„ნაციოანლურ მოძრაობაში“ დიდი არეულობა და დაპირისპირებაა. პარტია კრიზისის პირასაა და არავინ იცის, მოვლენები უახლოვეს მომავალში როგორ განვითარდება. ამაზე მეტყველებს სოციალურ ქსელებში თუ მედია ეთერებში ღიად გახსნილი დაპირისპირება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის აშკარაა. ბოლო დროს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოების თვალთახედვიდან საერთოდ გაქრა.
მისი გამოჩენა იმდენად ფრაგმენტული და არაფრის მომცემია, რომ გაჩნდა ეჭვები მისი ჩანაცვლების შესახებ. იყო დრო, როცა მელია ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდების შემდეგ, ამ ინტერესის მოსაპოვებლად აქტიურად ლევან ხაბეიშვილი იბრძვის. ის ოპოზიციურ მედიებში აქტიურად ჩნდება და ყველა იმ მესიჯს ახმოვანებს, რომელიც პარტიის ახალი ბოსისგან აქვს დავალებული. როგორც for.ge-ს პარტიიდან წყარო უყვება, მელია ოფისში თითქმის აღარ დადის და პარტიის მართვაზე ხელი აქვს ჩაქნეული. ენმ-ში სერიოზული შიდა დინებებია და სააკაშვილის მომხრეების აქტიური განეიტრალება ხდება. ბრძოლა კი 2024 წლის არჩევნებისთვის და სიაში მოხვედრაზე მიდის. პარტიას ცალკე უკრაინიდან ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე მართავენ, რომლებიც ქვეყანაში უკრაინის ომის გამოყენებით, გადატრიალების და რევოლუციის გეგმებს სახავენ.
„პარტიაში სერიოზული ძალთა გადაჯგუფება მიდის. ერთმანეთს უთვლიან სააკაშვილის გათავისუფლება ვინ რამდენჯერ და რა კონტექსტში ახსენა. ხოლო მელია კვიპროსზე დავით კეზერაშვილთან სალაპარაკოდ გაემგზავრა. როგორც ჩანს, მელიას ეჭვი გაუჩნდა, რომ კეზერაშვილი მის ჩანაცვლებას ხაბეიშვილით შეეცდება და რაღაცების დალაგებას ცდილობს. პარტიას სააკაშვილის ციხეში ყოფნის შემდეგ სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი აქვს. ამიტომ მელია იძულებულია, თავის გადარჩენის მიზნით კეზერაშვილს ელაქუცოს. სააკაშვილი და მისი მომხრეები პარტიაში ახლა სიტუაციას საერთოდ ვეღარ მართავენ. ამიტომ არავინ იცის, რა და როგორ იქნება. სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თემაც იმიტომ წამოწიეს, რომ ნახეს, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საკუთარ ელექტორატშიც კი ხალხს ვეღარ აგროვებენ. ამიტომ უახლოეს პერიოდში დიდი დაპირისპირებაა მოსალოდნელი“, - უყვება წყარო გამოცემას.
ამის პარალელურად, ჟურნალისტ ელისო კილაძემ, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერად ითვლება, ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირების ფრონტი გახსნა. ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ „ქოლცენტრების“ ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნა და ამ თემის აქტუალურობა აწუხებს ხელისუფლების წარმომადგელებს და კიდევ ელისო კილაძეს, რათა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში შემოიტანოს დაბნეულობა და გაუგებრობა. ამ ამბავს სკანდალებით ცნობილმა ჟურნალისტმა არ წაუყრუა:
ელისო კილაძე: „გგონია, შენ გაგცემ პასუხს? პასუხს მიიღებს დავით კეზერაშვილი, შენი დამკვეთი, რომელსაც გასული წლის დეკემბერში შეხვდი კვიპროსზე და 15 000 დოლარს გიხდის ყოველთვე. ახალი სავაჭრო დახლი გახსნა „ქოცებთან“. 2016 წელს კეზერამ დაშალა ენმ, ახლა მეორე სერიის მოწმე ვართ.
ლევან ხაბეიშვილი: უბინძურეს ტყუილს ამბობ. ვისაც აბოლებ, იმ ხალხს მოუყევით. ანუ, მე კეზერა თუ მაფინანსებს და „ქოლცენტრები“ კეზერას აქვს, მაშინ რა გამოდის? ანუ ფულს მიხდის იმაში, რომ მისი „ქოლცენტრები“ ვამხილო? ხვდებით, რამხელა ტყუილებს ყვებით?
კილაძე: ქოლცენტრები არის კეზერასიც, გარიგებული ქოცებთან. ევროპოლი დააჯდა კუდზე, დაიწყო გამოძიება და გაიტანა სომხეთში. მერე დაგაფინანსა იმიტომ, რომ აბაროტი აეღო და უჩასთან ევაჭრა, მაგრამ არ გაუვიდა. უზენაესმა მიუსაჯა და თავდაცვამ ჯარიმა მოსთხოვა. სულ ესაა შენი დაფინანსების ანატომია… და რას გიხდის ასეთს, მეორე დღეა მხარი ამოიგდე კეზერას დაცვით. მიშას თავისუფლების კომიტეტზე რაო, ვერაო?
