში როგორ ჩადიოდნენ სპეცნაზელები საქართველოდან. ამიტომ ქართველები ეჭვობენ, რომ სააკაშვილი კიდევ უფრო ზღვარგადასულად იმოქმედებს, ვიდრე აქამდე მოქმედებდა.