ხაბეიშვილი: ანუ „ქოლცენტრები“ არისო კეზერასიო, საქართველოშიო - აქამდე და ახლა გაუტანია სომხეთში. მოკლედ, ვერ აწყობთ ამ ჯაჭვს, რაც არის ცხადი. ანუ ახლა ამბობ, რომ კეზერას საქართველოში ოფისი არა აქვს? და აბა, აქვსო, რომ ამბობდით?.. კეზერას დაცვით კი არა, ტალახით დამსდევ რამდენი ხანია და ისვრი ამ ნაგავს და ბოდიში, რომ გამხელ ტყუილში. 15 000 დოლარი თვეშიო და რომ არ მაჩვენო, ელისო… მოდი, სადაც გინდა, ან ორივეს ქონებები ვნახოთ, გინდა?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ის პროცესია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს გამწვავდა, როცა ძებნილი სააკაშვილი საქართველოში ტრაილერით შემოიპარა. აბაშიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ პარტიაში მენეჯმენტის მიმართულებით ცვლილებები მოხდა. რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია ხელოვნურად შექმნილ თანმადებობაზე დანიშნეს. აბაშიძე ამბობს, რომ ეს ხელოვნური ძვრები, რომელიც პარტიაში მიდის, ჩანს, როგორც სოცილურ ქსელებში, ასევე მედიაში და შიდა წყაროებიდან ინფორმაციის სახით გამოდის. ამიტომ ის ელის, რომ გაზაფხულზე სიტუაცია კიდევ უფორ გამწვავდება და ლიდერობისთვის პარტიაში ნამდვილი ომი დაიწყება.
„ამ პარტიაში არანაირი ერთობა, არც ქუჩაში და არც დახურულ ჭერქვეშ აღარ ჩანს. ფაქტობრივად, პარტიის ზოგიერთი ლიდერი ერთმანეთთან აღარც კი კონტაქტობს და ეს აშკარად შესამჩნევია პარლამენტშიც. ის, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა მიმართულებებია, ფაქტია. ყველა დაჯგუფებას თავისი ინტერესები აქვს. აქ ვგულისხმობ კობა ნაყოფიას, ნიკა მელიას, როგორც ირკვევა ამბიციები გაუჩნდა ხაბეიშვილსაც. ველოდებით, რომ, ადრე თუ გვიან, ეს პარტია ჩამოიშლება. END-ის კვლევით, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გამოქვეყნდა, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ენმ-ის რეიტინგი 10%-ზე ჩამოვარდა. თუმცა ამას პარტიაში არ ითვალისწინებენ და ზოგიერთი სააკაშვილის მიმდევარი ისევ მის კაპრიზებსაა აყოლილი. თუმცა აქაც ამ თემაზე სერიოზული დაპირისპირებაა. სააკაშვილი პარტიას თითქმის აღარ მართავს და პარტია შიდა დინებაზეა მიშვებული“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ენმ-ის რიტორიკა ომთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსახლეობაში სრულიად უარყოფით განწყობებს იწვევს. საზოგადოება მიხვდა რეალურად ეს პარტია რასაც წარმოადგენს, ამიტომ მათი ნდობა სრულიად დაკარგეს. დაპირისპირება მათსავე ელექტორატში გაჩნდა.
„პარტიაში ძალთა გადალაგება მიმდინარეობს. თუ ამ გადალაგების მერეც წინა პლანზე ისევ ურეიტინგო ხალხი გამოიყვანეს, როგორიც ხაბეიშვილი, მაჭუტაძე და სანიკიძე არიან, ისევ პოლიტიკურ კრახს განიციდიან. ოპოზიციაში ადამიანური რესურსების შიმშილი ნამდვილად არის. ისინი საზოგადოებას ახალ, პროგრესულად მოაზროვნე ახალ სახეებს ვერ სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ძველი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავად პარტიის წევრებიც აღარ უჯერებენ, ტრაგი-კომიკურ ფიგურებად იქცნენ.
სააკაშვილის გვერდით ჩაჩოჩება მიდის, რადგან მას ციხიდან არავინ გამოუშვებს. ამიტომაც დაიწყეს ვითომ მის ჯანმრთელობაზე აპელირება. თუმცა ვხედავთ, რომ მის გამოშვებასაც არავინ აღარ ითხოვს. საგარეო ასპარეზზეც ის აღარავის აინტერესებს. კანონის უზენაესობა ყველგან უნდა აღსრულდეს. ამიტომ ამ კაცისთვის არავის აღარ სცალია და არც სურვილი აქვთ. გადაჯგუფება გადაწყვიტეს და როგორი და რა სახის იქნება, ამას გაზაფხულზე ვნახავთ, რადგან ამ დროს პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ამინდი დგება. არ არის გამორიცხული ძალიან მალე ერთმანეთს დაეტაკონ და კიდევ ბევრი რაღაცაც წამოაძახონ, ისეთმა ამბებმა გამოჟონოს, რაც საზოგადოებამ არ იცის. ეს მხოლოდ უახლოესი დღეების ამბავია“, - ამბობს გია აბაშიძე.